პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, "ერთ სამინისტროში იმაზე მეტი კითხვები არსებობს, ვიდრე საჭიროა".
ამის შესახებ ივანიშვილმა ცენტრალური ტელევიზიებისა და გაზეთების რედაქტორებთან შეხვედრაზე განაცხადა.
"მიმაჩნია, რომ საკმაოდ ეფექტური მთავრობა გვყავს, კარგი მინისტრები გვყავს. იქ არის კითხვები ერთ-ორ მინისტრზე და სამ მინისტრზე, მე არ ვიჩქარებ, საზოგადოებაშიც ეს ნელ-ნელა, ალბათ, გამოვა, მაგრამ არაფერი კატასტროფა არ ხდება. ზოგადად, ძალიან კარგი მთავრობა გვყავს, არავის ცვლილებას არ ვაპირებ. სუსტ ადგილებში მე პირადად ძალიან ბევრ დროს ვხარჯავ და ვეხმარები და მე მგონი, ყველა მინისტრი თავის ადგილზეა. არის კითხვები, მაგრამ მე არ ვიჩქარებდი, იქნებ მოვახერხოთ და შიგნითვე დავარეგულიროთ და გარეთ არ გამოვიტანოთ. საერთოდ, მე მიმაჩნია, რომ ჩვენი რეალობიდან ძალიან კარგი მთავრობა გვაქვს და არავითარი სამთავრობო ცვლილებები არ იგეგმება. რა თქმა უნდა, კითხვები არსებობს, მე გამაცნია ეს კითხვები, ვეხმარები, არის ცდომილებები სადღაც, იმაზე მეტი კითხვებიც არსებობს ერთ სამინისტროში, რაც საჭიროა, ამასაც ვიკვლევთ და ყველაფერს გახსნილად მოგაწოდებთ", - განაცხადა ივანიშვილმა.