„ქართული აკადემიის" წევრებმა ბანკ „ქართუში" ანგარიში გახსნეს და ამ ფორმით ხელისუფლებისგან შერისხულ ბიძინა ივანიშვილს თანადგომა გამოუცხადეს. „ქართუ ბანკზე“ ხელისუფლებისგან მიტანილი იერიშის სანაცვლოდ, საზოგადოების სხვადასხვა ფენის წარმომადგენლებმა უჩვეულო ერთგულება გამოხატეს ივანიშვილის მიმართ. პირველად ბანკ „ქართუს“ თანადგომა პოეტმა დავით მაღრაძემ გამოუცხადა, მისი მაგალითი კი გადამდები აღმოჩნდა სხვებისთვისაც. ბანკში საზოგადოების უჩვეულო სიმრავლე შეიმჩნეოდა, მათ შორის, იყვნენ მსახიობებიც - გია გაჩეჩილაძე, გურამ ფირცხალავა, ნოდარ მგალობლიშვილი, ზაზა პაპუაშვილი, ნინელი ჭანკვეტაძე, ზაზა მიქაშავიძე და სხვანი. რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, ბიზნესმენის მხარდასაჭერად არა მხოლოდ მისგან დავალებული ინტელიგენცია, არამედ უბრალო მოქალაქეებიც მოდიოდნენ. Presage.tv-სთან საუბარში არ მალავდნენ, რომ მხოლოდ ასეთი ერთსულოვნებით თუ დაამარცხებდნენ უსამართლობას. ბევრი ერიდებოდა კიდეც საბანკო ანგარიშზე შეტანილი თანხის ოდენობის დასახელებას, რადგან ეს მართლაც მიზერული თანხა იყო. ჩვენ „ქართული აკადემიის“ წევრებსა და მსახიობებს ვესაუბრეთ.
„ქართული აკადემიის“ წარმომადგენელი, აკადემიკოსი თემურ ნანეიშვილი ბიძინა ივანიშვილისთვის მორალურ მხარდაჭერაზე ამახვილებს ყურადღებას.
„არა მგონია, ჩვენმა დღევანდელმა მხარდაჭერამ ბიძინა ივანიშვილისთვის ფინანსურად რამე შეცვალოს, მაგრამ უსამართლობასთან ბრძოლის პროცესში მორალური მხარდაჭერა ყველაზე მნიშვნელოვანია. ასევე, უმნიშვნელოვანესი საკითხია, რომ ხალხი ყოველგვარი შიშის გარეშე ობიექტივის კამერის წინ დგება და აფიქსირებს, რომ „ქართუ ბანკთან“ თანადგომით უსამართლობას ებრძვის. შიშის ფაქტორი ნელ-ნელა ქრება და ქრება არა უბრალო ნათქვამით - „არ მეშინია“, არამედ რეალურ ქმედებაში. ესაა სწორედ გულადობა, რომ მოდის კაცი, რომელიც გუშინ ვერ ბედავდა ამას და ხსნის ანგარიშს, - აღნიშნა თემურ ნანეიშვილმა.
ნანეიშვილის თქმით, ყველა პატიოსან ადამიანში, ისევე, როგორც მეცნიერებსა და სხვა პროფესიის ხალხში, არიან უსინდისოებიც და სინდისიერებიც. ამდენად, თემურ ნანეიშვილი გაოცებულია მეცნიერებათა აკადემიის ხელმძღვანელობის საქციელით, თუ რატომ გადაიტანეს ანგარიში სხვა ბანკში, ვისი დავალებით გააკეთეს ეს და რამდენად ზნეობრივია ასეთი საქციელი.
