“Rammstein”-ის ახალი ალბომი

“Rammstein”-ის ახალი ალბომი

მიმდინარე წლის 6 დეკემბერს გაყიდვაში გამოვა ცნობილი გერმანული მეტალ-როკ ჯგუფი “Rammstein”-ის ახალი ალბომი. ეს ნაშრომი წარმოადგენს ერთგვარ კრებულს, რომელშიც 1995-დან 2011 წლამდე ჩაწერილი საუკეთესო 16 კომპოზიცია იქნება წარმოდგენილი. ამ ნამუშევრის სახელწოდებაა “Made In Germany 1995-2011”.

 

ზემოთდასახელებული ალბომის გარდა, 11 ნოემბერს ჯგუფი ორ ახალ სინგლსაც გამოსცემს. კომპოზიციები “Mein Land” და “Vergiss Uns Nicht” ადრე გამოქვეყნებული არ გახლდათ.

 

ალბომი “Made In Germany1995-2011” სამ ფორმატში გამოიცემა."Rammstein”-ის თაყვანისმცემლები მას CD დისკის, საკოლექციო ფორმატისა და სასაჩუქრე კრებულის სახით მიიღებენ. ამ უკანასკნელში განთავსდება ჯგუფის კომპოზიციების რემიქსების კრებული და სპეციალური DVD, რომელშიც წარმოდგენილი იქნება ჯგუფის მიერ დღემდე გადაღებული ყველა ვიდეოკლიპი.

 

ჯგუფი “Rammstein” 1994 წელს ქალაქ ბერლინში ჩამოაყალიბა გიტარისტმა რიხარდ კრუსპემ. საინტერესოა რომ ის 1989 წელს გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკიდან გამოიქცა და ბერლინში დაფუძვნდა.

 

ჯგუფის შემადგენლობაში შედიან რიხარდ კრუსპე, ტილ ლინდემანი, პაულ ლანდერსი, ოლივერ რიდელი, კრისტოფ სნაიდერი და კრისტიან ლორენცი.

 

ჯგუფის შემოქმედება დღემდე მრავალი მელომანის კრიტიკას იმსახურებს. “Rammstein”-ს ძალადობისა და ფაშისტური იდეოლოგიის გავრცელებაში ადანაშაულებენ. რამდენიმე წლის წინ ჩრდილო კავკასიის ქალაქ ბესლანში, ტერაქტის მომწყობი ჩეჩენი მებრძოლები ადგილობრივი სკოლის შენობაში ამ ჯგუფის კომპოზიციებს უსმენდნენ. ეს ფაქტი გერმანელი მუსიკოსების მოწინაღმდეგეებმა მთელ მსოფლიოში გაავრცელეს. ამის მიუხედავად “Rammstein” დიდი პოპულარობით სარგებლობს. 2001 წელს ფრანგმა ასტრონომმა ჟან-კლოდ მერლენმა ახალი ვარსკვლავი აღმოაჩინა და მას ჯგუფის სახელი უწოდა.