დიტო გელოვანი: ფიზიკური ნახატები

დიტო გელოვანი: ფიზიკური ნახატები

როცა გმირთა რაზმები წარსულს ბარდება, დგება მარტოხელა გმირების დრო. როდესაც ღმერთები  და დიდი გმირები კვდებიან, ყოველდღიური გმირობის დრო დგება. წარმოიდგინე პაიკი, რომელიც საჭადრაკო დაფაზე ეულად დარჩა. იგი გარშემო მიმოიხედავს და აღმოაჩენს, რომ მეფე წაქცეულია, დედოფალი მოღალატე გამოდგა, ხოლო კუ და მხედარი ფულის კეთებით არიან დაკავებულნი. მაგრამ პაიკი არსად წასულა, აქ არის, თავის პაწაწინა უჯრაზე - ციხე-სიმაგრეში, რომელიც დაცვას საჭიროებს და რომელიც ერთადერთია, სადაც გარეთ გამეფებული სიცივისგან თავს დაიცავს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ბრძოლა გრძელდება. მე აქ ბოლომდე ვიბრძოლებ და აქვე მოვკვდები.

(არტურო პერეს-რევერტე, „მომისმინე, მეგობარო“)

 

დღეს, 31 ოქტომბერს, მნიშვნელოვანი რამ მოხდება... დღეს დედამიწის მოსახლეობა შვიდ მილიარდს მიაღწევს. არავინ იცის, სად დაიბადება საიუბილეო ბავშვი, ტყიბულში თუ ვაშინგტონში, მოსკოვში თუ შუამთაში. არავინ იცის, რას დაარქმევენ, ვინ იქნება და როგორი გაიზრდება. ვიცით მხოლოდ ის, რომ მისი სახელი მალე ყველას გვეცოდინება, გავა წლები და იქნება თითით საჩვენებელი, შესაძლოა რაღაცით პრივილეგირებულიც, იქნებ - ამაყი, მაგრამ ცოტა მოსულელო, თავხედი, უვიცი, უზრდელი... როგორც თითქმის ყველა პრივილეგირებული. გოიმი, უფრო სწორად - ჯაგა, რაც, როგორც ერთხელ აჩიკო გამყრელიძემ ახსნა - მწარე გოიმი.

 

„საქართველო 7-მილიარდიანი სამყაროს ღირსეული წევრია თავისი უძველესი ისტორიით, ცივილიზაციის უნიკალური საგანძურით, მოსახლეობის განვითარების საკითხებითა და მომავლის პერსპექტივებით. საქართველოსა და მსოფლიოს მომავალი ჩვენს დღევანდელ ქმედებებზეა დამოკიდებული“, - განაცხადა გაერო-ს მოსახლეობის ფონდის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა.

 

იქნებ, მოხდეს სასწაული და ჩვენთან დაიბადოს... თუ არა და, ამის გამოსწორებაც შეიძლება - როგორც კი სადღაც დაიბადება ის მეშვიდემემილიარდე ადამიანი, ადამიანების სიიდან მაშინვე ამოვშალოთ ნუგზარ წიკლაური და პალიკო კუბლაშვილი და ტყიბულში ან შუამთაში დაბადებული ვინმე ზარდიაშვილი ან ცქიტიშვილი გამოვაცხადოთ საიუბილეო ადამიანად.

 

რას გადავეკიდე ტყიბულს და შუამთას? გადავეკიდე იმიტომ, რომ მალე ტყიბული იქნება მოსფლიოში ერთადერთი ქალაქი დასაქმების ასპროცენტიანი მაჩვენებლით, ხოლო შუამთა იქნება ერთადერთი დასახლებული პუნქტი, სადაც დღეში ერთი მილიონი ტურისტი ჩავა. მიშამ - წელიწადშიო, მაგრამ წელიწადი თვითონვე ებევრა.

 

ჯერ - ტყიბული და სააკაშვილის ხატოვანი სიტყვა-თქმები: „აქ იქნება 100%-იანი დასაქმება, იქნება უკეთესი შემოსავალი, კარგი საცხოვრებელი პირობები, იმისთვის, რომ ჩვენს ახალგაზრდებს საშუალება ჰქონდეთ ივარჯიშონ, გაერთონ და ამაყობდნენ იმით, რომ აქაურები არიან. თუ ყველაფერი ეს შესრულდება, ნურავინ იტყვის, რომ მე ვარ ერთაოზ ბრეგაძე. ჩვენ ყველანი ერთაოზ ბრეგაძეები და მეოცნებეები ვართ...“

 

