თბილისის მერია დედაქალაქში არსებული პარკები 49-წლიანი მართვის უფლებით კერძო ინვესტორებს კი გადასცემს, მაგრამ ეს “ინვესტორები” ნაციონალური მოძრაობის წევრები, საკრებულოს დეპუტატები და მერიის მაღალჩინოსნები არიან. არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ დედაქალაქის პარკები თავის ფუნქციას ვერ შეინარჩუნებს და ე.წ. ინვესტორის კომერციულ ინტერესებს შეეწირება.
ამ ეტაპზე ბიზნეს-პროექტი ხუთ პარკზეა მომზადებული - “წითელ ბაღზე”, “ვეტერანთა პარკზე”, “ვარკეთილის გასართობ ცენტრზე”, “ვაკის პარკზე” და “მუშთაიდის ბაღზე”. აქედან “მუშთაიდისა” და “წითელი ბაღი” უკვე გადაეცა კომპანია “ჯეო-გოლდს” 49 და 35-წლიანი მართვის უფლებით.
“მუშთაიდის ბაღი” ინვესტორს პირდაპირი განკარგვის წესით, კონკურსის გარეშე გადაეცა. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ კომპანია “ჯეო გოლდის” მფლობელი ალექსანდრე ნიკოლაიშვილი ქალაქ თბილისის საკრებულოს წევრია “ნაციონალური მოძრაობიდან”, ეს ფაქტები კეთილსინდისიერი და გამჭვირვალე მმართველობის მაგალითად ვერ ჩაითვლება”, - აცხადებენ “ეკოლოგიური სამართლის ცენტრში”.
“იმის გათვალისწინებით, რომ თბილისის მერიასა და ინვესტორს, კომპანია “ჯეო გოლდს” შორის დადებული ხელშეკრულებები კომერციულ საიდუმლოებად მიიჩნევა და გაცნობა შეუძლებელია, გვაქვს საფუძველი, ვივარაუდოთ, რომ დედაქალაქის პარკები თავის ფუნქციას ვერ შეინარჩუნებენ და შესაძლოა, ინვესტორის კომერციულ ინტერესებს შეეწიროს”, - აცხადებს ცენტრის იურისტი ნიკოლოზ მჟავანაძე.
იგი თვლის, რომ თბილისის საკრებულომ ცვლილება უნდა შეიტანოს საკუთარ გადაწყვეტილებაში და სარეკრეაციო ზონის ტერიტორიაზე არ დაუშვას ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის, სასტუმროსა და სხვა ისეთი ობიექტის მშენებლობა, რომელიც პარკს სახესა და ფუნქციას დააკარგვინებს.
თბილისის საკრეუბლოში ადასტურებენ, რომ ნაციონალი დეპუტატი დედაქალაქის პარკებს დაეპატრონა. “მუშთაიდისა და წითელი ბაღები 49-და 35-წლიანი მართვის უფლებით უკვე გადაეცა კომპანია “ჯეო-გოლდს”, რომელიც მაქსიმუმ 5 წლის განმავლობაში მუშთაიდის პარკში ერთი მილიონი ლარის ინვესტიციას განახორციელებს.
რაც შეეხება წითელ ბაღს, იქ ინვესტორი სპორტულ-გამაჯანსაღებელ ცენტრს, თანამედროვე სტანდარტების საჩოგბურთო კორტსა და მინი-ფეხბურთის სტადიონს მოაწყობს. აღნიშნული პროექტის მიზანია, დედაქალაქის საინვესტიციო პოტენციალის ზრდას, ახალი ინვესტიციების მოზიდვასა და ზოგადად ქალაქში პარკების განვითარებას შეუწყოს ხელი”, - განაცხადა ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვენელმა თამარ დვალმა.
მისივე თქმით, ინვესტორები შემოსავალს პარკებში გახსნილი ატრაქციონებითა და მსუბუქი კონსტრუქციის მქონე კაფეების საშუალებით მიიღებენ.
“იმ მიზნით, რომ ინვესტორებმა პროექტში ჩადებული თანხის ამოღება შეძლონ, ჩვენ პარკის მართვის უფლება 49-წლიანი ვადით განვუსაზღვრეთ. ამ პერიოდის გასვლის შემდეგ პარკები კვლავ დედაქალაქის მერიის საკუთრებაში დაბრუნდება”, - განაცხადა დვალმა და დასძინა, რომ ბიზნეს-პროექი ამჟამად 5 პარკზეა მომზადებული, თუმცა შესაძლოა, მომავალში მათი რიცხვი გაიზარდოს.
არასამთავრობო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალეობა - საქართველო” ქონების მართვის სააგენტოდან თბილისის მერიასა და კომპანია “ჯეო გოლდს” შორის გაფორმებული ხელშეკრულების ასლი მოითხოვა, თუმცა პასუხად უარი მიიღო.
“ქონების მართვის სააგენტოში განგვიცხადეს, რომ ხელშეკრულება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 27(2)-ე მუხლის შესაბამისად, კომერციულ საიდუმლოებას წარმოადგენს. ჩვენი აზრით, მეტად საკამათოა, რამდენად ესადაგება ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმა თბილისი მერიასა და “ჯეო გოლდს” შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას. ნებისმიერ შემთხვევაში, ქონების მართვის სააგენტოს ხელშეკრულების იმ ნაწილების განსაჯაროება შეეძლო, რომელიც კომერციულ საიდუმლოებად მიჩნეულ ინფორმაციას არ შეიცავს. მეტიც, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, სახელმწიფო უწყება ინფორმაციას კომერციულ საიდუმლოებად შესაბამისი დაინტერესებული მხარის მოთხოვნის საფუძველზე აცხადებს და ვალდებულია, ამგვარი მოთხოვნის შესახებ საჯარო რეესტრში ინფორმაცია შეიტანოს.
ჩვენ ქონების მართვის სააგენტოს თხოვნით მივმართეთ, ხელშეკრულების გასაიდუმლოების მომთხოვნი მხარის ვინაობა და მოთხოვნის თარიღი ეცნობებინა, ასევე დაედასტურებინა, რომ აღნიშნული მოთხოვნა საჯარო რეესტრში იქნა გატარებული, თუმცა ქონების მართვის სააგენტომ არც ეს ინფორმაცია მოგვაწოდა”, - ნათქვამია “საერთაშორისო გამჭვირვალეობა - საქართველოს” მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.
846
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85