პარლამენტში პრეზიდენტის მისვლის თარიღი კონსულტაციების შედეგად დაზუსტდება

პარლამენტში პრეზიდენტის მისვლის თარიღი კონსულტაციების შედეგად დაზუსტდება

პარლამენტში პრეზიდენტის მისვლის თარიღი კონსულტაციების შედეგად დაზუსტდება. ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ განუცხადა. 

მისი თქმით, ქვეყნის პრეზიდენტი მზადყოფნას გამოხატავს, რომ პარლამენტში მივიდეს და ანგარიშით წარდგეს.

"პრეზიდენტი პრინციპულად მზადყოფნას გამოხატავს, რომ პარლამენტში მოვიდეს, მაგრამ ეს ახირებებთან და ულტიმატუმებთან არ უნდა იყოს დაკავშირებული. თავის დროზე შეცდომა იყო, რომ პრეზიდენტს პარლამენტის მისვლის საშუალება არ მიეცა", - დასძინა ბაქრაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობა აცხადებდა, რომ საკანონმდებლო ორგანოში პრეზიდენტს ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლის შესაძლებლობა მას შემდეგ მიეცემოდა, რაც საკონსტიტუციო ცვლილებების ბედი გადაწყდებოდა და უმცირესობა საკუთარ პოზიციას დააფიქსირებდა. პრეზიდენტის უფლებამოსილებასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილებები პარლამენტმა გუშინ პირველი მოსმენით მიიღო.

ამასთან, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ირინა იმერლიშვილმა არ გამორიცხა, რომ პრეზიდენტი საკანონმდებლო ორგანოს წინაშე ანგარიშით მარტის ბოლომდე წარდგეს.