ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებამდე ერთ წელზე ცოტა მეტი რჩება. სავარაუდოდ, წინასაარჩევნოდ მთავარი თემა ქვეყნის ეკონომიკის მდგომარეობა იქნება, რომელიც კრიზისის შემდეგ საკმაოდ არასასურველ მდგომარეობაშია. ანალიტიკოსთა უმრავლესობა თვლის, რომ ბარაკ ობამა არჩევნებს აუცილებლად წააგებს, თუ იქამდე ვერ მოახერხებს ამერიკის ძლიერი დოლარით – ეკონომიკის განვითარების ძირითადი ფაქტორით უზრუნველყოფას.
2009 წლის შუაში უკვე ბევრი ექსპერტი აღნიშნავდა, რომ არაერთი ამერიკელი ფინანსისტის ოპტიმიზმი, რომლებიც კრიზისის შემდეგ ქვეყნის ეკონომიკის სწრაფ აყვავებას ელოდნენ, მცდარი იყო. კაცმა რომ თქვას, ისტორიულად, აშშ-სათვის რეცესია როგორც წესი, ერთგვარი წამალი იყო, რომელიც ეკონომიკას არაეფექტური ინვესტიციებისაგან და შრომის ბირჟაზე არსებული არასწორი მიმართულებებისაგან წმინდავდა. ასე რომ, 2008 წლის მძლავრი ვარდნის შემდეგ ეფექტური აღმასვლის მოლოდინი გამართლებული იყო.
მაგრამ, როგორც ანალიტიკოსები აღნიშნავენ, ადრინდელი აღმასვლები ყოველთვის ძლიერი და სტაბილური დოლარის ფონზე მიმდინარეობდა. მაგრამ ამჯერად ეს ფაქტორი არ არსებობდა, ასე რომ, მხოლოდ სუსტი აღმასვლის იმედი თუ ვინმეს ექნებოდა, რადგან ინვესტორები, როგორც წესი, მხოლოდ მყარი და საიმედო აქტივებისაკენ მიილტვიან.
1925 წელს ინდექს Standard & Poor’s-ის შემოღების შემდეგ 14-დან 4-მა ამერიკის პრეზიდენტმა ვერ მოახერხა არჩევნების მეორედ მოგება. მაგრამ ამჯერად საყურადღებოა 1972 წლის შემდგომი პერიოდი, როცა დოლარის კურსი სრულიად თავისუფალი გახდა. ეს მაშინ რიჩარდ ნიქსონმა გააკეთა და ბევრი თვლის, რომ ძალიანაც შეცდა, როცა დოლარის ოქროზე დამოკიდებულება გააუქმა. მართალია, მაშინ ნიქსონი მეორედ აირჩიეს, მაგრამ ეს არ მოხდებოდა, არჩევნები რომ ორი წლით გვიან ჩატარებულიყო, როცა ვალუტის კურსის ვარდნის შედეგები მთელი სიმძაფრით გამოვლინდა და არც უოტერგეიტის სკანდალი არ მოხდებოდა.
პრეზიდენტმა ჯიმი კარტერმა ყურად არ იღო სუსტი დოლარი და მისი გავლენა ელექტორატის ფსიქოლოგიაზე. მან ნიქსონის ეკონომიკური პოლიტიკის კოპირება მოახდინა, დოლარის კურსი კვლავ დაეცა და კარტერი პრეზიდენტის სავარძელს პირველი ვადის შემდეგ დაემშვიდობა.
ხალხმა რონალდ რეიგანი ძლიერი დოლარის ლოზუნგით აირჩია. ოქროს ფასი ჯერ კიდევ წინასაარჩევნო პერიოდში დაეცა და ერთობ წარმატებული პრეზიდენტის მთელი მმართველობის პერიოდში ეგრეც შენარჩუნდა. საერთოდ, რეიგანის პრეზიდენტობის პერიოდში ეკონომიკის აყვავებას სწორედ ძლიერ დოლარს მიაწერდნენ, რომელიც ინვესტორებს და მათ კაპიტალდაბანდებებს იცავდა.
რეიგანის ფისკალური მოდელი მთლიანად შეინარჩუნა ბილ კლინტონმა. ამიტომაც იყო, რომ იგი მონიკა ლევინსკისთან დაკავშირებული ერთობ ბინძური სკანდალის მიუხედავად, მაინც მეორე ვადით აირჩიეს. კლინტონის ბედნიერ, უზრუნველყოფილ ელექტორატს მსგავსი სკანდალები უბრალოდ ნაკლებად აინტერესებდა.
ერთგვარი გამონაკლისი გახლდათ ჯორჯ ბუშ უმცროსის მეორედ არჩევა. მისი პრეზიდენტობის პერიოდის დასაწყისიდანვე დოლარმა ვარდნა დაიწყო და, როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, მეორე ვადით არჩევის იმედი თავად ბუშსაც კი არ ჰქონდა. მაგრამ იგი მაინც აირჩიეს რაც რამდენიმე არაეკონომიკური ფაქტორის დამთხვევის გამო მოხდა.
რაც შეეხება ობამას, მას მწარედ აკრიტიკებენ, რომ იმის ნაცვლად, რომ 2008 წელს, ჯერ კიდევ ბუშის პერიოდში დაწყებული დოლარის დევალვაცია შეეჩერებინა, მას პირიქით, ხელი შეუწყო ტიმოთი გაიტნერის ფინანსთა მინისტრად დანიშვნით და ბუშის ფავორიტის, ბენ ბერნანკეს ფედერალური სარეზერვო სისტემის თავკაცად დატოვებით. ობამას არჩევის შემდეგ ოქროს ფასი გაორმაგდა, რამაც კაპიტალის სხვადასხვა დაცულ აქტივებში გადინებას შეუწყო ხელი. ინვესტიციებმა, შეიძლება ითქვას, გაფიცვა მოაწყვეს და ამომრჩევლის კარგი განწყობისათვის აუცილებელი სამუშაო ადგილები პრაქტიკულად აღარ იქმნება.
ამიტომაც თვლის ანალიტიკოსთა უმრავლესობა, რომ თუ სიტუაცია რადიკალურად არ შეიცვალა, ობამა არჩევნებს წააგებს. ელექტორატმა კარგად იცის, რომ გაუფასურებული ვალუტა სახელმწიფოს დამსახურებაა, რომელიც კრედიტორებს ძარცვავს და ხალხს კუთვნილს არ მიაგებს. და თუ ყველაფერი ეს რესპუბლიკელებს კარგად აქვთ გააზრებული, ობამას მეორე ვადით არჩევა უტოპია გახდება.
800
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85