ისევ ჩაიფსი, მიხეილ... ბრეგაძე კი არა, ბრეგვაძე. ბრეგაძე ბებიაშენია და ნუ იცით სააკაშვილებმა ასეთი სულელური ლაპარაკი. მაგალითად, ასეთი: „აქ უნდა იყოს მაგარი ცხოვრება და ამ მადლიანი მიწიდან ხალხი არ უნდა გარბოდეს... ტყიბული ადრე მომაკვდავი ქალაქი იყო, თქვენი თანასოფლელები ელიავას ბაზრობაზე იდგნენ, დამშეული თვალებით და ნებისმიერი სამუშაოს გაკეთების მზადყოფნით. მიხარია, რომ ტყიბული დღეს ცხოვრებას უბრუნდება, აქ ბრუნდებიან ტყიბულელები“.

 

მომაკვდავი ქალაქი იყო და თქვენი თანასოფლელებიო... დამშეული თვალებით და ნებისმიერი სამუშაოს გაკეთების მზადყოფნითო... ტყიბული ელის, როდის დაბრუნდებიან გამძღარი, მაგრამ მაინც უძღები შვილები - ძმები კუბლაშვილები, რომლებსაც, მართალია აღარ აქვთ დამშეული თვალები, მაგრამ ნებისმიერ სამუშაოს შეასრულებენ, რასაკვირველია, თუკი პრეზიდენტი უბრძანებთ.

 

პრეზიდენტმა უბრძანა და ძმები-ვიგინდარები - „რუსთავი 2“ და „იმედი“ ტყიბულში ჩაქანდნენ და რეპორტაჟი ვიხილეთ. საინტერესო არაფერი - მიშა ენით ზურგს იფხანდა, ხელით - ცხვირს, ფეხი „სამტრესტის“ ხელმძღვანელის უკანალზე მოიფხანა. რეპორტაჟს ვუცქირე. „ქალაქ-ტყიბულობას გილოცავთ“ - თქვა ვანო მერაბიშვილმა და იქვე გამოასწორა - ტყიბულ-ქალაქობას გილოცავთ“.

ჯერჯერობით, ხუმრობა იქით იყოს და, სერიოზულ, სამეცნიერო თემებზე გადავიდეთ.

 

გიგითეუნში (გიგი თევზაძის უნივერსიტეტი) გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია - „კავკასიის მტაცებელი ფრინველები და ბუსნაირები“. განიხილება მტაცებელი ფრინველებისა და ბუსნაირების პოპულაციების თანამედროვე მდგომარეობა; მობუდარი სახეობების ბიოლოგია, ფაუნა, გავრცელება, რიცხოვნობა, დაცვა, მიგრაციები და ზამთრობები. ასევე, მტაცებელი ფრინველების პრაქტიკული მნიშვნელობა და ნადირობა დამჭერი ფრინველებით.

 

ეგრე, რა, დალოცვილებო, თორემ უკვე ყელში ამოვიდა პარლამენტის სხდომები - „კავკასიის მტაცებელი ფრინველები და მუდოსნაირები“, ანუ ნაციონალური მოძრაობა და ნუგზარ წიკლაური.

 

გიგითეუნი აღარ ხუმრობს და ერთ კონფერენციას მეორეც მიაყოლა - „ევროპა და კავკასია - რეგიონთაშორისი ურთიერთობები და იდენტობის პრობლემა“. პრინციპში, შეიძლება ითქვას, რომ „ევროპა და კავკასია - რეგიონთაშორისი ურთიერთობები და“ სრულიად ზედმეტი იყო, მთავარი იყო „იდენტობის პრობლემები“ - ქართველობა რომ გიტყდება და სასტუმრო რომ შატოა და ჩურჩხელა - კარამელი. აი, თევზაძე რომ ხარ და რომ გინდა, იყო ფიში (fish). არადა, თავისუფალ ქვეყანაში ვცხოვრობთ, გინდა თევზაძე იყავი, გინდა თევზი, გინდა ფიში და გინდა მიხეილის ფიში-ფიში. მთვარია, საკითხს მიუდგე ფილოსოფიურად, როგორც, მაგალითად, დავით ბაქრაძე.

 

დავით ბაქრაძემ ტექნიკურ უნივერსიტეტში ფიზიკის ლაბორატორია გახსნა. „მე ფიზიკოსი ვარ და თავის დროზე, როდესაც აქ ვსწავლობდი, ასეთი პირობები რომ ყოფილიყო, დარწმუნებით შემიძლიათ გითხრათ, რომ დღეს ქვეყანას ერთი პოლიტიკოსით ნაკლები და ერთი ფიზიკოსით მეტი ეყოლებოდა“, - განაცხადა ბაქრაძემ. არადა, თავის დროზე, დიდი ისააკ ნიუტონი ინგლისის ლორდთა პალატის წევრი იყო. ბაქრაძეს წყინს, რომ ფიზიკოს ნიუტონზე ნაკლებია, მაგრამ ამაყობს, რომ მან, როგორც პოლიტიკოსმა, უკან ჩამოიტოვა ნიუტონი-პოლიტიკოსი.

