ცნობილი ქართველი მსახიობი გივი ბერიკაშვილი თანამემამულეების დიდი სიყვარულით სარგებლობს. დროთა განმავლობაში მის მიერ განსახიერებული პერსონაჟები ნებისმიერი ასაკის მაყურებელმა შეიყვარა და გაითავისა.
საქართველოში არის კუთხე, სადაც ბატონ გივის განსაკუთრებით ეთაყვანებიან. ალბათ მიხვდით, რომ კახეთს ვგულისხმობთ.
კახელები დღემდე ამტკიცებენ, რომ ლონდრეს შემსრულებელი ამ რეგიონში დაიბადა. არადა მსახიობი ამ ქვეყანას თბილიში, ვერაზე მდებარე სამშობიაროში მოევლინა, 1934 წლის 15 მაისს.
დღევანდელი წერილის გმირი ბატონი გივი ბერიკაშვილი იქნება. ბატონმა გივიმ კინომოღვაწეობა ოცდარვა წლის ასაკში დაიწყო. გიორგი შენგელაიამ გადაიღო მოკლემეტრაჟიანი ფილმი “ჯილდო”, სადაც ეპიზოდური როლი შეასრულა. ლონდრე მისი პირველი სერიოზული ნაშრომი აღმოჩნდა.
“თავიდან გაბრიელის როლი უნდა მეთამაშა, მაგრამ ვინ აღარ გასინჯეს ლონდრეს როლზე. არავინ მოსწონდა რეჟისორს, ბატონ თამაზ მელიავას. ლონდრეს როლის შემსრულებელს მეც აქტიურად ვეძებდი.
ერთ მშვენიერ დღეს კინოსტუდიის ეზოში ფეხბურთს ვთამაშობდით: თამაშის დროს მოთამაშეების ნაწილი წელზევით შიშვლები ვიყავით, ნაწილი – ჩაცმული. როგორც ჩანს, ბატონმა თენგიზმა დამინახა და დამიძახა. შემდეგ ასისტენტს უთხრა: ერთი ეს ზევით აიყვანეთ და სურათი გადაუღეთო. ჯერ ასე შიშველს გადამიღეს, მერე “შემკაზმეს” და კინოსინჯიც გადამიღეს.
სამხატვრო საბჭოზე ყველამ ჩემს კანდიდატურას დაუჭირა მხარი. ის დღე არასოდეს დამავიწყდება, მით უმეტეს, რომ ჩემი დაბადების დღე იყო” - ამბობს ბატონი გივი.
კახეთში გივი ბერიკაშვილი არაერთ სურათში გადაიღეს, კურიოზიც არაერთხელ შემთხვევია. ერთ-ერთ ასეთ ეპიზოდს თავად იხსენებს.
“კახელებს ჩემზე მზე და მთვარე ამოსდით. ერთხელ ხმა გააგდეს, გივის ძეგლი უნდა დავუდგათ თელავშიო. ძეგლისა რა მოგახსენოთ, მაგრამ თვალში რომ ჩავუვარდე, თითს არ მოისვამენ.
წინა საუკუნის სამოცდაათიანი წლებია. კახეთში ვიღებთ სურათს “ამკლების დაბრუნება”, მე ინსპექტორის როლი მქონდა ამ ფილმში.
ზაფხულია, პაპანაქება სიცხე. ვდგავარ შარაგზაზე ინსპექტორის ფორმაში გამოწყობილი. კინოკამერა დამალულია და მძღოლებმა არ იციან, რომ ნამდვილი ინსპექტორი არ ვარ.
ცოტა ხანში როლში შევიჭერი და რომელიმე მანქანის გაჩერება მოვისურვე. მართლაც გზაზე ერთი “გრუზავიკი” გამოჩნდა. აღვმართე ჭრელი ჯოხი და ჩავუსტვინე ნამდვილი ინსპექტორივით. გაჩერდა მანქანა. ჩამოსრიალდა მძღოლი, მსუქანია და ძალიან მაღალი. კახი კავსაძეს სიმაღლეში გვარიანად ასწრებდა. ჩამოვიწიე ქუდი თვალებზე, არ მიცნოს-მეთქი.
