"ქართული ოცნება" საპრეზიდენტო კანდიდატს მაისის ბოლომდე დაასახელებს, - ამის შესახებ ტელევიზიებისა და გაზეთების მთავარ რედაქტორებთან შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა.
ამასთან, პრემიერის განმარტებით, პირადად მას საკუთარი კანდიდატი უკვე შერჩეული ჰყავს.
"ყველაზე გვიან მაისის თვეში მოვახერხებთ, ჩვენი კანდიდატის შესახებ ვამცნოთ საზოგადოებას. მე პირადად მაქვს ჩემი არჩევანი, მაგრამ ეს გუნდთან უნდა შევათანხმო და მან დაამტკიცოს. გვყავს ჩვენ ღირსებული კანდიდატები, რომლებსაც საზოგადოება მიიღებს", - აღნიშნა ივანიშვილმა.
მისივე განმარტებით, ჯერჯერობით კოალიციას აღნიშნული საკითხი საბჭოს დონეზეც კი არ განუხილავს, რადგან სხვა უფრო მნიშვნელოვანი საკითხების წამოწევით იყო დაკავებული.
"საკითხი უკან გადაწეული გვქონდა აბსოლუტურად შეგნებულად, არ გვინდოდა მასზე აქცენტის გაკეთება, რადგან საკონსტიტუციო ცვლილებები უფრო მნიშვნელვანი იყო და ეს თემა კარგად ავწიეთ. იდეები ძირითადად ჩემი იყო და იმ დონეზე ავწიეთ, რომ უმცირესობას აღარ ჰქონდა სხვა საშუალება. ჩვენ ავწიეთ და კიდევ ასაწევია სასამართლოების შესახებ კანონპროექტის თემაც. უმცირესობას განგაში აქვს ატეხილი, რომ ჩვენ ვანგრევთ სისტემას, მაგრამ, ბოდიში ამ სიტყვისთვის და ჩვენ არ ვართ ისეთი დებილები და საზოგადოება არაა ისეთი სულელი, რომ არ ვიცოდეთ, სასამართლო ვის გავლენას განიცდიდა. საოცარი ხალხია, იციან ეს რეფორმა მაინც გატარდება, მაგრამ ბოლო დღემდე, ბოლო წუთამდე ომობენ იმისთვის, რაც საზოგადოებისთვის კარგად გასაგებია", - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.