 

მართალია, ლაბორატორიებში არსებული პირობები კი განსაზღვრავენ ქვეყანაში პოლიტიკოსებისა და ფიზიკოსების რაოდენობას, მაგრამ ეს არანაირად არ მოქმედებს ქლიბების რაოდენობაზე. ქლიბი ქლიბია და არ აქვს მნიშვნელობა, თავად იკვლევს ხახუნის ძალას თუ ხახუნით იკვლევს გზას ცხოვრებაში.

 

ბაქრაძის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ პროექტებში დასაქმებულები იყვნენ ქართველი მეცნიერები, ინჟინრები, მშენებლები და უცხოეთიდან არ გახდეს საჭირო კვალიფიციური მუშა-ხელის მოყვანა... და იქვე ცნობილი გახდა, რომ სამეგრელოში ჰიდროელექტროსადგურების კასკადს თურქული კომპანია ააშენებს და ყველამ კარგად ვიცით, ვინც დასაქმდება ამ მშენებლობაზე.

 

გასულ კვირაში დასაქმებასთან დაკავშირებით ახალი ინიციატით გამოვიდა მიხეილ სააკაშვილი - მეწარმე, რომელიც სამსახურში 45-დან 60 წლამდე ასაკის ადამიანს სამსახურში აიყვანს, საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლდება. როგორც „ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს“ - ჯერ ჩაირეცხნენ, მერე დასაქმდნენ. განსაკუთრებული არაფერი - ჯერ წამოაყრანტალეს, მერე დაფიქრდნენ და ალბათ მოიფიქრებენ კიდეც: დაასაქმებ - გათავისუფლდები გადასახადებისგან, არ დაასაქმებ - ჯარიმა დაგეკისრება. სხედან ახლა კუბლაშვილები და ფიქრობენ, როგორ გააპრავონ მიშას ნაყრანტალები, რომელიც უკვე მოინათლა როგორც „იდიოტიზმში გარდამავალი დებილობა“.

 

ამის შემდეგ, აღარ უნდა გაგვიკვირდეს, რომ  სიღნაღის მუზეუმში გამოფენა - „საქართველოთი მონუსხული“ გაიხსნა. გამოფენაზე წარმოდგენილია ამერიკელი ჯონ უერდმანის, რუსი ილია იაჩენკოსა და უკრაინელი ივან კუგაჩის მიერ შესრულებული 60-მდე რეალისტურ-იმპრესიონისტული ფერწერული ნამუშევარი. ნამუშევრებზე ვხედავთ ყოველივე იმას, რამაც უცხოელი მხატავრები მონუსხა - მთავარსარდალი სააკაშვილი, ელჩი ბეგაშვილი, მინისტრი გოროზია, კალათბურთის გულშემატკივარი ეკა ხერხეულიძე, შუშანიკისა და „რომის პაპას“ ფანი დომენტი სიჭინავა და ა.შ. განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ორ მხატვრულ ტილოს - „გოკა გაბაშვილი წინ მიუძღვება ქართულ ჯარს“ და „გივი თარგამაძე ამთქნარებს“. მომავალში, ალბათ შეიქმნება ქართული „გერნიკა“ – „ზაზა გოროზია საქმეს შეუდგა“.

 

გთავაზობთ ნიუსს, რომელიც ჩემს ძმობილ სააგენტოს გოროზიას პრესსამსახურმა მიაწოდა:  სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაზა გოროზია ხვალ, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ,,დუთი ფრის" ზონაში, ქართული ღვინის ახალ მაღაზიას გახსნის. როგორც "ინტერპრესნიუსს" სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, მაღაზიაში 12 ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიის ნაწარმი იქნება წარმოდგენილი... ანკარისა და სტამბოლის საერთაშორისო აეროპორტებში, რომლებიც მგზავრთა გამტარუნარიანობით საკმაოდ დიდია, ქართულ ღვინოს 20 მილიონზე მეტ მგზავრს შესთავაზებენ, რაც ხელს შეუწყობს არა მარტო ქართული ღვინის პოპულარიზებას, არამედ ეროვნული ღვინის პროდუქციის შესახებ ცნობადობის გაფართოებას და საერთაშორისო ბაზარზე პოზიციის გამყარებას“.

