ბიძინა ივანიშვილი მიესალმება, თუ მიხეილ სააკაშვილი მთავრობის დათხოვნის უფლებას გამოიყენებს

ბიძინა ივანიშვილი მიესალმება, თუ მიხეილ სააკაშვილი მთავრობის დათხოვნის უფლებას გამოიყენებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი მიესალმება, თუ მიხეილ სააკაშვილი მთავრობის დათხოვნის უფლებას გამოიყენებს. როგორც ბიძინა ივანიშვილმა დღეს, ცენტრალური ტელევიზიებისა და გაზეთების მთავარ რედაქტორებთან შეხვედრისას განაცხადა , "ჭარბი უფლებამოსილების" შეზღუდვის მიუხედავად, კონსტიტუციით მიხეილ სააკაშვილს ამის უფლება შეუნარჩუნდა. 

"ზედმეტ სპეკულაციას და კრიტიკას თავი დაანებონ. თუ უმცირესობის ლიდერ პრეზიდენტს არ მოსწონს ახალი ხელისუფლება, მას აქვს უფლება, დაითხოვოს მთავრობა და თუ ახალ მთავრობას პარლამენტი არ დაუმტკიცებს, პარლამენტიც დაითხოვოს. მათ ახლა კარგი დრო დაუდგათ. მივესალმებით, თუ პრეზიდენტი ამ უფლებას გამოიყენებს. ვკითხოთ საზოგადოებას და ჩვენი ხელისუფლების მიმართ კრიტიკას საზოგადოება უპასუხებს. პრეზიდენტს მითვისებული უფლებები ჩამოერთვა და პოლიტიკური სტაბილურობა დადგა ქვეყანაში. ქვეყანას პოლიტიკური კრიზისის შიში აღარ აქვს", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, საკონსტიტუციო ცვლილებით ხალხს მთავრობის კონტროლის ლეგიტიმური უფლება დაუბრუნდა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია სასამართლო რეფორმაც, რომელზეც პარლამენტი ამჟამად მუშაობს. პრემიერი დარწმუნებულია, რომ უახლოეს მომავალში სასამართლო რეალურად დამოუკიდებელი გახდება.

"ოპოზიცია სიცრუით ცდილობს, საზოგადოება დაარწმუნოს, რომ სასამართლო სისტემას დავშლით, ქვეყანას დავაქცევთ. სინამდვილეში, ეს რეფორმა თავსებადობაშია ვენეციის კომისიის რეკომენდაციებთან და ევროსტრუქტურებთან", - აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.