ბიძინა ივანიშვილის პრესკონფერენციამ ბევრად მეტი თავსატეხი გაუჩინა ხელისუფლებას. ისინი მიხვდნენ, რომ არც ისე იოლი ყოფილა ემოციური ბიზნესმენის ნერვებზე თამაში, რომელიც ჩვენს უემოციო და სისხლდაშრეტილ პოლიტიკოსებს სულაც არ ჰგავს, დაყენებული სახე და ყველაფერზე მზამზარეული პასუხები რომ აქვთ. ივანიშვილი რომ მარტივად გასატეხი არ იყო, ჯერ კიდევ მისი პირველი წერილიდანაც გამოჩნდა, როცა ბიზნესმენის თქმით, მან ქართული სპეცსამსახურებისგან შეგზავნილი პიროვნება („ქართუ-ჯგუფის“ ყოფილი პრეზიდენტი) თავად გაშიფრა და ისევ უკანვე დაუბრუნა გამომგზავნელებს - „წაიყვანეთ, გამოგადგებათ, კარგი ფინანსისტიაო“.
იმერული დიპლომატია - ბოლო დროს ბიძინა ივანიშვილთან მიმართებით ხშირად გაიგონებთ ამ ფრაზას. მისმა პირველმა პრესკონფერენციამ ბიზნესმენზე მეტად უამრავი ბრიფინგისა და პრესკონფერენციის დამლაშქრავი სახელისუფლო ჟურნალისტი დააბნია. ყველაზე უწყინრად კიდევ „რეალ-ტივის“ ჟურნალისტის მიერ მომზადებული კითხვა ჩანდა, რომელიც სხვა ნაციონალური ტელევიზიების „ჩამჭრელი“ შეკითხვებისგან განსხვავებით, ერთი შეხედვით, ნაივურად დაინტერესდა პინგვინებითა და ბეღურებით და ბიზნესმენის გულიანი სიცილიც დაიმსახურა. თანაც, „რეალ-ტივის“ ჟურნალისტმა აქეთ დაამუნათა ბიზნესმენი, ხომ ხედავთ, ტყუილად არ მასმევინებდით შეკითხვას, პოლიტიკური კითხვა არ მქონიაო. ერთი შეხედვით, ამ გულუბრყვილო გოგონას შემხედვარე, ალბათ ამიტომაც გამოჩნდა ქართულ ფორუმზე ასეთი შეფასებაც: „მგონი, მარტო „რეალ-ტივის“ ჟურნალისტი არ მოსულა მომზადებული კითხვით.. ალალად იკითხა, შენმა პინგვინმა მართლა გადაყლაპა ბეღურააი?“
ბევრს ძალიან მოეწონა, რომ ბიზნესმენმა პრესკონფერენციის დასაწყისშივე რუსულად საუბარზე უარი თქვა. პირადად მე ამან კონსტანტინე გამსახურდიასებრი მანევრი გამახსენა, როცა რუსული ენის ჩინებულად ცოდნის მიუხედავად, მწერალთა კავშირში მისულმა, ჩოხოსანმა გამსახურდიამ მთელი საბჭოთა კავშირიდან ჩამოსული მწერლების თვალწინ რუსულ ენაზე საუბარი არ ისურვა და თარჯიმნის მეშვეობით გამოხატა პოზიცია. ეს ერთგვარი აქცია მაშინაც და ალბათ, ახლაც, გაცილებით მეტად გამოხატავდა სათქმელს.
ბევრისთვის ისიც მოსაწონია, რომ ივანიშვილთან არანაირი რეჟისურა და „ფალში“ არ ყოფილა, რამაც ჩვენი ხელისუფლების რეჟისორული ნიჭი და პიარ-ტექნოლოგიაც უკან მოიტოვა. ხალხი დაიღალა ამდენი დადგმული სცენარებით და ბუნებრიობა მოენატრა. ზოგიერთმა კი მასში „პრესკონფერენციის ფეირვერკი“ დაინახა.