 

რა თქმა უნდა, ქართული ღვინის პოპულარიზაცია ეროვნული და კეთილშობილური საქმეა, მით უმეტეს თუ 20 მილიონი კაცი... ისე როგორ იქნება, რომ ამ 20 მილიონიდან ერთმა მილიონმა მაინც კახეთში ჩასვლა არ მოინდომოს!.. კიდევ იტყვის რომან თურქია, ხუტა წულეისკირმა პატაკის წერა არ იცისო?

 

არ ვიციო - ამ ერთი კვირის წინ უთქვამს სამეგრელოს გუბერნატორს, ზაზა გოროზიას და, როგორც ამბობენ სამიდან ერთ-ერთ ახალაიას სასტიკად უცემია. თუ რომელმა ცემა, ამის შესახებ მეისტორიე არაფერს ამბობს, თუმცა ვარაუდს გამოთქვამს, რომ ეგზეკუციას სამში თამამი ჩაატარებდა.

 

გოროზიას გაუტკბა და გათამამდა. ისე გათამამდა, რომ გასულ კვირაში რაჭის მოსახლეობას სოფლის მეურნეობის განვითარების გეგმები გააცნო. სოფლის მეურნეობის პოლიტიკის ძირითად პრიორიტეტებზე ესაუბრა, რაც, მისი თქმით, მოიცავს მეწარმეობაზე ორიენტირებული სოფლის მეურნეობის განვითარებას, სასოფლო-სამეურნეო მიწების ჩართვას წარმოებაში, მემარცვლეობის, მეღვინეობის, მეცხოველეობის, მეხილეობის დარგების, ლოჯისტიკური ქსელების განვითარების ხელშეწყობას და ა.შ.

 

გოროზიაზე იკაიფე... მე კარგად ვიცნობ რაჭველებს და დარწმუნებული ვარ, იკაიფეს კიდეც. კარგად ვიცნობ რაჭველების ღრმად კონსპირირებულ სიფიცხეს და იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ გოროზიას ლექციის რომელიმე მსმენელი აუცილებლად იტყოდა, დაადგი ახლა ამას ფეხი და გასრისეო, რაზეც მეორე მსმენელი შენიშნავდა - არ ღირს, წვიმა იცისო.

 

კლიმატის კვირეულის ფარგლებში ახალციხეში ფართომასშტაბიანი ღონისძიებები გაიხსნა. მიწვეული ექსპერტების მიერ გაიმართა კლიმატის ცვლილებისა და გარემოს დაცვის დარგებში ღია ლექცია ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში... მოკლედ, ერთი მილიონი ტურისტი კახეთში ჩავა, ერთი მილიონი მეცნიერი - მესხეთში, ერთი მილიონი უცხოელი მუშა - სამეგრელოში...

 

საქართველოს სახელგანთქმული სტუმრების შესახებ წიგნი გამოიცა. „დიდი ადამიანები საქართველოში: არგონავტებიდან მარადონამდე“ - ამ სახელწოდების ილუსტრირებული გამოცემა, საქართველოში „რია ნოვოსტის“ წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ბესიკ ფიფიამ გამოსცა. საამური ამბავია, მაგრამ, როგორც ხშირად ხდება ხოლმე, საამურს სიმყრალე ამჯერედაც შეერია - წიგნის გამოცემის იდეისთვის ფიფიამ მადლობა სააკაშვილს გადაუხადა.

 

ადგეს ახლა ბესიკ ფიფია და გამოსცეს წიგნი იმის შესახებ, სააკაშვილის გადამკიდე საქართველოს ორ რეგიონში როგორ გვექცნენ რუსები მასპინძლებად.

 

საერთოდ კი, სიტუაციის მასპინძელი, მთლიანობაში, კვლავ შინაგან საქმეთა სამინისტროა. შსს-მ კომპიუტერულ თამაშ "პოლიციის" ახალი ვერსია შექმნა. შსს-ს ცნობით, თამაშის მეორე ვერსიის სიუჟეტი განახლებული ბათუმის ქუჩებში ვითარდება. „პირველი ამოცანა, რომელიც სამუშაო გუნდის წინაშე იდგა, ეს იყო მაქსიმალურად ახლოს მიეყვანათ მოთამაშე საბრძოლო რეჟიმთან, რათა შეეგრძნო სათამაშო გარემო, იარაღი, მოწინააღმდეგეები და სხვა დეტალები. ყოველივე ამაში დიდი დახმარება გაწია პოლიციის აკადემიამ და მისმა ინსტრუქტორება, რომლებმაც მოკლე დროში, დეტალურად აუხსნეს და შეასწავლეს პროექტის გუნდს პოლიციის უნარ-ჩვევები და ქცევის ელემენტები“ - ნაუწყებს იუწყება მეგობარი სააგენტო.

