სახალხო დამცველი 2013 წლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის წლად გამოცხადებას მიესალმება

სახალხო დამცველი 2013 წლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის წლად გამოცხადებას მიესალმება

სახალხო დამცველი მიესალმება, მთავრობის ინიციატივის საფუძველზე პრეზიდენტის ბრძანებას "საქართველოში 2013 წლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის წლად გამოცხადების შესახებ". აღნიშნულთან დაკავშირებით, ომბუდსმენი განცხადებას ავრცელებს. 

როგორც სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფა, საზოგადოებაში დამკვიდრებული წარმოდგენები, განათლება და სოციალური დაცვა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებებზე მორგებული ჯანდაცვის მექანიზმები, ინფორმაციის თავისუფლება და ხელმისაწვდომობა, ინფრასტრუქტურული ბარიერები, სახელმწიფო ინსტიტუტების/ადგილობრივი თვითმმართველობების როლი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის კუთხით – ეს იმ პრობლემათა არასრული ჩამონათვალია, რომლებიც პირდაპირ კავშირშია საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების სოციუმში სრულყოფილ ინტეგრაციასთან.

"შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საზოგადოებაში ინტეგრირება გულისხმობს დისკრიმინაციული პოლიტიკის უარყოფას და ყველა სახის ბარიერის მოხსნას, რასაც დღესდღეობით ხშირად ვაწყდებით", - აღნიშნულია განცხადებაში.

სახალხო დამცველი გამოთქვამს მზადყოფნას, მოაწყოს მრგვალი მაგიდა დონორი ორგანიზაციებისთვის, რათა ამ მიმართულებით დაგეგმილი ღონსძიებები და პროექტები იყოს უფრო გამჭვირვალე, ეფექტური და შედეგზე ორიენტირებული. ომბუდსმენი მოუწოდებს სახელმწიფო უწყებებს, რათა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებები დაცული იყოს ადამიანის უფლებების ყველა არსებული კონვენციის რეალიზაციის ფარგლებში.

განცხადების მიხედვით, საქართველოს სახალხო დამცველი აქტიურად ითანამშრომლებს როგორც სამთავრობო, ისე არასამთავრობო სექტორთან, რათა უფრო ინტენსიური გახადოს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების ადვოკატირება და რეალიზება.

"ზემოხსენებულის მისაღწევად დაგეგმილია პროექტები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა საჭიროებებისა და პრობლემების კვლევის მიმართულებით, ისევე, როგორც სასჯელაღსრულების დაწესებულებებში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებრივი მდგომარეობის შესწავლის კუთხით. ასევე, იგეგმება მათი მიტოვების პრევენციის, დეინსტიტუციონალიზაციის, ალტერნატიული სერვისების განვითარების ხელშეწყობის, ჯანდაცვისა და სასამართლოს ხელმისაწვდომობის კუთხით აქტიური მონიტორინგის წარმოება და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება", - აღნიშნულია სახალხო დამცველის განცხადებაში.