დავით უსუფაშვილმა პარლამენტარების პრემიებთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა

დავით უსუფაშვილმა პარლამენტარების პრემიებთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ახალი მოწვევის პარლამენტის წევრების პრემიებთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს და აღნიშნულს წინა ხელისუფლების მიერ "დამტკიცებულ საბიუჯეტო პარამეტრებს" უკავშირებს. დავით უსუფაშვილის განმარტებით, ისინი იძულებულნი იყვნენ ანაზღაურების დამკვიდრებული პრაქტიკით ესარგებლათ. "ინტერპრესნიუსი" უსუფაშვილის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.

"მივესალმები არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიის და საზოგადოების მზარდ დაინტერესებას სახელმწიფო დაწესებულებების მიერ საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის მიზანშეწონილობის და კანონიერების საკითხებით. ამ სფეროში გამოსასწორებელი მართლაც ბევრია, მათ შორის, საქართველოს პარლამენტშიც.

2012 წლის ბოლომდე ჩვენ იძულებული ვიყავით გვემოქმედა უკვე დამტკიცებული საბიუჯეტო პარამეტრებით და პარლამენტის წევრთა და თანამშრომელთა შრომის ანაზღაურების დამკვიდრებული პრაქტიკით. კერძოდ, პარლამენტის წევრები და აპარატის თანამშრომლები წლების განმავლობაში, ყოველ ივნისში და დეკემბერში, დამატებით იღებდნენ 2-2 თვის გასამრჯელოს, რომელსაც ერქვა "პრემია". სინამდვილეში ეს არ იყო "პრემია", ვინაიდან ყველას, მიუხედავად დამსახურებისა, წელიწადში 12 ხელფასის ნაცვლად ეძლეოდა 16 ხელფასი. ამ მექანიზმით იმალებოდა ის ფაქტი, რომ პარლამენტის წევრების ყოველთვიური შემოსავალი წლის განმავლობაში 25%-ით აღემატებოდა მათ ოფიციალურ ყოველთვიურ ხელფასს. მეტიც, 2008 წელს პარლამენტის წევრთა რაოდენობის შემცირების შემდეგ ბიუჯეტში ისევ იდებოდა შემცირებული 75 დეპუტატის თანამდებობრივი სარგო და ეს თანახა ყოველთვიურად 260 ლარი პრემიის სახით 4 წლის განმავლობაში ნაწილდებოდა დარჩენილ 150 დეპუტატზე.

პარლამენტის 2013 წლის ბიუჯეტის დამტკიცებისთანავე, ჩვენ შევცვალეთ ეს მახინჯი სისტემა. 2013 წლის იანვრიდან პარლამენტის წევრებისთვის არ არის გათვალისწინებული არანაირი პრემია არანაირი "შეფუთვით". პარლამენტის აპარატის თანამშრომლების ყოველკვარტალური პრემირებისთვის შეიქმნა ცალკე ფონდი ყველა თანამშრომლის ერთი თვის ჯამური თანამდებობრივი სარგოს ოდენობით. აპარატის თანამშრომლებზე პრემია გაიცემა არა გათანაბრებითი პრინციპით, არამედ დამსახურების მიხედვით. პარლამენტის აპარატის ყოველი ქვედანაყოფის ხელმძღვანელი დამტკიცებული კრიტერიუმების საფუძველზე წარმოადგენს თითოეული თანამშრომლისთვის კვარტლის ბოლოს გასაცემი პრემიის დასაბუთებას, რასაც ამტკიცებს პარლამენტის აპარატის უფროსი.
თუმცა, ამით ყველა პრობლემა არ გადაჭრილა, მათ შორის, საჯარო სამსახურში მიღების, დაწინაურების, ატესტაციის, საკლასო ჩინების, დისციპლინური პასუხისმგებლობის და სხვა ბევრი მიმართულებით. პარლამენტში იქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც სამთავრობო უწყებებთან და ექსპერტებთან ერთად შეიმუშავებს კონკრეტულ წინადადებებს საჯარო სამსახურის სისტემის გაუმჯობესების მიზნით. მივესალმები საზოგადოების წარმომადგენელთა ჩართულობას ამ პროცესშიც", - ნათქვამია უსუფაშვილის განცხადებაში.