მაკა ხარაზიშვილი, “რეზონანსი”
ქართველმა ნავთობიმპორტიორებმა საწვავი 5 თეთრით ისევ გააძვირეს. მიზეზი უცვლელია, საერთაშორისო ბაზრებზე, ნავთობის ფასის რამდენიმე დღიანი გაზრდა. თუმცა, ქართულ ბაზარზე, ბენზინისა და დიზელის გაძვირებისთანავე, საერთაშორისო ბაზარზე”შავმა ოქრომ” სწრაფი გაიაფება დაიწყო.
მენავთობეებმა ბენზინისა და დიზელის გაძვირება იმით ახსნეს,რომ ოქტომბერში საერთაშორისო ბაზრებზე საწვავის ფასი მზარდი ტენდენციით ხასიათდებოდა და საცალო ქსელში ფასების გაგაძვირებაამ პროცესს მოჰყვა.
აღსანიშნავია, რომ სექტემბერსა და ოქტომბრის დასაწყისში”შავ ოქროზე” ფასების მკვეთრი ზრდის გამო, საზოგადოებას იმედი ჰქონდა, რომ საქართველოში საწვავი 10 თეთრით გაიაფდებოდა. მენავთობეები კი მხოლოდ 5 თეთრს შეელივნენ. ამ მკვეთრი ვარდნიდან 6 ოქტომბრის შემდეგ ნავთობმა ისევ ზევით სვლა დაიწყო, ამიტომ მენავთობეებისთვის საწვავის კიდევ 5 თეთრით გაიაფება აღარავის მოუთხოვია, თუმცა გაძვირება ყველასთვის მოულოდნელი იყო.
6 ოქტომბერს ბენზინისა და დიზელის საერთაშორისო პლატცის ფასმა 6 ოქტომბერს 940 დოლარი შეადგინა, მხოლოდ 1 დღით ტონა ბენზინის ფასი 1004 დოლარი იყო, 17 ოქტომბრიდან საწვავის საერთაშორისო ფასმა ისევ შემცირება დაიწყო, თუმცა დაახლოებით 2კვირის განმავლობაში ნავთობის ღირებულება მერყეობდა. 31ოქტომბრის მდგომარეობით, 1 ტონა ბენზინის ფასი 929 დოლარამდე დაეცა, შედარებით მაღალი ღირებულება შენარჩუნდა დიზელზე - 935დოლარი.
როდესაც საკითხი პროდუქტის გაიაფებას ეხება, მენავთობეები აცხადებენ, რომ მათ ბაზარზე იაფიანი პარტიის შემოტანისთვის დაახლოებით 20 დღე სჭირდებათ. ასევე, მათთვის აუცილებელია ბაზარზე დაკვირვება და ტენდენციის შესწავლა; ხოლო, როდესაც საწვავის გაძვირებაზეა საუბარი, იმპორტის შემოტანა და დაკვირვება მომენტალურად ხორციელდება.
“რეზონანსმა” დათვალა, სავარაუდოდ, რამდენია 1 ლიტრი ბენზინისა და დიზელის თვითღირებულება საქართველოში, ამ მაჩვენებლის გამოსაყვანად სპეციალურად არ ვიხელმძღვანელეთ ”პლატცის” ბოლო ფასით (929 დოლარი) და ავიღეთ ოქტომბრის საშუალო მაჩვენებელი (960 დოლარი). ასეთ შემთხვევაშიც კი, 1 ლიტრი ბენზინის თვითღირებულება 1,7 ლარი გამოდის, ანუ გასაყიდ ფასზე 40 თეთრით მეტი.
თუკი ბენზინის საერთაშორისო ფასს 960 დოლარს (ოქტომბრის მონაცემი) ეროვნული ბანკის კურსზე 1,66 ლარზე გავამრავლებთ მივიღებთ, რომ 1 ტონა ბენზინი 1593 ლარი ღირს. ამას ემატება დღგ - 286 ლარი, აქციზი - 250 ლარი, ტრანსპორტირება 80 ლარი და საბოლოო ჯამში, კომპანიებს 1 ტონა ბენზინის შესყიდვისას 2210ლარის ხარჯის გაწევა უწევთ. თუ ამ მაჩვენებელს 1300 ლიტრზე გავყოფთ (1 ტონა ბენზინის მოცულობა), 1 ლიტრი ბენზინის თვითღირებულება 1,7 ლარია.
რაც შეეხება დიზელს. თუ 1 ტონა დიზელის ოქტომბრის საერთაშორისო საშუალო ფასს 940 დოლარს ავიღებთ და იგივე სქემით დავთვლით, მივიღებთ, რომ 1 ტონა დიზელი 2104 ლარი ღირს, ესმაჩვენებელი 1160 ლიტრზე (1 ტონა დიზელის მოცულობა) უნდა გავყოთდა მივიღებთ, რომ 1 ლიტრი დიზელის თვითღირებულება 1,81 ლარია.
საწვავის გაძვირებასთან დაკავშირებით, “რეზონანსი”რამდენიმე ნავთობ იმპორტიორს დაუკავშირდა, თუმცა მათ კომენტარის გაკეთებას თავი აარიდეს. მუდმივად ასე ხდება, როდესაც ისინი არასასურველ კითხვებს ისმენენ.
ნავთობპროდუქტების მწარმოებელთა, იმპორტიორთა დამომხარებელთა კავშირის თავმჯდომარის ვანო მთვრალაშვილის განცხადებით კი, საქართველოს სანავთობო ბაზარზე საწვავის ფასების კორექტირება მსოფლიო ბაზრებზე ნავთობის გაძვირებამ გამოიწვია. მისი თქმით, ოქტომბრერში 1 ბარელი ნავთობის ფასი, ასევე “პლატცის” ფასი მუდმივად იზრდებოდა. ამიტომ, კომპანიები იძულებულები გახდნენ საწვავი 5 თეთრით გაეძვირებინა.
“ვერ დავეთანხმები იმ მოსაზრებას, რომ საერთაშორისო სანავთობო ბაზარზე ფასების ცვლილებისას საქართველოში საწვავი უფრო მოკლე დროში ძვირდება, ვიდრე იაფდება. შეგიძლიათ ნახოთ,რომ ოქტომბრის დასაწყისიდან ლონდონისა და ნიუ იორკის ბირჟებზე ბარელი ნავთობი ძვირდებოდა, ასევე მუდმივად იმატებდა “პლატცის”ფასიც. საქართველოში კი საწვავი 25 დღის შემდეგ, ოქტომბრის ბოლოს გაძვირდა. რამდენიმე დღეა საერთაშორისო ბაზარზე საწვავი ისევ გაიაფდა, თუ ეს ტენდენცია გაგრძელდა ბენზინი და დიზელი საქართველოში ისევ გაიაფდება”, - განაცხადა ვანო მთვრალაშვილმა.
ნავთობკომპანიების წარმომადგეგნლები ამტკიცებენ, რომ ისინი მინიმალური მოგებაზე მუშაობენ, ვინაიდან კომპანიის განვითარებისთვის გაწეულ ინვესტიციებსა და გადასახადებზე მათი შემოსავლების დიდი წილი მიდის. გამოდის, რომ კომპანიის განვითარება და ბიუჯეტთან ანგარიშსწორება ქართველი მძღოლების გადასახდელი ყოფილა.
945
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85