ისრაელის საკონსულომ მუშაობა მოულოდნელად და გაუფრთხილებლად შეაჩერა

ისრაელის საკონსულომ მუშაობა მოულოდნელად და გაუფრთხილებლად შეაჩერა

გუშინ ისრაელის საკონსულოში ვიზის პასუხისთვის მისული საქართველოს მოქალაქეები გაწბილებულები დარჩნენ – მათ საკონსულო დაკეტილი დახვდათ. მათ შორის, აღმოვჩნდი მეც, რადგან დეკემბერში მიწვეული ვარ ქართველ ებრაელთა ქორწილში და მის გადაღებას დოკუმენტური ფილმის ფორმატში ვგეგმავდი.

გაოგნებულმა ჩემი აღშფოთება გამოვთქვით იმის გამო, რომ პარასკევს დამატებითი საბუთების მიტანისას არავის უთქვამს, ორშაბათს არ ვიმუშავებთო. უფრო მეტიც –თავად გავაფრთხილე მდივანი, რომ ორშაბათს, ვიზით თუ უვიზოდ, აუცილებლად უნდა გამეტანა პასპორტი და ამიტომ საბუთების დაჩქარებული წესით განხილვა ვითხოვე.

გამონაკლისის სახით სწორედ ასეთი კატეგორიის ადამიანები მიგვიღეს და პასპორტები ბოდიშის მოხდით, უვიზოდ დაგვიბრუნეს, მიზეზად კი სანქციების შემოღება დასახელდა, რაც ჩემი და სხვა იქ მყოფთა აზრით, სავარაუდოდ, საქართველო-ისრაელს შორის ბოლო დროს დაძაბულ ურთიერთობებს უკავშირდებოდა.

საელჩოს პრესს-სამსახურში კი განმიმარტეს, რომ ისრაელში საყოველთაო გაფიცვებია, რის გამოც საქართველოში საკონსულოს მუშაობა გაურკვეველი ვადით შეჩერდა.

სიტუაციაში უკეთ გასარკვევად დიპლომატიურ სფეროში გამოცდილ ჰამლეტ ჭიპაშვილს დავუკავშირდი. მან დაადასტურა, რომ ისრაელში საერთო-სახალხო მღელვარებას ეკონომიკური პრობლემების გამო დიპლომატიური კორპუსიც სეუერთდა. მაგრამ მისთვის ჯერ გაურკვეველია, მხოლოდ საქართველოსთვის გავრცელდა ეს სანქციები, თუ სხვა ქვეყნებისთვისას.

ამ შეკითხვაზე პასუხი არ აღმოაჩნდა არც პოლიტოლოგ კოტე მესხს, რომელსაც მიაჩნია, რომ ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტის შემთხვევაში, რაც არასასურველია, საელჩო განცხადებას თავად აკეთებს.

რაც შეეხება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, მის პრესსამსახურთან დაკავშირება შეუძლებელი აღმოჩნდა.

თავად საკონსულოში ჩემს შეკითხვაზე, ევროპის რომელიმე ქვეყანაში ისრაელის საკონსულოში არის თუ არა შესაძლებლობა ვიზისათვის საბუთების შეტანისა, საკონსულოს მდივანმა მიპასუხა: “ეს იმ შემთხვევაში, თუ ამგვარი სანქციები სხვა ქვეყნებზე არ გავრცელდება”. როგორც ჩანს, საკონსულოშიც ჯერ არ იციან, კიდევ რომელ ქვეყნებში დაიხურება ისრაელის საკონსულოები და როდემდე გაგრძელდება ეს სანქციები.