საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი პარლამენტმა II მოსმენითაც მიიღო

საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი პარლამენტმა II მოსმენითაც მიიღო

საქართველოს კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების პროექტი პარლამენტმა II მოსმენით, 123 ხმით ერთმად დაამტკიცა. 

პროექტის მუხლობრივმა განხილვამ დღევანდელ პლენარულ სხდომაზე დებატების და ვნებათაღელვის გარეშე ჩაიარა.

ცვლილებები კონსტიტუციის სამ მუხლში შედის და ქვეყნის მთავარი კანონით მკაფიოდ განისაზღვრება, რომ პარლამენტის მიერ ახალი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებამდე, მთავრობის მოვალეობის შესრულებას გადაყენებული, თუ გადამდგარი მთავრობა გააგრძელებს. შესაბამისად, წარმოდგენილი ცვლილებებით, პრეზიდენტს ერთმება მინიჭებული კონსტიტუციური უფლება, პარლამენტის წინააღდმდეგობის მიუხედავად, ახალი მთავრობის ფორმირება მოახდინოს. კონსტიტუციის 80-ე მუხლს 5/1 პუნქტი ემატება, რომლის თანახმადაც, მთავრობის გადადგომის ან პრეზიდენტის მიერ მისი გადაყენების შემთხვევაში, პრეზიდენტი მასვე აკისრებს მოვალეობის შესრულებას, მთავრობის ახალი შემადგენლობის შექმნამდე. გადამდგარი თუ გადაყენებული მთავრობა მოვალეობის შესრულებას რიგგარეშე არჩევნების შედეგად ახალარჩეული პარლამენტის მიერ მთავრობის ახალი შემადგენლობისათვის ნდობის გამოცხადებამდე განაგრძობს.

ამასთან, კონსტიტუციაში რჩება ნორმები, რომლითაც პრეზიდენტს ახლადარჩეული პარლამენტის პირველი ექვსი თვის, ხოლო საკუთარი უფლებამოსულების ამოწურვამდე ბოლო ექვის თვის განმავლობაში დათხოვნა ეკრძალება. ხდება პრეზიდენტის უფლებამოსილების ბოლო ექვსი თვის განმავლობაში პარლამენტის დათხოვნის ამკრძალავი ნორმის კორექტირება და კონსტიტუციაში კონკრეტდება, რომ პრეზიდენტს ასეთი გადაწყვეტილების მიღების უფლება არა აქვს, უფლებამოსილების ვადის ამოწურვის კალენდარული წლის მაისის თვიდან ახალარჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებამდე.

როგორც პროექტის დღევანდელი განხილვისას ითქვა, წარმოდგენილ პროექტში შესაძლოა, დაზუსტეს, რომ ახალი ნორმები 2013 წლის შემოდგომამდე - ახალი რედაქციის საკონსტიტუციო ცვლილებების ძალაში შესვლამდე მოქმედებს.

საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს პარლამენტის საბოლოო, მესამე მოსმენით ორშაბათს - რიგგარეშე სხდომაზე დაამტკიცებს.