სააკაშვილი და

სააკაშვილი და "დერჟავნიკი" მიხალკოვი ქორწილში(VIDEO)



"საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსი რეჟისორის, ნიკიტა მიხალკოვის ქალიშვილისა და ქართველი რეჟისორის, რეზო გიგინეიშვილის ქორწილში იმყოფებოდა. ქორწილში რუსეთიდან 60-მდე ადამიანი ჩამოვიდა. მათ შორის იყვნენ რეჟისორი ფიოდორ ბონდარჩუკი, მომღერალი ვლადიმირ პრესნიაკოვი და რა თქმა უნდა, ნიკიტა მიხალკოვი. შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრემიერ-მინისტრ ვლადიმირ პუტინთან დაახლოებული მიხალკოვის რამდენიმე წლის წინანდელი განცხადებით, დიდი შეცდომა იყო, რუსეთმა 2008 წელს თბილისი რომ არ აიღო - უნდა მისულიყო თუ არა საქართველოს პრეზიდენტი მისი შვილის ქორწილში და თუკი თავის პოლიტიკურ ოპონენტებს მუდმივად პრორუსულობას აბრალებს, სააკაშვილის ეს საქციელი როგორ შეიძლება აიხსნას - ამ კითხვებით საზოგადოების წარმომადგენლებს მივმართეთ", - წერს გაზეთი "რეზონანსი" ტრადიციულ რუბრიკაში საზოგადოებრივი გამოკითხვა.

"იმ ქორწილში მეც გახლდით. მიხალკოვმა ამგვარი რამ თქვა თუ არა, არ მახსოვს. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ უნდა აგინო და პასუხი მოსთხოვო. პირიქით, მოხარული ვარ, რომ პრეზიდენტი მივიდა და გადასარევადაც ესაუბრა. ეს საქართველო-რუსეთის მეგობრობისკენ გადადგმული ძალიან დიდი ნაბიჯი იყო. ნიკიტა ხელოვანია და ხელოვნებიდან იწყება ყველანაირი შერიგება. პრეზიდენტმაც აღნიშნა, რომ პოლიტიკურად, შესაძლოა, ჩვენი შერიგება პრობლემატური იყოს. მაგრამ სხვა სფეროებიდან უნდა შევძლოთ დაახლოებაო. ერთ-ერთი ასეთი ნაბიჯი იყო მიხალკოვთან მისვლა. შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ ყველანაირად ცდილობენ ერთმანეთს აპატიონ და მოეფერონ. დღეს სხვანაირი ცხოვრებაა. არიან ადამიანები, რომლებიც რაღაცას იტყვიან და მერე ნანობენ. სხვათა შორის, მეც ასეთი ვარ. მაგრამ არ შეიძლება ადამიანი ამის გამო მოიკვეთო - ის ოცი ათასი პიროვნება, რომელიც საქართველოში შემოიჭრა და უბედურება ჩაიდინა, მთელ რუსეთს არ ნიშნავს. ამ ქორწილის მერე პრეზიდენტს იმის მორალური უფლება აღარ აქვს, რომ თავისი ოპონენტები პრორუსულობაში დაადანაშაულოს, იმიტომ, რომ რუსეთთან დაახლოების ნაბიჯი ქორწილში მისვლით თვითონვე გადადგა", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მომღერალი ნუგზარ კვაშალი.

"სააკაშვილი აბსოლუტურად არათანმიმდევრული პოლიტიკოსია და პოლიტიკაში ასეთი რამ არ შეიძლება. სულ იმის იმედად არის, რომ ქართველი ხალხი ბრიყვია და არ ეხსომებათ, გუშინ რა იყო. მიხალკოვის შვილის ქორწილში მივიდა თუ არა, სრულიად არ არის საინტერესო. სასაცილოა, როდესაც სხვას აძახებ - რუსეთში გაქვს ფესვები, რუსეთთან ხარ შეკრულიო და შენ ასე იქცევი - წესით კაცთან, რომელმაც თქვა, რუსეთს თბილისიც უნდა აეღოო, არ უნდა მიხვიდე. სააკაშვილი პოლიტიკიდან ძალიან შორსაა - ცხოვრობს ერთი დღით. ამან შეიძლება საკუთარ ოჯახში გაამართლოს, იქ, როგორც უნდა ისე მოიქცეს. ქვეყნის ხელმძღვანელისგან კი ასეთი არათანამიმდევრულობა აბსოლუტურად მიღებელია", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ფიზიოლოგი თემურ ნანეიშვილი.

"თუკი მიხალკოვს იმის საპირისპირო განცხადება არ გაუკეთებია, რაც 2008 წლის ომთან დაკავშირებით გააკეთა, პრეზიდენტი ამ ქორწილში არ უნდა მისულიყო. რით შეიძლება აიხსნას ეს, არ ვიცი. მე მის ადგილას არ მივიდოდი", - დასძენს ისტორიკოსი თედო დუნდუა.