საქართველოს ამსტერდამსა და როტერდამში საპატიო კონსულები ეყოლება

საქართველოს ამსტერდამსა და როტერდამში საპატიო კონსულები ეყოლება

საქართველოს ამსტერდამსა და როტერდამში საპატიო კონსულები ეყოლება. 

როგორც "ინტერპრესნიუსს" საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, საქართველოს საპატიო კონსულების ინაუგურაციის ცერემონია ნიდერლანდებში მაია ფანჯიკიძის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაიმართა. საქართველოს საპატიო კონსული ამსტერდამში იქნება ჰაის დე იახერი, როტერდამში კი - ნიკოლას დე ბორსტი.

საპატიო კონსულების სიგელები ჰაის დე იახერსა და ნიკოლას დე ბორსტს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ გადასცა. ინაუგურაციისთვის გამართულ სპეციალურ მიღებას ჰააგაში არსებული დიპლომატიური მისიების წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

"მათ დიდი დამსახურება აქვთ ჩვენი ქვეყნის წინაშე. მიუხედავად იმისა, რომ ნიდერლანდები პატარა ქვეყანაა, ამსტერდამი და როტერდამი მნიშვნელოვანი ქალაქებია, სადაც თავმოყრილია კულტურული და ბიზნესელიტა. აქედან გამომდინარე, სწორედ ამ მიმართულებით იმუშავებენ საპატიო კონსულები და ხელს შეუწყობენ ორი ქვეყნის კიდევ უფრო დაახლოებას", - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.

ჰაის დე იახერი უძრავი ქონების სფეროში საქმიანობს. მას საქართველოსთან ბიზნეს კავშირი 2002 წლიდან აქვს. ნიკოლას დე ბორსტი კი საქართველოში საქველმოქმედო პროექტს ახორციელებს. მისი ინიციატივით საქართველოს 4 რეგიონში მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფარი ფუნქციონირებს. 2012 წლიდან ნიკოლას დე ბორსტი ნიდერლანდებისა და საქართველოს სავაჭრო საბჭოს ხელმძღვანელობს.