გუშინ გამოცემამ “Official Chart Company” გამოაქვეყნა დიდ ბრიტანეთში წინა კვირის საუკეთესო მუსიკალური ალბომების ჩამონათვალი.
ამ ჰიტ-პარადს სათავეში ჯგუფი “Coldplay”-ის ახალი სტუდიური ნამუშევარი “Mylo Xyloto” ჩაუდგა. ამ ალბომმა დღის სინათლე მიმდინარე წლის 24 ოქტომბერს იხილა და ერთი კვირის განმავლობაში დიდ ბრიტანეთში მისი 208 ათასი ცალი გაიყიდა.
საინტერესოა რომ ეს ალბომი ჯგუფის ისტორიაში რიგით მეხუთეა. წინა ოთხი ჩანაწერიც გამოსვლისთანავე დიდი ბრიტანეთის მუსიკალური ჩართების სათავეში მოექცა.
მეორე პოზიციაზე ჯგუფი “Oasis”-ის ყოფილი წევრის ნოელ გალაჰერის სოლო ალბომი “Noel Gallagher's High Flying Birds” გავიდა, მესამე კი მომღერალი მაიკლ ბუბლეს ალბომი “Christmas” აღმოჩნდა.
ამერიკული გამოცემა “Billboard”-ის მტკიცებით, ალბომი “Mylo Xyloto” ამ ქვეყნის მუსიკალურ ჩართებშიც გალიდერდება. წინა კვირას აშშ-ში ამ დისკის 450 ათასი ცალი გაიყიდა.