აპოლიტიკურობა ნაკლად კი არა, პლიუსად ჩაუთვალეს და პოლიტიკაში მის სისუფთავეს დაუკავშირეს. ზოგიერთებში იყო მოლოდინი, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი პირდაპირ ეთერს გამორთავდა, მაგრამ, ეტყობა, მაუწყებელში დროულად მიხვდნენ, რომ უინტერესო და მოსაწყენ რელსებზე ამ პრესკონფერენციის გადაყვანა ვერც პინგვინებისა და ბეღურების თემით მოხერხდებოდა და ივანიშვილმა ზუსტად იქ დასვა წერტილი, სანამ საზოგადოებრივ მაუწყებელს „უინტერესო თემით“ აპელირების საშუალება მიეცემოდა.
ჟურნალისტების ნაწილი აცხადებს, რომ დარბაზში შექმნილი აჟიოტაჟისა და მიკროფონების დატაცების ფონზე მათ კითხვის დასასმელად ხელის აწევა ვეღარ იკადრეს. ისეთი სამარცხვინო იყო სამთავრობო ჟურნალისტებთან პაექრობა, რომ დამატებით მათი დაჟინებული მოთხოვნა, გინდათ თუ არა კითხვა დამასმევინეთო, უადგილო იქნებოდა. უკვე აღარ დაობენ, რომ ივანიშვილმა (ისევე, როგორც ამ ბატალიების შემხედვარე საზოგადოებამ) გაცილებით მეტი რამ შეიტყო ქართული ჟურნალისტიკის ირგვლივ, ვიდრე თავად ჟურნალისტებმა - ბიზნესმენის შესახებ. ამერიკის ელჩმა ჯონ ბასმა კი კვლავაც დიპლომატიურად ივანიშვილის მხარე დაიჭირა და ჟურნალისტებსაც ერთწინადადებიანი მასტერკლასი ჩაუტარა: „ჩემის მხრივ კი, ვისურვებდი, რომ ჟურნალისტებმა დასვან უფრო მეტი კითხვა და გააკეთონ ნაკლები განცხადებები“.
რაც შეეხება მედიის წარმომადგენლებისთვის მირთმეულ საჩუქარს - „ანტიჟურნალისტიკა ანუ ქრონიკული ალიაქოთი“, რაც ჟურნალისტთა ნაწილმა პანდორას ყუთად აღიქვა (სადაც ყოველგვარი ბოროტება ინახებოდა), მას წინასიტყვაობად ილია ჭავჭავაძის მოსაზრება აქვს წამძღვარებული: „იმ გაზეთს, რომელსაც აქვს თვისის ღირსების ცნობა, თვისი პატივისცემა და თვისი კეთილშობილური თავმოწონება, იგივე ღირსებით, იმავე პატივისცემით უნდა მოექცეს ყოველს კერძო პირს და ყოველს საზოგადოებას“.
ქართული მეცნიერების სინდისად მიჩნეული აკადემიკოსი ივანე კიღურაძე Presage.tv-სთან საუბარში პრესკონფერენციის დეტალებს იხსენებს. მისი თქმით, საერთოდ არ ღირს სახელისუფლო ჟურნალისტებზე საუბარი.
„ღვთის მადლით, მე ვიცნობ ჟურნალისტებს. თქვენ ხომ უკეთ იცით, ვინც იყვნენ ეს „ჟურნალისტები“? სხვათაშორის, თქვენი ინტერნეტსაიტის ერთგული მკითხველი ვარ. დიტო გელოვანი ძალიან მიყვარს, მოუთმენლად ველით მთელი ოჯახი მის წერილებს, ამას წინათ რა კარგად ეწერა: „გინდა თევზაძე იყავი, გინდა თევზი, გინდა ფიში“... საინტერესოა, რომ თავად ივანიშვილიც თანაგრძნობას უცხადებდა ამ ჟურნალისტებს. ეს არ იყო გათამაშებული თანაგრძნობა. მართლა ეცოდებოდა ისინი. ახლა ძალიან აკრიტიკებენ ირაკლი ტრიპოლსკის, მაგრამ ძალიან მომეწონა ეს კაცი, ის ხომ საოცრად კეთილშობილი ადამიანია. ესეც მომეწონა, რომ ცოტა დაბნეული იყო და იშმუშნებოდა. თქვენ წარმოიდგინეთ, სააკაშვილი მოიყვანდა ვიღაც ჩეკისტს, დასვამდა უემოციოდ და ეს ჩეკისტი იქიდან ყველას მითითებებს მისცემდა. ესეც ბატონი ბიძინას დამახასიათებელი შტრიხია, რომ მას გვერდით კეთილშობილი ადამიანები ჰყავს,“ - აცხადებს ივანე კიღურაძე.
