პრემიერი:

პრემიერი: "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები 19 აპრილის აქციაზე მისვლისთვის მოქალაქეებს ფულს ურიგებენ

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინფორმაციით, "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები 19 აპრილის აქციაზე მისვლის სანაცვლოდ მოქალაქეებს "ფულს ურიგებენ". 

როგორც ბიძინა ივანიშვილმა ცენტრალური ტელევიზიებისა და გაზეთების მთავარ რედაქტორებთან შეხვედრისას განაცხადა, სამართალდამცავებს მიღებული აქვთ მითითება, ამ პროცესს ხელი არ შეუშალონ.

"საზოგადოების რაღაც ნაწილს მერაბიშვილის ვალი აქვს, მეორე ნაწილს ახლა ურიგებენ ფულს რეგიონებში და ხელს არ ვუშლით. სამართალდამცავებს დავავალეთ, არც მოსმენები და არაფერი იკადრონ. მერაბიშვილისთვის მამას და ბაბუას არაფერი დაუტოვებია. ამჯერადაც ჩვენს, ხალხის ფულს იყენებს", - განაცხადა ივანიშვილმა.

პრემიერის აზრით, ევროპულ ფასეულობებთან დაკავშირებით პრობლემები სწორედ იმ ადამიანებს აქვთ, რომლებიც 19 აპრილის აქციას დაესწრებიან.

"იქნებ ეს აქცია კარგიც იყოს, რომ მერაბიშვილმა როგორმე გაიგოს, რა არის ევროპული ფასეულობები. როგორ წარმოგიდგენიათ ევროპულ ფასეულობებზე მითითება მერაბიშვილისგან, რომლის ხელებითაც მოხდა 26 მაისი, 7 ნოემბერი, სამამულო ომის ინვალიდებიც დარბიეს, ხალხს შეკრების საშუალებას არ აძლევდნენ. რა თქმა უნდა, ეს ანეგდოტურია და ყველასთვის გასაგებია, რისი სურვილიც აქვთ", - აღნიშნა პრემიერმა.

ბიძინა ივანიშვილის განმარტებით, იღებს ინფორმაციას, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" 19 აპრილის ჩატარებაზე უარის თქმა სურს, თუმცა არ იცის, როგორ მოახერხოს.

"იციან, რა ეფექტსაც მიიღებენ. რა საჭიროა დემონსტრაცია. თუ რამე არ მოსწონთ, მათ ლიდერ პრეზიდენტს უფლება აქვს, დაითხოვოს მთავრობა და მიაყოლოს პარლამენტიც, რატომ გამოდიან ქუჩაში? ხვალვე დაგვითხოვოს სააკაშვილმა, დანიშნოს არჩევნები და ჰკითხოს ხალხს. დემონსტრაცია კეთდება მაშინ, როდესაც მთავრობას ხმას ვერ აწვდნენ. მათ სათქმელი არაფერი აქვთ, ღია კარს ამტვრევენ", - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.