„აქ მარტო მეცნიერებათა აკადემიაზე არაა საუბარი. ზეწოლის შედეგად ეს ბევრმა გააკეთა. არადა, მთლიანად ააშენა ამ კაცმა საჯარო ბიბლიოთეკის მეორე კორპუსი, უამრავი დაწესებულება. ამის მიუხედავად, გადაიტანეს ანგარიშები. ამით ბიძინას ბანკს ბევრს ვერაფერს დააკლებენ, მაგრამ მათ ისტორიაში მუდმივად ჩაიწერება, რომ არასწორი საქციელი ჩაიდინეს. მე თუ მკითხავთ, - უზნეობა. აბა, ის კარგია, როცა ერთ-ერთმა მომღერალმა განაცხადა - მე პოლიტიკაში არ ვერევი და ივანიშვილი რასაც აკეთებდა, ის გაეგრძელებინაო; ანუ, ჩემთვის ფული ეძლიაო?!“ - კითხულობს თემურ ნანეიშვილი.
რეჟისორი და აკადემიკოსი ნუკრი ქანთარია მოხარულია, რომ ხალხში მოქალაქეობრივი გრძნობამ და მომავლის წინაშე პასუხისმგებლობამ იმძლავრა.
„ფაქტობრივად, წლების განმავლობაში ამ ბანკმა, „ქართუ ჯგუფმა“ და ბიძინა ივანიშვილმა გადაარჩინეს საზოგადოება. ეს სოლიდარობის გამოხატულებაა და დიდ იმედს მაძლევს, რომ მოქალაქეობრივი მობილიზება მოხდება“.
ამასთან, ნუკრი ქანთარია ცალკეულ დაწესებულებებს მოუწოდებს, ბიზნესმენის მიმართ თანადგომა ორგანიზებულად გამოხატონ.
„აქ ვხედავ მეცნიერებს, ისინი ინდივიდუალურად მოდიან; მაგრამ მინდა, პირდაპირ ვურჩიო, რომ დღესდღეობით უმჯობესია, ორგანიზაციებმა - მეცნიერებათა აკადემიამ, თეატრებმა ერთობლივად გამოხატონ დამოკიდებულება ბიძინა ივანიშვილის მოქალაქეობის შეწყვეტასთან დაკავშირებით. თეატრალებმა უკვე გააკეთეს განცხადება, მაგრამ მარჯანიშვილის, რუსთაველის, მოზარდმაყურებელთა თეატრებმა, მუსიკალური კომედიის თეატრმა, რომლებიც ბიძინა ივანიშვილმა ააშენა და განაახლა, ეს ორგანიზაციულად უნდა გააკეთონ“.
მომღერალი და მსახიობი გია გაჩეჩილაძე (უცნობი) აცხადებს, რომ იგი პროცესების მხარდასაჭრად და სოლიდარობის გამოსაცხადებლად მივიდა და არა უშუალოდ ვინმეს თანადგომის მიზნით. „ასეთივე მიზნით მოვიდა ყველა აქ მყოფი. ამიტომაც ანგარიშს ვხსნი ბანკში“.
„ქართული აკადემიის“ წევრმა, მხატვარმა თემო გოცაძემ ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ უნდა დაფიქსირდეს საზოგადოების დამოკიდებულება ბიძინა ივანიშვილის მოღვაწეობის, იმ იმედის მიმართ, რომელიც პოლიტიკურ ასპარეზზე ბიზნესმენის გამოჩენამ გააჩინა.
„მოვედი იმიტომ, რომ ოფიციოზს საშუალება არ მივცე, მოიქცეს ისე, როგორც არაერთი ბანკის მიმართ მოქცეულან, როცა ყველა პროვოკაციული გზით მოახერხეს და ბანკებში შეუშვეს ეროვნული ბანკის მმართველობა და ამით ფაქტობრივად, ბანკები მთლიანად მიისაკუთრეს. ახლა ისინი ვერაფერს წაიღებენ. მეცნიერებათა აკადემიის წევრებმა როგორც გადაიტანეს ანგარიშები „ბანკი ქართუდან“ სხვა ბანკში, მე მგონი, თქვენც კარგად იცით. ამას აკეთებს ის ხელმძღვანელობა, რომელიც ჰყავს მეცნიერებათა აკადემიას. მე მეცოდება ასეთი ხელმძღვანელობა, რომელსაც შეუძლია ასეთი აქცია გაატაროს. ეს გინდაც თეატრის ხელმძღვანელობა იყოს, გინდაც ეროვნული ბიბლიოთეკის, გინდაც ნებისმიერი დაწესებულების. ამას როცა აკეთებ, ეს ხომ ნიშნავს, რომ თავი დაღუნული გაქვს და მონის როლში გინდა ცხოვრება“, - აღნიშნა თემო გოცაძემ.
