ბოლო პერიოდში ხელისუფლება იმათ, ვინც ისე არ ფიქრობს, როგორც თავად სურთ, ორი მეთოდით სჯის. ერთი, ეს არის მოქალაქეობის მოხსნა და მეორე, თანამდებობიდან გათავისუფლება.
ივანიშვილისთვის მოქალაქეობის მოხსნის საკითხი ჯერ დავიწყებული კი არა, მინელებულიც არ არის და ხელისუფლებამ აშშ-ში საქართველოს კონსულს ლაშა დარბაიძე მოქალაქეობა მოუხსნა. მართალია, ამის მიზეზადაც ის სახელდება, რომ მას, თურმე, აშშ-ის მოქალექობა მიუღია, მაგრამ მან მოქალაქეობა 2010 წელს მიიღო და, როგორც თავად დარბაიძე ვარაუდობს, ეს ახლა ხელისუფლებას იმიტომ გაახსენდა, რომ მან „ფეისბუკზე“ თავის პირად გვერდზე ივანიშვილის სურათები გამოაქვეყნა. ხელისუფლებამ ამ სურათების აღება მოსთხოვა, მაგრამ მან არ აიღო და ამიტომაც ერთმაგი სასჯელი კი არა, მოქალაქეობის მოხსნასთან ერთად საპატიო კონსულის თანამდებობაც ჩამოართვეს.
დასჯის ეს ფორმები კი, როგორც ჩანს, სულ უფრო მწვავე ფორმებს იღებს.
ივანიშვილის პრესკონფერენციაზე ხელისუფლების კონტროლირებადი ტელევიზიის ჟურნალისტებს პროვოკაციების მოწყობას სწორედ სამსახურიდან გათავისუფლების მუქარით აიძულებდნენ.
მაგრამ, როგორც ჩანს, ეს საკმარისი არ აღმოჩნდა და ახლა საზოგადოებრივი მაუწყებლიდან ჟურნალისტ ირაკლი ტაბლიაშვილის გათავისუფლება სურთ იმის გამო, რომ მის მიერ დასმული კითხვის ფორმა არ მოეწონათ.
ტაბლიაშვილის სამსახურიდან გათავისუფლების მიზეზი ის არის, რომ მან ივანიშვილის ბრიფინგზე დასვა კითხვა „აისაფში“ ქართული კონტიგენტის მონაწილეობასთან დაკავშირებით. მაგრამ ხელისუფლება და, შესაბამისად, საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობა კი ამ კითხვის შესავალი ნაწილით დარჩა უკმაყოფილო.
შესავალ ნაწილში ტაბლიაშვილმა განაცხადა, „მეც საზოგადოებრივ მაუწყებელს წარმოვადგენ. თუმცა, გარწმუნებთ, არ მაქვს „დარიგებული“ კითხვა... მე მაინტერესებს ის, რაც საზოგადოებრივი ინტერესია“. ამის შემდეგ კი უკვე კითხვა დასვა, თუ რას ფიქრობს ივანიშვილი ქართული კონტიგენტის „აისაფის“ პროგრამაში მონაწილეობაზე.
როგორც ამბობენ, კითხვის ასეთი ფორმულირება ტელევიზიის ხელმძღვანელობას არ მოეწონა, რადგან ჩათვალეს, რომ ამით მან აღიარა ის, რომ ტელევიზიების ჟურნალისტთა მიერ დასმული კითხვები იყო ხელისუფლებასთან შეთანხმებული.
ამიტომაც გადაწყვიტეს, რომ ტაბლიაშვილი საზოგადოებრივ მაუწყებელზე მუშაობას აღარ იმსახურებს.
აღსანიშნავია, რომ ამ ინფორმაციას ოფიციალურად არც საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობა ადასტურებს და არც თავად ტაბლიაშვილი.
„მე მესმის, რომ საზოგადოებაში გავრცელდა გარკვეული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ მოხდა ჩემი გათავისუფლება და ისიც მესმის, რომ საზოგადოების გარკვეულ ნაწილში ეს ინტერესის საგანია, მაგრამ მოცემულ ეტაპზე მე ვრჩები საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლად. ვაკეთებ ჟურნალს და, თუკი რაიმე შეიცვლება, ცხადია, ეს ჟურნალისტებისთვის არ იქნება დამალული. გულწრფელად გეტყვით, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელები და გავკადნირდები და საკუთარ თავზეც ვიტყვი, ვართ ცივილიზირებული ადამიანები და ვფიქრობ, საზოგადოებრივი მაუწყებლის ინტერესების შეუბღალავად და ამავე დროს ჟურნალისტური სტანდარტების დაცვის გათვალისწინებით ჩვენ მივალთ საერთო პოზიციამდე. დღეს ვართ კიდეც ამ პოზიციაზე, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია, რომ ეს ყველაფერი დალაგდება და გაირკვევა ისე, როგორც გვეკადრება“, - ამბობს ირაკლი ტაბლიაშვილი.
მაგრამ როგორც ამბობენ, ჯერჯერობით, ეს ამბავი იმიტომ არ ხმაურდება, რომ საზოგადოებაში რეზონანსი არ ჰქონდეს. თუმცა, რამდენიმე დღეში ტაბლიაშვილის სამსახურიდან წამოსვლას ელოდებიან. ასეთ შემთხვევაში კი, ცხადია, დადასტურდება ის, რომ მისი გათავისუფლება სწორედ პრესკონფერენციაზე დასმულ კითხვას უკავშირდება.