ისტერიკული უმწეობა „მეოთხე ხელისუფლების“ სახელით...

ისტერიკული უმწეობა „მეოთხე ხელისუფლების“ სახელით...

ის, რაც ბიძინა ივანიშვილის პრესკონფერენციაზე ე. წ. სამთავრობო მედიის წარმომადგენელმა ჟურნალისტებმა და მათმა ხელმძღვანელებმა ჩაიდინეს, არის სახე სააკაშვილისა და მისი ხელისუფლებისა, რომლებმაც ჟურნალისტობის მსურველი ახალგაზრდები საშოვარზე გამოსულ და ყველაფრის მკადრებელ ბრბოდ აქციეს. მეორე მხრივ, ეს არის შეურაცხყოფა და აბუჩად აგდება თვითონ ჟურნალისტური პროფესიისა, რომელიც ასე თუ ისე ცივილიზებულ ნებისმიერ ქვეყანაში ითვლება პროგრესისა და სრულფასოვანი ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ცხოვრების სასიცოცხლო მნიშვნელობის ატრიბუტად.

თანამედროვე პირობებში პროფესიულად გამართული, პიროვნული და მოქალაქეობრივი ღირსების შემგნები, ეროვნულ, სახელმწიფოებრივ და ზოგადადამიანურ ღირებულებებზე ორიენტირებული ჟურნალისტიკის გარეშე არც ერთ ქვეყანასა თუ საზოგადოებას არ უწერია ნორმალური არსებობა და, ამ მხრივ, ვერც საქართველო იქნება გამონაკლისი.

„ქართული აკადემია“ ღრმა შეშფოთებას გამოხატავს ე. წ. სამთავრობო მედიაში გამეფებული არანორმალური ვითარების გამო და ეს გარემოება მიაჩნია სააკაშვილის ხელისუფლების აუცილებელი შეცვლის კიდევ ერთ არგუმენტად. ამასთან, მიგვაჩნია, რომ ბ-ნმა ბიძინა ივანიშვილმა შესანიშნავად გაართვა თავი ასეთ თავხედურ გამოწვევას. ამით მან კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ შეუძლია ნაციონალებთან სამართლებრივ პოლიტიკურ ბრძოლაში სრული და ღირსეული გამარჯვების მოპოვება.