დევიზმა - ყველაფერი უცხოური - მეცხოველეობაშიც შეაღწია, თანაც მეტ-ნაკლებად ყველაზე წარმატებულ დარგში - მეცხვარეობაში. პრემიერ-მინისტრის ნიკა გილაურის განცხადებით, თუკი მოთხოვნა იქნება, მთავრობა მზადაა, ქვეყანაში ცხვრის ახალი ჯიშების შემოყვანაზეც იზრუნოს.
“თუ საჭირო გახდება ცხვრის ახალი ჯიშების შემოყვანა, ამასაც გავაკეთებთ, გააჩნია, როგორი მოთხოვნა იქნება. ამასწინათ ვიყავი ახალ ზელანდიაში, სადაც განსხვავებული ჯიშებია და მათ ცხვარზე მზარდი მოთხოვნაა”, - განაცხადა გილაურმა. პრემიერ-მინისტრის თქმით, ქართული ცხვარის მიმართ ინტერესი არის და ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ საქართველოში ცხვრის წარმოება გაიზარდოს.
გილაურის დილეტანტიზმი, ისევე როგორც ეკონომიკის სხვა სფეროებში, აქაც აშკარაა. თუკი საერთაშორისო ბაზარზე ქართული ცხვრისადმი ინტერესი გაჩნდა, მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ თუშური და იმერული ჯიშის ცხვრები განსაკუთრებული თვისებებით გამოირჩევა. ქართული ცხვარს არა მარტო ხორცი აქვს კარგი, არამედ მათი მატყლი იმდენად ხარისხიანია, რომ უცხოელი სპეციალისტების ინტერესს იწვევს.
გარდა ამისა, მართალია აზიის ქვეყნებში ჩვენი ცხვარი ძალიანაც მოსწონთ, მაგრამ ბოლო პერიოდში ინტერესი აშკარად შენელდა. ამის მიზეზი, ფასების ზრდაა. საქართველოში ცხვრის ექსპორტის ბუმი 2009 წელს დაიწყო და მაშინ ერთი საშუალო ზომის ცხვრის ფასი 90-დან 105 ლარამდე მერყეობდა. როგორც კი ცხვრის მასობრივი ექსპორტი დაიწყო, მაშინვე საქმეში ჩაერივნენ შუამავალი რგოლები და ცოცხალი პირუტყვი ერთბაშად გაძვირდა.
ამიტომაც მეცხვარეების ინფორმაციით, მათთან ცხვრის საყიდლად აზიელი ვაჭრები აღარ მიდიან. ამ ბიზნესში ნაუცბათევად ჩართულმა “ბიზნესმენებმა” ქართულ ცხვარს საოცარი ფასი - 100 დოლარი - დაადეს, მაშინ როდესაც გაცილებით დიდი წონის სირიული, ყატარული და სხვა აზიური ჯიშის ცხვრები ტრანსპორტირებიანად 100 დოლარზე ნაკლები ჯდება.
ამიტომაც ცხვრის მყიდველთა ნაკლებობა შარშან, შარშანწინდელთან შედარებით, უკვე თვალშისაცემი გახდა. შარშან ექსპორტი 40%-ით შემცირდა. იგივე ტენდენციაა წელსაც.
პროდუქციის გაძვირებას ადასტურებს მეცხვარეთა ასოციაციის თავმჯდომარე ბექა გონაშვილი. მისი თქმით, ცხვარზე მოთხოვნა კვლავაც დიდია, თუმცა ქართული ბაზარი ამ მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ჯერჯერობით მზად არ არის. რაც შეეხება ფასს, იგი შარშანდელთან შედარებით 10-15 დოლარით მეტია..
გონაშვილის განცხადებით, ცხვარზე მოთხოვნა უფრო შორეულ ქვეყნებში - ისრაელში, ყატარში, დუბაიში, ქუვეიტში, ომანსა და ბაჰრეინშია, სადაც გავრცელებული დაავადებების გამო ინდოეთმა და პაკისტანმა ექსპორტი აკრძალა და დეფიციტი შეიქმნა. თუმცა ამ ქვეყნებში ცხვრის მიწოდების სირთულეს არა მხოლოდ პროდუქციის არასაკმარისი რაოდენობა, არამედ სატრანსპორტო პრობლემებიც ქმნის: ავიაკოპანიები ცხვრის გადაყვანით დაინტერესებულნი არ არიან. „ცხვრის ექსპორტი სეზონურია და ავიაკომპანიებს არ უღირთ ამ საქმიანობაში ხარჯების გაწევა,“ - აცხადებს გონაშვილი.
ამ ყველაფრიდან გამომდინარე, საქართველოში უცხოური ცხვრის ჩამოყვანის საჭიროება არ არსებობს. ასეთ ნაბიჯს კატეგორიულად ეწინააღმდეგედბიან სპეციალისტებიც.
“ადგილობრივ გაუმჯობესებულ ჯიშს, სხვა ქვეყნის თუნდაც კარგი ჯიში ვერ აჯობებს. მეცხოველეობის ინსტიტუტი კი არ უნდა გავაუქმოთ, არამედ მას ახალი ჯიშების გაუმჯობესების შესაძლებლობა მივცეთ. ხელისუფლების არაკვალიფიციურობა უკვე აისახა სოფლის მეურნეობის განვითარებაზე. დღევანდელი მეცხოველეობა იმ დონეზეა, როგორც იყო ალექსანდრე ყაზბეგის დროს. არა მგონია გილაური ამ საკითხში კვალიფიციური იყოს, ამიტომ უმჯობესია, სანამ რამეს იტყვის, მანამდე სპეციალისტებთან კონსულტაცია გაიაროს. თუმცა, მისგან ეს არც მიკვირს. გილაური ენერგეტიკის მინისტრად ისე დაინიშნა, ენგურჰესი ნანახი არ ჰქონდა და ცხვრის შესახებ ასეთი განცხადებები რომ გააკეთოს რა გასაკვირია?”, - ამბობს ექსპერტი პაატა კოღუაშვილი.
მისი თქმით, ქვეყანას შეუძლია ზამთარში 1,2 მილიონი სული ცხვარი ჰყავდეს, ხოლო ზაფხულში - 2,2 მილიონი სული. ამ შემთხვევაში აქცენტი ნამატზე უნდა გაკეთდეს.
1204
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85