- საბუთები, თუ შეიძლება! – ვეუბნები მძღოლს. უხმოდ გამომიწოდა.
- კაცო, - ვეუბნები მკვახე ხმით, - შენა, რო დაბღუილობ აქა, ეს ტრასა საშლიგინო ხომ არა გგონია?
მძღოლმა მოწყალედ გამიღიმა, ალბათ იფიქრა, სიცხემ იმოქმედა ამ საწყალზეო. ცოტა ხანში მიხვდა, რომ რაღაცა ხდებოდა, მაგრამ - რა, ბოლომდე ვერ გაითვითცნობიერა. დაეჭვდა. ცოტა ჩაიმუხლა, რომ (დაბალი ვარ) სახეზე შემხედოს, მეც ჩავიმუხლე. იმან უფრო ჩამოიწია, მეც ჩავიწიე, იმან უფრო, მეც უფრო. ამ უფრო-უფროსობაში ჩამომვარდა ქუდი და შევრჩი ხელში გივი ბერიკაშვილი.
- ვაა! – იღრიალა, - გივი არა ხარ, კაცო შენა, ჩვენი გივი-ლონდრეი?
- ხო. კარგი, კარგი დაწყნარდი, - ვუბრუნებ საბუთს.
- იცი, რა? – დამეღრიჯა – დახიე ეგ საბუთი და ისე მამეცი.
- გაგიჟდი, რატომ უნდა დავხიო?
- ყველას ვეტყვი, გივი ბერიკაშვილმა დახია-მეთქი, სუვენირად მექნება. მიდი, დახიე რა.
ახლა მე დავეჭვდი, რომ მთლად დალაგებული არ იყო, მაგრამ ხელში ამიტაცა და იმდენი მკოცნა, სამმა კაცმა ძლივს დაგვაშორა ჩვენი გადამღები ჯგუფიდან”.
სურათი “ღვინის ქურდები” კახეთში განსაკუთრებით უყვართ. ალბათ გაგიკვირდებათ და, ბატონ კახი კავსაძეს ელიბოს როლი თავდაპირველად არ უნდა ეთამაშა. კვლავ გივი ბერიკაშვილს მოვუსმინოთ.
“კახი კავსაძე ელიბოს როლზე მოგვიანებით დაამტკიცეს. პირველად ეს როლი ერთ-ერთ სხვა მსახიობს მისცეს.
- გივი, - მეუბნება ერთ დღეს კუკური ლაფერაძე, - შეხედე ერთი ამ კაცს, სამი დღეა ვაკვირდები და ვფიქრობ, რა ელიბო ესაა? რა ახმახი?! ბიჭო, ამისი როგორ უნდა შემეშინდეს?
- ანდა მეც! – დავეთანხმესავით.
მაშინ კი გამოჩხრიკეს კახი, რომელმაც იქვე გამოიცვალა ტანსაცმელი, მოირგო ულვაში და ერთი ისეთი დაიღრიალა, მთელი 15 კილომეტრის რადიუსში ქათმებმა სულ ლაყე კვერცხები დადეს შიშზე. სუფთა გიჟი, გადარეული.
დაამტკიცეს როლზე, სულ ერთ დღეში მორჩა გადაღებას და გაიკრა 90 მანეთი. ნახევარი ხინკალში დახარჯა (ისე ვინ გაუშვებდა?), დანარჩენი კი წაიღო სახლში. მერე უკვირდა - კაცო, დონ-კიხოტი რამხელა როლი იყო და ხალხი მაინც ელიბოს რატომ მეძახისო?”
რადგან სიტყვამ “ღვინის ქურდები” მოიტანა, კიდევ ერთ “სახალისო ისტორიას” შემოგთავაზებთ. რასაკვირველია, მთხრობელის როლში კვლავ გივი ბერიკაშვილი იქნება.
