ცნობილი ამერიკელი მსახიობი ჯონი დეპი თავისი საქმის ჩინებული პროფესიონალია. უბადლო სამსახიობო ნიჭის გარდა ის შესანიშნავი მომღერლის თვისებებითაც არის დაჯილდოებული.
რამდენიმე ხნის წინ ჯონი დეპმა საკუთარი ჯგუფი “Johnny Depp Band” ჩამოაყალიბა.
წინა კვირას ცნობილი გახდა, რომ მსახიობმა ოთხი კომპოზიცია ჩაწერა ახალი სურათისათვის “რომიანი დღიური”. ამ ალბომში შევიდა დეპის ინსტრუმენტალური ტრეკი, კომპოზიცია, რომელსაც ჯ.ჯ. ჰოლიდეისთან ერთად ასრულებს. ამის გარდა მან საკუთარ ჯგუფთან ერთად კიდევ ორი კომპოზიცია ჩაწერა.
საინტერესოა, რომ ჯონი დეპი ჰოლივუდში პირველი მსახიობი-მომღერალი არ გახლავთ. კინოვარსკვლავი კევინ კოსტნერი უკვე არაერთი წელია პროფესიონალი მუსიკოსების გვერდით საკუთარ კომპოზიციებს ასრულებს.
მიმდინარე წლის ზაფხულში კი მომღერლობით მსახიობი ჯეიმს ფრანკოც დაინტერესდა.
ჯეიმს ფრანკო კოლეგა მსახიობს კელაპი ლინზის შეუამხანაგდა და მასთან ერთად მინი-ალბომი ჩაწერა. ამ ნამუშევრის სახელწოდებაა “Kalup and Franco” და გაყიდვაში მიმდინარე წლის 12 ივლისს გამოვიდა.
ამერიკელმა მუსიკალურმა კრიტიკოსებმა ახლად გამომცხვარი მომღერლის პროფესიული დონის შეფასებისაგან თავი შეიკავეს. ჯეიმს ფრანკოს ოკეანისგაღმელ თაყვანისმცემლებს კი სწამთ, რომ ის ახალ საქმიანობაშიც მაღალ მწვერვალებს მიაღწევს.