მეცნიერის თქმით, ბიძინა ივანიშვილს არ ესაჭიროება პიარტექნოლოგიის სპეციალისტი, რადგან მისი გულწრფელობა ადამიანებზე უდიდეს ზეგავლენას ახდენს.
„სრულებით არაა საჭირო, გაუკეთო რეკლამა. საკმარისია, მას კაცმა ერთხელ მოუსმინოს, რომ მის მიმართ უდიდესი სიმპათიით განეწყობა. რატომ ხდება ასე? იმიტომ, რომ მისი ყოველი სიტყვა საქმითაა გამგრებული. ეს მისთვის პირველი საჯარო პრესკონფერენცია იყო, რაც მას სრულებით არ ეტყობოდა. მაგალითად, მე მანერვიულებდა ის ღრიანცელი, რაც დარბაზში იყო. ამის მიუხედავად, სიმშვიდე შეინარჩუნა, არ დაუკარგავს იუმორი, ხუმრობდა კიდეც. რაც მთავარია, ვერავინ შეძლო უხეხერხულ სიტუაციაში მისი ჩაყენება, რადგან მართალია ის კაცი. კაცი როცა ტყუის, მას სუსტ ადგილს მოუძებნი და მიაყენებ კედელთან, მაგრამ ის ხომ ყველაფერს სიმართლეს ამბობდა?!“ - მიიჩნევს ივანე კიღურაძე.
„ქართული აკადემიის“ წევრ ჯემალ მებონიასთვის სასიამოვნო იყო ის ამბავი, რომ ხელოვნურად შექმნილი აჟიოტაჟის მიუხედავად, ბიძინა ივანიშვილი ღირსეულად გამოიყურებოდა.
„ჩემთვის ახალი იყო მისი გაწონასწორებული ხასიათი. მაგალითად, ნინო ჟიჟილაშვილს როცა მისცა ინტერვიუ, ცოტათი აღელდა. ახლა კი, პირიქით, იუმორით გაჰქონდა რაღაც-რაღაცები. მომეწონა მისი გაწონასწორებულობა, დაწყნარება, ერთ მომენტში ტრიპოლსკისაც კი მისცა შენიშვნა, შენ მაინც გაჩერდიო. მომეწონა ის ამბავი, სააკაშვილს საკუთარი დედაც არ მისცემს ხმასო. ამით ის კი არ თქვა, რომ დედას შვილისთვის ცუდი უნდა, პირიქით, კარგი უნდა და ამიტომაც არ უნდა მისცეს ხმა, რომ მისთვისაც უმჯობესია წავიდეს“, - აცხადებს ჯემალ მებონია.
პრესკონფერენციის შეფასებისას ქართულ ფორუმებზე სიმპათია აშკარად ივანიშვილის სასარგებლოდ იხრება. თუმცა ვხვდებით კრიტიკულ მოსაზრებებსაც:
„ბიძინამ იცის, როგორ იშოვოს ფული ლომის ხახაში, მაგრამ არ იცის, ბეღურებს როგორ მოექცეს!“
„ღადავი ის იყო, ბიძინამ ტრიპოლსკის რომ უთხრა, ე ბიჭო, შენ მაინც გაჩუმდიო. რამდენი ვიცინე. ბრავოო ბიძინა!“
„ძალიან მომეწონა, რომ რუსულად საუბარზე უარი თქვა. ეს უფრო ღრმა თემაა და ბევრს მეტყველებს მის პიროვნებაზე და აქ არ დამეტევა შედარებითი ანალიზი სააკასთან“.