“ფილმის გადაღების დროს ამბები ხდებოდააა! ერთხელ რომ გადაღების დროს მართლა დავითვერით, ყველამ იცის და იმას ხომ აღარ გავიმეორებ კიდევ?
ამ ფილმში არის კადრი, როდესაც ხორცი იხარშება დიდ ქვაბში. მე იქ ქვაბს ვუტრიალებ, კარლო საკანდელიძეზე არაფერს ვამბობ, მაგრამ ცხონებული კუკურა ლაფერაძე მაგარი მჭამელი გახლდათ და ეტყობოდა კიდევაც.
ასეთი ადგილაცაა ფილმში - ხორცს ვსინჯავ, მოხარშულია თუ არა. საზიზღარი გემო ჰქონდა იმ ხორცს და ჩავაბრუნე ისევ ქვაბში. დამთავრდა ერთი დუბლის გადაღება, ხვალ მეორე უნდა გადავიღოთ. დავტოვეთ ის ხორცი იმ ქვაბში.
- ხვალაც ამ ხორცს გვაჭმევენ? – მეკითხება კუკური,
- ალბათ - ვპასუხობ დარდიანად.
მოვედით მეორე დღეს გადაღებაზე, ისევ ის საზიზღარი ხორცი ყრია ქვაბში.
წავიდა კუკური, გააღო თავისი მანქანის კარი, გადმოიღო სადილის თერმოსი, გადმოყარა იქიდან ცხელი ხაშლამა სინზე და შევექეცით გემრიელად მშვენიერ ხორცს.
უნდა აღვნიშნო, რომ დირექცია, ფულის ეკონომიის მიზნით ხანდახან შეუფერებელ “საკვებს” შემოგვთავაზებდა ხოლმე, თუმცა ჩვენ არასდროს ვიბნეოდით და “ალტერნატივა” მუდამ მზად გვქონდა”.
გახსოვთ კომუნისტების დროს ჩატარებული “თბილისობის” დღესასწაულები? იმ დღეებში ძველ თბილისში გივი ბერიკაშვილიც დასეირნობდა, კახური ქუდით და ვირით. მსახიობი მედეა ჩახავა ერთ ამბავს იხსენებდა:
“წელი ზუსტად არ მახსოვს, თბილისობას ზეიმობს ქალაქი (კომუნისტების დროის ამბავს ვყვები). მორთულ-მოკაზმულია რიყე და ავლაბარი, საზეიმო განწყობაა მთელ ქალაქში. თეატრალიზებული წარმოდგენები იმართებოდა მაშინ და მეც დამავალეს, ქურთი მეეზოვის ტანსაცმელი ჩამეცვა და ასე გავსულიყავი ცოცხით ხელში, ქუჩაში. რა თქმა უნდა, დაგვა-დალაგებას არავინ მაძალებდა, უბრალოდ, მანეკენი ვიყავი, მეტი არაფერი.
როგორც ჩანს, გივი ბერიკაშვილსაც ჰქონდა თავისებური დატვირთვა-დავალება. როგორც “კარენნოი” კახელი, ვირზე ამხედრებული უნდა შემოსულიყო რიყეზე.
სადაცაა მთავრობა მოვა გაპრიალებული შავ-შავი ლიმუზინებით. მზადებამ და ფუსფუსმა კულმინაციას მიაღწია და ამ დროს სრულიად რომ ვერავინ იფიქრებდა (კაცმა რომ თქვას, რატომ არ უნდა ეფიქრათ?), გივის ვირმა ერთი ნიშნის მოგებით დაიყროყინა და პირდაპირ გაწკრიალებულ ბორდიურს “დაუშინა” თხელი და ცხელი ფუნა.
იმ წუთში ყველა დაიბნა, მაგრამ ისევ მე ვიმარჯვე, ტანსაცმელი მეეზოვის მეცვა, ცოცხი – სულ ახალი. ჰოდა, დავტრიალდი.”