კოკა გუნცაძე:  სატვირთო მატარებლის ავარია სავარაუდოდ თბომავლის გაუმართაობამ გამოიწვია

კოკა გუნცაძე: სატვირთო მატარებლის ავარია სავარაუდოდ თბომავლის გაუმართაობამ გამოიწვია

სატვირთო მატარებლის ავარია სავარაუდოდ თბომავლის გაუმართაობამ გამოიწვია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს შემთხვევის ადგილზე მისულმა "საქართველოს რკინიგზის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე კოკა გუნცაძემ განუცხადა. 

მისივე თქმით, აღნიშნულ ფაქტზე მიმდინარეობს მოკვლევა და მოკვლევის შედეგად დადგინდება ავარიის მიზეზი, ავარიის შედეგად დაზარალებული კომპანიისათვის კი ზარალის ანაზღაურება კონტრაქტით გათვალისწინებული პირობებით მოხდება. გუნცაძემ აღნიშნა, რომ მისთვის ამ ეტაპზე ეს პირობები უცნობია.

კოკა გუნცაძის თქმით, შემთხვევა რკინიგზის მაგისტრალზე არ მომხდარა და ჩაღვრილი ნავთობის აეროპორტის დასახლებაში გავრცელების საფრთხე არ არსებობს.

ამ წუთებში აეროპორტის ხიდის ქვეშ სატვირთო მატარებლის ლიანდაგებიდან გადავარდნის ადგილზე კვლავ მუშაობენ "საქართველოს რკინიგზის" წარმომადგენლები, რკინიგზის მუშები, მაშველები. შემთხვევის ადგილზე იმყოფება პოლიცია და შემოსაზღვრულია პერიმეტრი.

"საქართველოს რკინიგზის" მუშები კონკრეტულად ამ ადგილზე მაღალი ძაბვის გამდამცემი ხაზების ჩახსნის, ასევე ლიანდაგის აყრილი ხის შპალებისაგან გათავისუფლების სამუშაოებს ასრულებენ.

აეროპორტის ხიდის ქვეშ სატვირთო მატარებელი რელსებიდან დღეს დილით, დაახლოებით 07:30 საათზე გადავარდა.