გილაურის „მფრინავი იდეები“ დასაქმების შესახებ

გილაურის „მფრინავი იდეები“ დასაქმების შესახებ

ხელისუფლებამ დასაქმების პრობლემა უკვე გადაჭრა, ოღონდ ვიდეოკონფერენციაზე და თანაც 2015 წლისთვის, ან კიდევ უფრო მოგვიანებით. აქამდე ყველამ იცოდა, რომ უმუშევრობა 2013 წელს უნდა დამარცხებულიყო

ინფრასტრუქტურის მშენებლობაზე ყოველწლიურად 30 ათასი ადამიანი დასაქმების შესახებ პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმას წორედ ვიდეოკონფერენციიდან ამცნო ჯერ კიდევ უმუშევრ ადამიანებს. მართალია, მათ ცდა 1-დან 3 წლამდე მოუწევთ, მაგრამ მთავარია იმედი, რომელიც ბოლოს კვდება.

„ინფრასტრუქტურის სამუშაობზე 2012-დან 2015 წლამდე, ყოველწლიურად 30 ათასი ადამიანი დასაქმდება. ისინი სამუშაო ადგილებს შეინარჩუნებენ მერეც - ჰესების, გზებისა და სხვა ობიექტების მშენებლობის დასრულების შემდეგაც“, - აღნიშნა გილაურმა. მისივე განმარტებით, 30 ათასი მოქალაქიდან, დაახლოებით 20 ათასის დასაქმება წყლისა და საკანალიზაციო სისტემების რეაბილიტაციის ფარგლებში მოხდება.

„აქამდე წყლის ინფრასტრუქტურაზე ყოველწლიურად 10-11 ათასი მოქალაქე საქმდებოდა. მომავალი წლიდან ეს რიცხვი 20 ათასამდე გაიზრდება, რადგან რაიონული და რეგიონული წყლის ცენტრების რეაბილიტაციაზე დიდ ინვესტიციებს ვდებთ“, - აღნიშნა პრემიერმა. მისივე ინფორმაციით, წყლისა და საკანალიზაციო სისტემების რეაბილიტაციაზე შემდეგი 5-6 წლის განმავლობაში ჯამში 500 მილიონი ლარი დაიხარჯება, რომელსაც აზიის განვითარების ბანკი დააფინანსებს.

„ეს არის სახელმწიფოს მიერ ბანკისგან აღებული სესხი“, - აღნიშნა გილაურმა.

ვინც ინფრასტრუქტურაში ვერ მოიძევს შესაფერის საქმეს, იმას მთავრობა ენერგეტიკაში მიუჩენს ადგილს. ჰესების მშენებლობაზე 13 ათასი ადამიანის დასაქმება ხუმრობა ხომ არაა, მით უმეტეს, რომ საქართველოში რამდენიმე ჰესის მშენებლობა უკვე მიმდინარეობს, მომავალი წლიდან კი ახალი პროექტების განხორციელებაც იგეგმება.

„ენერგეტიკა ყველაზე ხელშესახები სფეროა საქართველოში, რადგან დღეს უკვე მიმდინარეობს 10 ახალი ჰესის მშენებლობა. მომავალ წელს კიდევ, დამატებით მინიმუმ ექვსი, მაქსიმუმ კი 11ჰესის მშენებლობა დაიწყება. ეს არის ძალიან რთული საინჟინრო ნაგებობები, სადაც დასაქმდებიან როგორც იურისტები, ისე ფინანსისტები, ინჟინრები, ტექნოლოგები, მუშები“, - აღნიშნა გილაურმა.

თუკი რომელიმე ჭირვეულ უმუშევრს არც ინფრასტრუქტურისკენ მიუწევს გული და ვერც ენერგეტიკაში ხედავს თავის ადგილს, მაშინ 2015 წლამდე დიდ ავიაციაში დამკვიდრების შანსი ექნება. ეს იმიტომ, რომ მზრუნველი მთავრობა ამ მიმართულებითაც გააასკეცებს მუშაობს. 10-პუნქტიანი გეგმით, საავიაციო ინდუსტრიაში დასაქმებულთა რიცხვი 2015 წლისთვის სულ მცირე 1,5-ჯერ უნდა გაიზარდოს თბილისში.

ხელისუფლების მიზანია კარგად განვითარებული სააეროპორტო ინფრასტრუქტურა, დივერსიფიცირებული და მზარდი დანიშნულების ადგილებითა და ოპერატორებით. „ამ ეტაპის გამოწვევაა“ დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების დაინტერესება საქართველოს ბაზრით. მიმდინარეობს მცირე სააეროდრომო ინფრასტრუქტურისა და მცირე ავიაციის განვითარებისთვის შესაბამისი გარემოს ჩამოყალიბება. 2015 წლისთვის მგზავრთა დღეისთვის არსებული რაოდენობა 50%-ით უნდა გაიზრდოს. 2015 წლისთვის უნდა გაიზარდოს არსებულ მიმართულებებზე სიხშირეები (სულ მცირე - კვირაში 5 სიხშირე), რათა უზრუნველყოფილ იქნეს მგზავრთა შეუფერხებელი გადაადგილება“, - ნათქვამია მთვარობის გეგმაში.

ჰოდა, რა ჯობია ჰაერში ფრენას, მით უფრო რომ ზურგს სტაბილური სამსახური და ხელფასი გიმაგრებს. ასეთ შემოთავაზებაზე რომელი უმუშევარი იტყვის უარს? მართალია, ასეთ ადამიანებს ჯერჯერობით მხოლოდ ოცნებებში ფრენა მოუწევთ, რადგანაც ხელისუფლებაც მოსახლეობის დასაქმების კუთხით სწორედ ასეთ მირაჟებს აკეთებს.

ხოლო თუკი მთავრობა მიწაზე დაეშვება, ხელში სასტიკი სტატისტიკა შერჩება. ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ბოლო 4 წლის განმავლობაში უმუშევრობის მაჩვენებელი არა თუ შემცირდა, პირიქით, უფრო გაიზარდა. თუ 2007 წელს ქვეყანაში უმუშევრობის დონე 13,3%-ს შეადგენდა, 2008 წელს 16,5%-მდე გაიზარდა, 2009წელს 16,9% შეადგინა, 2010 წელს კი სულ რაღაც 0,6%-ით შემცირდა და შარშან ეს მაჩვენებელი 16,3% იყო.

ასეთი სტატსტიკის მქონე ქვეყანა „ვერ გაფრინდება“, მითუფრო, რომ ჩვენზე უარესი მაჩვენებელი არც ერთ მეზობელ სახელმწიფოს არ გააჩნია.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, 2010 წლის ოფიციალური სტატისტიკით, საქართველოში უმუშევრობის დონე 16,3%-ია, მეზობელ სომხეთში ეს მაჩვენებელი 7%-ით განისაზღვრა, აზერბაიჯანში - 6%-ით, რუსეთში- 7,5%-ით, უკრაინაში კი უმუშევრობის მაჩვენებელმა 8,1% შეადგინა. ამ სტატისტიკას ექსპერტები ხუთივე ქვეყანაში აკრიტიკებენ და მიაჩნიათ, რომ უმუშევრობის რეალური მაჩვენებელი ოფიციალურ სტატისტიკას ბევრად აღემატება, შესაბამისად, ადგილი აქვს ციფრების „გამოგონებას“, თუმცა აშკარაა, რომ საქართველო სამუშაო ადგილების ნაკლებობას სერიოზულად განიცდის.