რიჩარდ ნორლანდი და დავით სერგეენკო პრეზენტაციას დაესწრებიან

რიჩარდ ნორლანდი და დავით სერგეენკო პრეზენტაციას დაესწრებიან

აშშ-ის ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი და ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ხვალ შეზღუდული შესაძლებლობის პირთა დამხმარე და ადაპტირებული მობილური საშუალებების პრეზენტაციას დაესწრებიან. 

როგორც "ინტერპრესნიუსს" აშშ-ის საელჩოდან აცნობეს, ღონისძიება კოალიცია "დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის" და "ნეიროგანვითარების ცენტრის" ორგანიზებით იმართება.
პროექტი "ეტლების წარმოების ქსელი" ახალი, მსუბუქი ელექტროეტლისა და ეტლში ჯდომის დამხმარე საშუალებების პრეზენტაციას გამართავს.

პროექტი აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით ხორციელდება. ის ერთ-ერთია იმ პროექტებს შორის, რომლის მეშვეობითაც შეერთებული შტატები საქართველოში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობის პირთა საზოგადოებრივ ჩართულობას უწყობს ხელს.

USAID-ის კიდევ ერთი, "შეზღუდული შესაძლებლობის პირთა ადვოკატირების" პროექტი, მიზნად ისახავს შეზღუდული შესაძლებლობის პირთა ორგანიზაციების გაძლიერებას და მათ ჩართვას პოლიტიკურ პროცესებში ეროვნულ, რეგიონულ და ადგილობრივ დონეზე.