ბრიტანულ მას-მედიაში ცოტა ხნის წინ ერთი ინფორმაცია გავრცელდა. პოპულარულ ინგლისელ სოულის სტილით მომღერალ ადელს, ექიმებმა რამდენიმე თვის განმავლობაში სიმღერა სასტიკად აუკრძალეს.
მიმდინარე წლის ზაფხულში 23 წლის მუსიკოსმა მწვავე ლარინგიტი გადაიტანა. ამ მიზეზის გამო აშშ-ში დაგეგმილი საკონცერტო ტურნეს გაუქმება მოუწია.
ექიმების მკაცრი ვერდიქტით, ადელმა საკუთარი ყელი ერთი თვის განმავლობაში აუცილებლად უნდა დაასვენოს, შემდეგ კი ოპერაცია გაიკეთოს. წინააღმდეგ შემთხვევაში მომღერლის კარიერაზე უარის თქმა მოუწევს. ამის გარდა, ადელი ნიკოტინის აქტიური მომხმარებელი ყოფილა და ამ მავნე ჩვევამ მის საერთო ჯანმრთელობაზე უარყოფითად იმოქმედა.
ცნობილია, რომ მომღერალმა ოკეანისგაღმა დაგეგმილი ათი კონცერტი უკვე გააუქმა. ამერიკის კონტინენტს ის მომავალი წლის გაზაფხულზე ესტუმრება. დეკემბრის დასაწყისში ადელს სამშობლოში ექვსი კონცერტი უნდა გაემართა. რასაკვირველია განუსაზღვრელი ვადით მისი გადადებაც მოუწია.
ადელი (ნამდვილი სახელი ადელ ედკინსი) 1988 წელს, ლონდონის ენფილდის რაიონში დაიბადა.
სადებიუტო ალბომი “19” 2008 წლის 28 იანვარს გამოუშვა. ამ დღიდან მომღერალმა უსაზღვრო პოპულარობას მიაღწია. ის დასახელდა სოულის ერთ-ერთ საუკეთესო შემსრულებლად დიდ ბრიტანეთში. ინგლისელი მუსიკალური კრიტიკოსების აზრით, ადელი სახელოვანი ეტა ჯეიმსისა და დასტი სპრინგფილდის ტრადიციებს აგრძელებს.
დისკი “19” რამდენიმე კვირის განმავლობაში დიდი ბრიტანეთის მუსიკალური ალბომების ჰიტ-პარადებს უცვლელად ლიდერობდა, მოგვიანებით კი “გრემის” ორ ნომინაციაში გაიმარჯვა.
ადელის მეორე სტუდიური ჩანაწერი “21” გაყიდვაში მიმდინარე წელს გამოვიდა. ეს ნამუშევარი ბრიტანული ჰიტ-პარადების პირველი სამეულის უცვლელი წევრია.