მისი თქმით, მეცნიერებმა ამის წინააღმდეგ ამოიღეს ხმა, პრეზიდიუმის სხდომაზეც ილაპარაკეს, მაგრამ რა მიიღეს?!
„ქართული აკადემიის“ წარმომადგენელი, აკადემიკოსი ივანე კიღურაძე აცხადებს, რომ არა მარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოშიც ძნელია დაასახელო მეორე პიროვნება, ვისაც ბიძინა ივანიშვილის მსგავსად, თავისი მშობლიური ქვეყნისთვის ამდენი სიკეთე გაეკეთებინოს.
„ამ ყველაფერს უანგაროდ აკეთებს და ისეთნაირად, რომ ის ადამიანები, ვისაც იგი სიკეთეს უკეთებს, მადლობის თქმასაც ვერ ახერხებენ. უაღრესად დელიკატურად დ ფაქიზად ეხმარება ადამიანებს. ესაა აღმაშფოთებელი, როცა მთელ ჩვენს მრავალსაუკუნოვან ისტორიაში გამორჩეულ პიროვნებას ართმევენ საქართველოს მოქალაქეობას. ასეთ სიტუაციაში ყოველი პატიოსანი კაცი ვალდებულია, მის გვერდით დადგეს“.
მეცნიერის თქმით, აღმაშფოთებელია, როცა გადაწყვეტილებებს პოლიტიკური ნიშნით იღებენ და მეცნიერებს „ქართუ ბანკის“ ნაცვლად, სხვა ბანკს სთავაზობენ. მით უფრო, როცა მეცნიერულ წრეებში წლების მანძილზე ბიძინა ივანიშვილის მიმართ ცალსახად დადებითი განწყობა და პატივისცემაა.
„ქართული აკადემიის“ წევრი, აკადემიკოსი ჯემალ მებონია აღნიშნავს, რომ უსამართლობის წინააღმდეგ სოლიდარობის გამოხატვის გარეშე საქართველოს მომავალი არ ექნება.
„სხვა ბანკსაც რომ შეუქმნან ასეთი პრობლემა, იქაც მივალ. არაა აუცილებელი, მაინცდამაინც ეს ბატონი ბიძინას ბანკი იყოს. სადაც დაინახავ უსამართლობას, იქ უნდა მიხვიდე,“ - აცხადებს ჯემალ მებონია.
მისი თქმით, უზნეობა და ღალატის ტოლფასი საქციელია, როცა „ქართუ ბანკის“ ნაცვლად სხვა ბანკში გადააქვთ მეცნიერების ანგარიშები. ჯემალ მებონიას თქმით, სამწუხაროდ, ნამდვილი მეცნიერი ყოველთვის არ ნიშნავს პიროვნებას.
„მეცნიერმა ამაზე ხმა რომ ამოიღოს, პიროვნება უნდა იყოს. ჩვენთან, საქართველოში, პიროვნების დეფიციტია. პროფესიონალის დეფიციტი იმდენად არ არის, როგორც პიროვნების დეფიციტი. ასეთი რამ არ უნდა გაეკეთებინათ. მით უმეტეს, ისეთ ორგანიზაციებზეა საუბარი, რომლებსაც ივანიშვილი წლების განმავლობაში ეხმარებოდა, იმავე მეცნიერებათა აკადემიას, ბიბლიოთეკას. სირცხვილია, რას ჰქვია, გადაგაქვს ანგარიშები ამ მომენტში? სად გარბიხარ? ამიტომ „ქართუ ბანკისადმი“ ჩვენი თანადგომა იმის დემონსტრაციაა, რომ ჩვენთან, საბედნიეროდ, პიროვნებები არიან“, - აცხადებს მეცნიერი.