კავკასიის გეოპოლიტიკის საკითხისათვის (რეალიები - ნაწილი 2 VIDEO)

კავკასიის გეოპოლიტიკის საკითხისათვის (რეალიები - ნაწილი 2 VIDEO)

საბჭოთა ეპოქის დასრულებას აზერბაიჯანის, საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკების წარმოქმნის გარდა, სამხრეთ კავკასიაში რუსეთთან ერთად, ტრადიციული მოთამაშეების: ირანისა და თურქეთის დაბრუნება მოყვა. გარდა ამისა აქ ვხედავთ აშშ-ს, რაც რეგიონის გეოპოლიტიკური მნიშვნელობითაა განპირობებული.

რუსეთი

კავკასია რუსეთის ფედერაციის სამხრეთ ზონას აყალიბებს, სადაც გადის რუსეთის ევროპული და აღმოსავლეთ ნაწილების დამაკავშირებელი მაგისტრალები. ჩრდილო კავკასიის მთიანეთში მტკიცე გავლენის გარეშე რუსეთის მოწყვლადობა სერიოზულად იზრდება.

ეთნიკური და კონფესიური თვითიდენტიფიკაციის, პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური პრობლემების რთულმა გადახლართვამ ჩრდილო კავკასიაში ნოყიერი ნიადაგი შეუქმნა ისლამურ ფუნდამენტალიზმსა და ტერორიზმს. ჩეჩნეთის ომების შემდეგ რეგიონი არასტაბილურობის სერიოზულ კერად ჩამოყალიბდა.

საზღვრებთან არასტაბილურობას მოსკოვი ტრადიციულად საზღვრების გადაწევით პასუხობდა – ასეთია რუსული იმპერიული ექსპანსიონიზმის ლოგიკა. ამდენად, სამხრეთ კავკასიაში საკუთარი გავლენის ზრდას მოსკოვი განიხილავს, როგორც ჩრდილო კავკასიის სტაბილობის აუცილებელ გარანტიას.

რუსეთი განსაკუთრებით დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ყოფილ საბჭოთა სივრცეში ენერგომატარებლების მოპოვება-ტრანსპორტირებასა და ვაჭრობაზე მონოპოლიის დამყარებას. ეს რუსეთის ეკონომიკური უსაფრთხოების ერთ-ერთ ძირითად კომპონენტად განიხილება, რადგან ნავთობი და გაზი რუსეთის შემოსავლის უმთავრესი წყაროებია. რუსეთის მიერ ევროპის ბაზრზე გაზის მონოპოლიის ხელში ჩაგდება ახალ განზომილებას სძენს ამ ინტერესს.

სამხრეთ კავკასია წარმოადგენს  ენერგორესურსებით მდიდარ კასპიის აუზთან და ცენტრალურ აზიასთან დასავლეთის დამაკავშირებელ ხიდს. რეგიონის სატრანსპორტო-ენერგეტიკული დერეფნის ჩამოყალიბების პერსპექტივა მოსკოვის სერიოზულ შეშფოთებას იწვევს: ეს არა მხოლოდ შეამცირებს მის გავლენას ცენტრალურ აზიაში, არამედ მნიშვნელობნად დააზარალებს რუსეთის ინტერესებს ევროპაში.

მეორე მხრივ, ტრანსპორტირების საკითხების გარშემო თანამშრომლობის აუცილებლობა განუხრელად გამოიწვევს აზერბაიჯან-საქართველო-თურქეთის თანამშრომლობის გაღრმავებას და ჩრდილოკავკასიელთავთვის ერთგვარი ინტეგრაციული მიმზიდველობის მქონე ღერძის ჩამოყალიბებას. ცხადია, მოსკოვი ამ გარემოებასაც სერიოზულ საფრთხედ აღიქვამს.

სამხრეთ კავკასიაში ეკონომიკური გავლენის მოპოვება რუსეთს გაუიოლებს თურქეთისა და ირანის ბაზრებზე გასვლას.

თურქეთი

რუსეთის გარდა სამხრეთ კავკასიაში შორს მიმავალი ინტერესების მქონე სახელმწიფოა თურქეთი. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ თურქეთის საგარეო პოლიტიკის, რომელიც მანამდე ძირითადად დასავლეთზე იყო ორიენტირებული, კიდევ ერთი მიმართულება გახდა დსთ-ის ახალ, უპირატესად თურქულენოვან სახელმწიფოებთან თანამშრომლობა. ამ მხრივ გამოირჩევა აზერბაიჯანი, რომელიც თურქეთის ტრადიციული მოკავშირეა.

მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის დაურეგულირებლობის გამო თურქეთს არ აქვს დიპლომატური ურთიერთობები სომხეთთან, რომელიც თავის მხრივ, 1915 წლის სომეხთა გენოციდის აღიარების პრეტენზიას უყენებს ანკარას.

უკანასკნელ ათწლეულში ნახშირწყალბადების მოხმარება-ვაჭრობასთან დაკავშირებული საკითხების მნიშვნელობის ზრდამ, ახალი აქტუალობა შემატეს  თურქეთის საგარეო პოლიტიკის აღმოსავლურ მიმართულებას.

თურქეთის მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები ცხადჰყოფენ, რომ იგი გეგმავს უახლოეს პერსპექტივაში აქციოს თურქეთი ევროპისა და აზიის სრულფასოვან სატრანზიტო-ენერგეტიკულ კვანძად. თურქეთის ენერგეტიკული პოლიტიკა მიმართულია პარალელური ენერგოსატრანსპორტო პროექტების პარალელური რეალიზაციის საშუალებით მაქსიმალური მოგების მიღებაზე, თუნდაც ამ პროექტების უკან კონკურენტი ძალები იდგნენ (“ცისფერი ნაკადი”, ირან-ევროპა, ნაბუქო და სხვ).

