გივი ბერიკაშვილი: ბიძინას არც მოვცილდები და ვერც მოვცილდები

გივი ბერიკაშვილი: ბიძინას არც მოვცილდები და ვერც მოვცილდები

მსახიობი გივი ბერიკაშვილი ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის საზოგადოებრივ მოძრაობა „ქართულ ოცნებაში“ აპირებს გაწევრიანებას. როგორც მან presage.tv-სთან საუბარში განაცხადა, ქართული ოცნება იმთავითვე ქართველთა სანუკვარი მიზანი იყო და სიმბოლურად რომ ვთქვათ, „ქართულ ოცნებაში“ პატრიოტი ქართველები ოდითგანვე გაწევრიანებულნიც იყვნენ. თუმცა პირადად იგი ივანიშვილის მიერ შექმნილ მოძრაობაში გაერთიანებას უახლოეს დღეებში გეგმავს და თავმდაბლად აცხადებს, ეს არის ჯერჯერობით ჩვენთვის ოცნება, მაგრამ აუცილებლად გავწევრიანდები, თუკი, როგორც ბებერი კაცი, არ დამიწუნეს...

გივი ბერიკაშვილს მიაჩნია, რომ ამ კრიტიკულ დღეებში სინდისისა და ნამუსის საქმეა ბიზნესმენის გვერდით დადგომა, მიუხედავად იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილი თანადგომას არ ითხოვს.

ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლის დღეებში უამრავმა ადამიანმა გაიარა მისი რეზიდენციისკენ მიმავალი გზა. თუმცა მსახიობებს შორის, გივი ბერიკაშვილი ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც ბიზნესმენთან შეხვედრა ისურვა. მაშინ  ბერიკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პოლიტიკაში ჩარევას არ აპირებდა და თეატრში მუშაობას გააგრძელებდა.

„ბიძინა ივანიშვილთან მადლობის სათქმელად მივედი, ვინაიდან ის ავადმყოფობის დროს გვერდში დამიდგა და დამეხმარა. შევთანხმდით, რომ მე თეატრში მუშაობას გავაგრძელებ. მან კი მითხრა, რომ იმ შემთხვევაში, თუ თეატრს დახმარება დასჭირდება, ის ჩვენს გვერდით დადგება“.

მოგვიანებით კი, როცა ბიძინა ივანიშვილს მოქალაქეობა ჩამოართვეს, გივი ბერიკაშილი ერთ-ერთი იყო, ვინც ცნობილ თეატრალებთან ერთად ბიძინა ივანიშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის აღდგენას ხელმოწერით ითხოვდა. მისი თქმით, ივანიშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო. ამასთან, მსახიობი გაკვირვებას ვერ ფარავს, თუ აქამდე ხელისუფლებისთვის ძალიან კარგი კაცი იყო ივანიშვილი, ახლა უეცრად გახდა რუსეთის აგენტი?!    

მისი თქმით, როცა სოლიდური რაოდენობისა და დიდი ავტორიტეტის მქონე ხალხი ბიზნესმენისთვის მოქალაქეობის აღდგენას ითხოვს, ხელისუფლებამ ეს უნდა გაითვალისწინოს.

„თუ არადა, მაშინ უნდა დავიხუროთ ქუდი და ყველა უნდა წავიდეთ აქედან. მიეცი ხალხს თავისუფალი არჩევანის უფლება! რატომ ეშინიათ, ვერ გავიგე, კაცო, თუ ძლიერები არიან?!“

ბერიკაშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილს იმდენი სიკეთე და ქართული საქმე აქვს გაკეთებული თავისი ქვეყნისა და ხალხისთვის, რომ სირცხვლია, ქართველმა ერმა მას მხარი არ დაუჭიროს. თავად კი არჩევნებში ივანიშვილისთვის ხმის მიცემას აპირებს.

მსახიობისთვის ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლა სასიხარულო აღმოჩნდა. უფრო ადრე, საპროტესტო აქციების უშედეგოდ დასრულებისას, სხვების მსგავსად, ისიც იმედგაცრუებას ვერ ფარავდა. მაშინ იგი აცხადებდა,

„ძალიან დავიღალე უკვე ყველაფრით. აღარ შემიძლია. მართლა დავიღალე. საპროტესტო აქციაზე გამსვლელი არა ვარ. არც არავის მოვუწოდებ, შენ გადი აქციაზე-მეთქი. სამი თვის მანძილზე რა გააკეთა აქციებმა? მოიტანა რაიმე შედეგი? დაიღლებიან და შინ მიდიან, ეს საწყალი ხალხი კიდევ, რაიმე სასიკეთოს მოლოდინში დგას, დგას და ისევ სახლში უწევს წასვლა. სხვების არ ვიცი და მე უკვე ძალიან დავიღალე“.

მსახიობი მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევამ ქართული საზოგადოება გააღიზიანა, ხალხი აღშფოთებულია.

Presage.tv. ესაუბრა გივი ბერიკაშვილს:

ბიძინა ივანიშვილის საზოგადოებრივ მოძრაობა ქართულ ოცნებაში"გაწევრიანება რამ გადაგაწყვეტინათ?