 

მე მგონი, მოსაწყენი თამაში იქნება, რადგან თამაში ბათუმში ხდება, ხოლო ბათუმში, მოგეხსენებათ ხდება მხოლოდ მშენებლობა. ალბათ, პოლიცია დადის და თვალყურს ადევნებს, რომ ტურისტებმა ერთმანეთს არ აკიდონ ვენერიული დაავადებები, ვინმე არ გადმოვარდეს ხარაჩოებიდან და სიმინდის გამყიდველებმა გამოიყენონ სალარო აპარატი. სხვა რა უნდა მოხდეს? ჰო - პატრული დადის და ქართულ აბრებს სომხური აბრებით ცვლის. კიდევ? კიდევ, რეალტივის ჟურნალისტები მოლებში დადიან, ხოლო პატრული თვალყურს ადევნებს, რომ მოლას ბიძინა ივანიშვილის შესახებ კარგი არაფერი წამოცდეს.

 

ტყიბულქალაქობით გაყოყოჩებულმა პალიკო კუბლაშვილმა თქვა, ეგრეც არ არის საქმე, რომ ივანიშვილი თავის ქველმოქმედების შესახებ არაფერს ამბობდაო, ხანდახან წამოცდებოდა ხოლმე რამეო და ეს წამოცდენა როგორ ხდება, ყველამ კარგად ვიცითო. მოკლედ - თავს იპიარებდაო.

 

ფაქტია - კუბლაშვილს შურს. თვითონაც ძალიან უნდა, რომ საკუთარი თავი გააპიაროს, მაგრამ ეგ ნამდვილად შეუძლებელია - ვისაც კუბლაშვილის თავი უნახავს, ყველა დამეთანხმება.

 

აი, პალიკოს უფროსი ძმა ხანდახან ბედავს და თავს იპიარებს. თუმცა ეს მხოლოდ მაშინ ხდება, როდესაც უზენაეს სასამართლოს გამამართლებელი განაჩენი გამოაქვს, ანუ წელიწადში სამჯერ ან ოთხჯერ. „საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დავა მეწარმის სასარგებლოდ გადაწყვიტა. სასამართლომ შპს „ვივა“-სა და შემოსავლების სამსახურის გორის რეგიონულ ცენტრს შორის დავა დღეს დაასრულა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ უზენაესი სასამართლოდან აცნობეს...“

 

ვივა კუბლა, ვავა ცხაკაია!!!

 

ვივა თემურ გიორგაძე - ვეტერანმა სამბისტებმა რამდენიმე მედალი მოიპოვეს, ოღონდ იმას რა ვუყოთ, სამბო რომ რუსების გამოგონილია? სამბო - სამააბარონა ბეზ არუჟია.

 

ვივა მიშას გამოგონილ პოლიტიკოსს - გია თორთლაძეს. „დემოკრატიული პარტიის“ წარმომადგენლები ოკუპირებულ ტერიტორიებზე ევროკავშირის მონიტორების დაშვებას მოიითხოვენ. ნტ, ნტ... და რამე რომ იყოს, ევერესტზე გია თორთლაძის შვეულმფრენით დაშვება არ უნდათ?

 

საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე მალხაზ გულაშვილი დააკავეს. გულაშვილმა დანაშაული აღიარა.

 

თქვენი არ ვიცი და მე, ჩემდათავად, ბევრ რამეს პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის გამოჩენას ვუკავშირებ. გულაშვილის დაბრუნებაც ეგრე მგონია.

 

მგონია რა - ვიღაცეებს ვიცნობ და რაღაცეები ვიცი.

ისიც ვიცი, როგორ უნდა დაგემშვიდობოთ - ოკპკ.

 

კ.ი. (კარგი იქნებოდა) კარგი იქნებოდა, შენდა წილად დარჩენილიყო რევოლუციები, რომლებსაც მოახდენდი, ოცნებები, რომლებსაც აიხდენდი და იდეები, რომელთა დაცვა ბარიკადებზეც ღირს. მაგრამ იცი, უფრო სწორად, გრძნობ - ყველა რევოლუცია უკვე მოხდა და მის ნაყოფი, როგორც სხვა დროს, ისევ მათ იგემეს. ამ ფილმში ცუდი ბიჭები იმარჯვებენ, ხოლო კარგები ქუჩაში, წვიმაში რჩებიან.

(არტურო პერეს-რევერტე, „მომისმინე, მეგობარო“)