„100%-ით
ყველამ ვიცით, რომ ამ არხების ჟურნალისტების კითხვები ცხრა მთავრობასთანაა შეთანხმებული, მაგრამ რესპოდენტის გასარჩევი არაა -
ეს უნდა შეაფასოს მსმენელმა და მაყურებელმა“...
„კითხვების აბსოლუტურ უმრავლესობაზე ჰქონდა ზედაპირული, ტაშხოშიანი, ჯიგარი პასუხები, როცა ამ ეტაპზე მეტ კონკრეტიკას ველოდებოდი“.
„ლაპარაკობს მრავლობითში და არ აქვს ამბიცია, ყველაფერი იცოდეს“.
„2003 წელს მიშა ზუსტად იმავეს ეუბნებოდა სახელისუფლებო არხებს: „ვიცი, თქვენი მდგომარეობა“, „დავალებას ასრულებთ“.
„ასეთი გახსნილი პრესკონფერენცია რამდენი წელია, არ ყოფილა ეთერში.“
„მიშას საკუთარი დედაც არ მისცემს ხმას! დაგლიჯა!“
„დაიწყეთ ფიქრი ახალ მესიაზე“...
„ერთი საინტერესო დეტალი. ქუჩაში მანქანები პრაქტიკულად არ მოძრაობდნენ. ვინც მოძრაობდა, თითქმის ყველა გაჩერდა და რადიოს უსმენდნენ. მარშუტკებში, სადაც ჩართული იყო რადიო, ხალხს ჩასვლა აღარ უნდოდა. ინტერესი იყო უაღრესად დიდი. საინტერესოა, რაიონებში თუ მიეცა ხალხს პრესკონფერენციის ყურების საშუალება? (ვგულსხმობ ხელოვნურ უდენობას)“.
„პრესკონფერენცია იყო, მსუბუქად რომ ვთქვათ, ცუდად ორგანიზებული კი არა, არამედ არაორგანიზებული“.
„სუსტი ხარ ბიძინა, ძალიან... მარცხისთვის ხარ განწირული, არადა, როგორ მომწონდი, ეჰ დაბრუნდი ჭორვილაში და დაეხმარე გაჭირვებულებს ისევ, კარგად გამოგდის ეგ.“
„და ახლა, ვინც ჟურნალისტებს აგინებთ, გგონიათ რომ კარგ საქმეს აკეთებთ და დემოკრატიის აშენებას აპირებთ საქართველოში? ხალხს ჯერ ის ვერ გაუაზრებია, პოლიტიკაში რომ მოდიხარ, ჟურნალისტმა შეიძლება იმისთანა კითხვა დაგისვას, თავზე თმები დაიპუტო, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ შენი პასუხი ასევე თმების დასაპუტი იყოს“.
„ყარეთ ეხლა დორბლები საბიუჯეტო მიშისტებო!“
„როგორი ქვეყანაცაა, ისეთი ჟურნალისტები გვყოლია“.
ზოგიერთმა ფორუმელმა კი ამ პრესკონფერენციის განმავლობაში ბიძინა ივანიშვილის
ენამოსწრებული, ე.წ. ფრთიანი გამონათქვამებიც შენიშნა:
„ბეღურა მიშას მაგონებს“------
აქ იგულისმება, რომ
ბეღურა სხვას ბუდეს ართმევს.
„
მიშას საკუთარი დედაც არ მისცემს ხმას“,-------ნათელაშვილის სტილში იყო...
„
ე ბიჭო,
შენ მაინც გაჩერდი!“-----ეს ფრაზა ჩემპიონია...
„ჩემი პასუხებით მეშინია, მკითხავებს არ წავართვა ადგილი და უხელფასოდ არ დავტოვო“......... ფრთიანი.