– ამ ოცნებაში ძალიან დიდი ხანია, გაერთიანებული ვარ. ყველაფერი მინდა, რაც კი კარგი რამ გაკეთდება ჩემი ქვეყნისა და ხალხისთვის. რომ გითხრათ, დღევანდელი დღით კმაყოფილი ვარ-მეთქი, ასე არ არის. არ ვარ კმაყოფილი. თუმცა ახლა გამოჩნდა რაღაც ნათელი წერტილი, რომლითაც შეიძლება, ჩვენი ცხოვრება უფრო გავალამაზოთ, უფრო გავამშვენიეროთ, კარგად წარვმართოთ ჩვენი ხალხის ბედი. რა თქმა უნდა, „ქართულ ოცნებაში“ ყველა უნდა გაწევრიანდეს და ეს ყველამ უნდა მოინდომოს.

ამავე აზრის არიან სხვა მსახიობებიც?

– რა ვიცი, ბევრი მსახიობი იზიარებს ამ აზრს. თბილისში ვინც მოღვაწეობს და თბილისს გარეთაც, ძალიან ბევრი ამ აზრზეა, თითქმის 90%.

მაგრამ თქვენს გარდა ხმამაღლა აზრის გამოხატვას ნაკლებად ცდილობენ?

– რაშია იცით საქმე? ამ ახალი მოძრაობის წამოწყებისას ბატონმა ბიძინამ განაცხადა, მე არ მჭირდება ისეთი მხარდაჭერა, რომ ვიღაცის სალაპარაკო გავხდე, მე ვაკეთებ საქმეს პოლიტიკოსებთან. როცა საჭირო იქნება, ალბათ ჩაებმება ის მთელი არმია, ვინც ძალიან დავალებულია ბატონი ბიძინასგან. მას არ სურს, რომ სალაპარაკო გახდეს. გამიგეთ, სწორედ ამაშია საქმე.

გარდა იმისა, რომ ხალხში ოპტიმიზმი გაჩნდა, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში გამოჩენა კონკრეტულად რას შეცვლის საქართველოსთვის?

– შვილო, რა გითხრათ, მან აშკარად თქვა, რომ მე ვერ ავიტან ჩემი ქვეყნის ასეთ მდგომარეობაში ყოფნას და იძულებული ვარ, ჩავერიოო. გადაწყვეტილება მიიღო. თანაც, როგორ მიიღო იცით? ახლობლები და ის ხალხი, ვინც ძალიან დიდ პატივს სცემს მის მოღვაწეობასა და ქველმოქმედებას, ისინიც კი არ ჩაგვრია. გვითხრა, თქვენი საქმე არ არისო. თქვენ თქვენი საქმე გააგრძელეთო. ჩვენ კი ახლა ვჩხუბობთ იმაზე, ამ კაცს მოქალაქეობა რატომ წაართვეს. დანარჩენის უფლება არ გვაქვს.

რომ დაგვიკონკრეტოთ, რა არ მოგწონთ დღევანდელ საქართველოში? პირადად თქვენ რა უსამართლობას აწყდებით?

–  ვერ გეტყვით. უსამართლობისა და სამართლიანობისა მეტი რა არის ამ ქვეყანაზე?! მაგრამ მე მომწონს ძალიან, რომ ასე ერთხმად უჭერენ ბატონ ბიძინას მხარს. ქუჩაში დავდივარ, დაწესებულებაში შევდივარ, სადაც არ უნდა მივიდე, რაიონში იქნება თუ სოფლად, ყველა აღფრთოვანებულია. იქნებ, ისეთი გარდატეხა მოხდეს, ჩვენს გაუბედურებულ ხალხს რამე ეშველოსო. აი, ასეთი პასუხებია.

რამდენი ხანია, რაც იცნობთ ბიძინა ივანიშვილს? როგორც ვიცი, თქვენს ოჯახსაც დაეხმარა.

- ისეთი რამ ჩვენს ოჯახს არ დამართნია, რომ რამე გვეთხოვა. მაგრამ რომ გვეხმარებოდა და ამ ათი წლის მანძილზე მშივრები რომ არ ვიყავით, ეგ დახმარება არაა?

 ჩვეულებრივ ურთიერთობაში როგორია?

- ძალიან კარგი ადამიანია. ჩვენთან დამოკიდებულებაში ახლაც ჩანს, თუ როგორი კაცია. ადამიანი რომ გეტყვის, თქვენი საქმე არ არის პოლიტიკა, თქვენ თქვენს საქმეს მიხედეთო, კიდევ აქეთ გვიფრთხილდება. ყველაფერს თავისი დრო აქვსო. დრო დადგება და თქვენც მოხვალთო. სამწუხაროდ, პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების ნაწილმა თავი მოიჭრა. ამას ლაპარაკობს მთელი საქართველო. ბიძინამ თავისი გადაწყვეტილება მოახსენა ხალხს, რომ კონკრეტულად ამა და ამ საკითხების მოგვარებას აპირებს. ქუჩაში ვერ გავდივარ, ვერსად ვერ შევდივარ, თეატრში ერთი ამბავია, წივილი, კივილი, სუყველა აღშფოთებულია მისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის გამო. სხვის მაგივრად ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ პირადად მე, რა თქმა უნდა, ბიძინას არც მოვცილდები და ვერც მოვცილდები. იმიტომ, რომ მე კაცობა გამაჩნია, სინდისი და ნამუსი მაქვს და ქვეყანა მიყვარს.