საქართველოს დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მთავარი მრჩეველი ეწვევა

საქართველოს დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მთავარი მრჩეველი ეწვევა

საქართველოს ხვალ დიდი ბრიტანეთის დიპლომატიური სამსახურის ხელმძღვანელი და დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მთავარი მრჩეველი საიმონ ფრეიზერი ეწვევა. 

როგორც "ინტერპრესნიუსს" დიდი ბრიტანეთის საელჩოდან აცნობეს, ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში ფრეიზერი შეხვედრებს გამართავს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მაია ფანჯიკიძესთან, უშიშროების საბჭოს მდივან გიგა ბოკერიასთან, საქართველოს ხელისუფლების წევრებსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან.

"მოუთმენლად ველი ჩემს ვიზიტს საქართველოში. საქართველოს ბევრი რამ აქვს საამაყო, მათ შორის, მშვიდობიანად და დემოკრატიულად წარმართული ხელისუფლების გადაცემის პროცესი, რომელიც გასული წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს მოჰყვა. მე მაინტერესებს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური და ეკონომიკური პროცესები და სწორედ ამ საკითხებზე ვაპირებ ვისაუბრო ქვეყნის პოლიტიკურ ლიდერებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან, ექსპერტებთან და ბრიტანული ბიზნესის წარმომადგენლებთან. ბრიტანეთი საქართველოს უმნიშვნელოვანესი პარტნიორია და ჩვენ ძალისხმევას არ დავიშურებთ რათა ხელი შევუწყოთ პოზიტიურ კოლაბორაციას, როგორც ახლა, პოლიტიკური კოჰაბიტაციის პირობებში, ასევე შემდგომ", - განაცხადა საიმონ ფრეიზერმა.

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მთავარი მრჩეველის ვიზიტს მნიშვნელოვანს უწოდებს დიდი ბრიტანეთის ელჩი საქართველოში დევიდ მორანი.

"დიდი ბრიტანეთის ყველაზე მაღალი რანგის დიპლომატის ვიზიტი საქართველოში კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ჩვენი ორი ქვეყნის შორის არსებული ურთიერთობების სიმტკიცესა და მნიშვნელობას. ბრიტანელ და ქართველ მინისტრებსა თუ თანამდებობის მქონე პირთა შორის რეგულარული კონტაქტებია და ჩვენ ამ წლის განმავლობაში კიდევ ვგეგმავთ რამდენიმე ვიზიტს, როგორც საქართველოში, ისევე ქართველი კოლეგების ვიზიტებს დიდ ბრიტანეთში. როგორც საქართველოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული პარტნიორი, ჩვენ ხელს ვუწყობთ საქართველოს პოზიტიურ პოლიტიკურ ტრანსფორმაციას საპრეზიდენტო არჩევნების მზადების პროცესში და ასევე აქტიურად ვმუშაობთ ბრიტანულ ქართული სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებაზე", - აღნიშნა დევიდ მორანმა.