თურქეთის დღევანდელი რეალური სატრანზიტო პოტენციალი უკვე შეთამბეჭდავია. თუმცა, თურქეთის, როგორც მთავარი ტრანსკონტინენტური ენერგეტიკული ჰაბის, მომავალი მნიშვნელოვანწილად იქნება დამოკიდებული NABUჩO-ს პროექტის რეალიზებაზე, რომელიც ახლო აღმოსავლეთისა და კასპიის გაზს თურქეთის ტერიტორიის გავლით მიაწვდის ევროპის ბაზარს.

ირანი

ირანი რუსეთის ტრადიციული მეტოქეა კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში. დღესაც მისი ეკონომკური და სავაჭრო ინტერესები რეგიონში წინააღმდეგობაში მოდის რუსეთისასთან. მიუხედავად ამისა, მოსკოვსა და თეირანს საკმაოდ მჭიდრო თანამშრომლობაც აკავშირებს. უპირველეს ყოვლისა ეს ეხება ირანის ბირთვულ პროგრამას და იარაღის შესყიდვებს რუსეთში. გარდა ამისა, ირანი გაზით ამარაგებს სომხეთში მდებარე რაზდანის თბოელექტროსადგურს, რომელიც რუსულ რაო-ეეეს ეკუთვნის.

ირანი ინარჩუნებს ძალიან კარგ ურთიერთობებს სომხეთთან, რაშიც არცთუ უკანასკნელ როლს თამაშობს მიზანი დააბალანსოს აზერბაიჯანი, რომელშიც თეირანი პოტენციურ გამოწვევას ხედავს ირანის ჩრდილო ტერიტორიების ეთნიკურად აზერბაიჯანული მოსახლეობის გამო.

აშშ

აშშ რეგიონში ახალი მოთამაშეა, მისი შემოსვლა უახლესი ისტორიის მოვლენებს უკავშირდება.

გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისიდან აშშ-მ შეიმუშავა ახალი პოლიტიკური მიდგომა კასპიის რეგიონის ქვეყნებისადმი, რომელიც, აგრეთვე დასავლეთის ქვეყნების ენერგეტიკული ბაზრისთვის სატრანზიტო დერეფნის შექმნასთან იყო დაკავშირებული. ამ პოლიტიკის ფარგლებში ვაშინგტონმა ახლო კავშირი დაამყარა აზერბაიჯანთან.

ვარდების რევოლიუციისშემდეგ შეერთებული შტატები განსაკუთრებულ ყურადღებას საქართველოსთან ურთიერთობებს უთმობს. ამის მიზეზი, რა თქმა უნდა არის კულტურული და იდეოლოგიური ნათესაობით განპირობებული განსაკუთრებული ნდობა საქართველოსადმი, როგორც დემოკრატიის გარანტისადმი რეგიონში.

ამერიკის შეერთებულ შტატებსა და რუსეთის ფედერაციას შორის ინტერესების (მაგალითად, ტერორიზმთან ბრძოლა) თანხვედრისა და ე.წ. გადატვირთვის პოლიტიკის მიუხედავად, რუსეთის პოლიტიკური ისტებლიშმენტის უდიდესი ნაწილის მიერ შეერთებული შტატები მტრულ ძალად აღიქმება. მოსკოვის განსაკუთრებულ შეშფოთებას სამხრეთ კავკასიური ენერგეტიკული დერეფნის პერსპექტივები იწვევს.

დასკვნის სახით

სამხრეთ კავკასიასთან დაკავშირებით მიმდინარე გლობალურ პროცესებში, რეგიონის სახელმწიფოებიც მონაწილეობენ. სომხეთი რუსეთის სტრატეგიული მოკავშირეა. მას სერიოზუკი კონფლიქტია აქვს აზერბაიჯანთან მთიანი ყარაბაღის გამო. ენერგორესუსრებით მდიდარი აზერბაიჯანი ცდილობს რუსეთის გავლენა დასავლეთთან დაახლოებით დააბალანსოს.

საქართველო რუსეთიდან მომავალი საფრთხეების გამო სულ უფრო მეტ სწრაფვას ამჟღავნებს დასავლეთისკენ და ცდილობს კიდევ უფრო გააღრმაოს პარტნიორული ურთიერთობები აშშ-სთან. რის გამოც დიდ გეოპოლიტიკურ თამაშში ის ცენტრალური ადილს იკავებს. ამდენად, აქ სტაბილურობის შენარჩუნებას და ხელისუფლების დემოკრატიულ ცვლას გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება უახლოეს მომავალში.

განმარტება:

„ჩვენი ინსტიტუტი მუშაობს მრავალ თემაზე, ხოლო წინამდებარე მასალა წარმოადგენს მცდელობას, მოვახდინოთ აღნიშნული თემების პოპულარიზაცია, რათა მივაპყროთ საზოგადოების ყურადღება და ხელი შევუწყოთ ფართო მასებში დისკუსის წახალისებას თემებზე, რომლებიც ვფიქრობთ რომ მნიშვნელოვანია და უნდა ხვდებოდეს ჩვენი საზოგადოების ყურადღების ცენტრში. ამდენად, „ევრაზიის თანამშრომლობის ფონდისმხარდაჭერით მომზადებული ეს ანალიტიკური ვიდეო სიუჟეტები არ წარმოადგენენ ინსტიტუტის საბოლოო პროდუქტს. აღნიშნულ საკითხებზე მუშაობას ინსტიტუტი კვლავ აგრძელებს.“