ჯერ იყო და საქართველოში ყველაფერი იმდენად ლიბერალური გახდა, რომ სურსათის ხარისხს არავინ ამოწმებდა. ახლა კი ვისაც მოესურვება, ლამის ყველა შეამოწმებს. ახალი კანონპროექტით იმ საწარმოების შემოწმება, სადაც საკვები პროდუქტი მზადდება, კერძო ინსპექტორებსაც შეეძლებათ. თუმცა, აქ არის ბევრი პრობლემა, რომლის გადაჭრის გზები ჯერჯერობით არ ჩანს.
ამიერიდან, სურსათის მწარმოებელი საწარმოების შემოწმების უფლება, სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად, აკრედიტირებულ კერძო საინსპექციო ორგანოებსაც მიეცემათ. აღნიშნულ ინიციატივას კი “საქართველოს კოდექსი სურსათის, ცხოველის საკვების უვნებლობის ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის შესახებ” და “საქართველოს კოდექსი პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის შესახებ” ითვალისწინებს.
პროექტი დეპუტატებმა და ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის წარმომადგენლებმა, არასამთავრობო სექტორთან ერთად განიხილეს. ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის წარმომადგენლის ვახტანგ კობალაძის აზრით, კერძო საინსპექციო ორგანოების შექმნისას, სათანადო კომპანიების და კადრების მოძიება გაძნელდება. ამასთან, კანონპროექტი ითვალისწინებს ფასიან შემოწმებასაც, ანუ მეწარმემ ინსპექტირებისათვის თანხა უნდა გადაიხადოს, რაც კობალაძეს პრობლემატურ საკითხად მიაჩნია.
“ინსპექტირება სურსათის ოპერატორებისა უნდა განხორციელდეს კერძო საინსპექციო ორგანოების მიერ, რომელიც ბუნებაში არ არსებობს. კანონპროექტი ითვალისწინებს ასევე, ფასიან შემოწმებას, ანუ მეწარმემ ინსპექტირებისათვის თანხა უნდა გადაიხადოს, რაც პრობლემატური მომენტია და ბიზნესისთვის დამატებით ტვირთს შექმნის.
ინსპექტირებას განახორციელებს სურსათის ეროვნული სააგენტოც, თუმცა ძირითადი ტვირთი მაინც კერძო შემმოწმებლებზე გადავა, თუმცა სააგენტო ყოველთვის ამბობდა, რომ არ არის კადრი და ადამიანური რესურსი ინსპექტირებისათვის და ძნელი სათქმელია, სამომავლოდ თუ საიდან გაჩნდებიან ეს მაკონტროლებლები”, - აღნიშნა კობალაძემ.
ექსპერტი სურსათის უვნებლობის საკითხებში, ყოფილი დეპუტატი ზურაბ ცქიტიშვილი საწარმოების კერძო მაკონტროლებლების მიერ შემოწმების ფაქტს დადებითად აფასებს.
“ამ ნორმას მივესალმები, თუმცა ჩემი კოლეგები არასამთავრობო ორგანიზაციიდან აღნიშნულ რეგულაციას ეწინააღმდეგებიან. ვფიქრობ, რომ გაცილებით ობიექტური და არაკორუფციული იქნება ასეთი ინსპექტირების განხორციელება” - განმარტა ზურაბ ცქიტიშვილმა.
ზურაბ ცქიტიშვილი განმარტავს, რომ ახალი საკანონმდებლო ინიციატივით, ბიზნესს წარმოებაში შიდა კონტროლის სისტემის დანერგვის აუცილებლობა აღარ აქვს. “დღეისათვის არსებული კანონმდებლობით, მაღალი რისკის საწარმოებში უსაფრთხოების შიდა კონტროლის სისტემების დანერგვა ე.წ. HACCP-ის სისტემა აუცილებელია, თუმცა წარმოდგენილი კანონპროექტით მისი დანერგვის აუცილებლობა დღის წესრიგიდან მოხნილია”, - აღნიშნა ზურაბ ცქიტიშვილმა.
კანონპრექტის მიხედვით სურსათის ეროვნული სააგენტო უფლებას იტოვებს, რომ მოულოდნელი ინსპექტირება განახორციელოს.
“იარსებებს მოულოდნელი ინსპექტირებაც, რომელსაც სახელმწიფო განახორციელებს. ზიანის მიყენების შემთხვევაში კანონშივე გაიწერება თუ ვინ უნდა აანაზღაუროს ეს ზიანი. ხოლო რაც შეეხება სხვა ტიპის შემოწმებას, წინასწარ დგება გეგმიური შემომების ნუსხა, რომელიც რისკის შეფასებას ეფუძნება და სწორედ ამის საფუძველზე შედგენილი სიით მოხდება ინსპექტირება”, - აღნიშნა სააგენტო “ჯი-ეიჩ-ენთან” საუბრისას ცქიტიშვილმა.
თუმცა მაკონტრობელი ვალდებულია მინიმუმ ერთი თვის ადრე შეატყობინოს საწარმოს, რომ მისი შემოწმება უნდა განხორციელდეს, რაც ცხადია ბიზნესს გარკვეული თანხა დაუჯდება.
974
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85