წამსვლელი ბევრია, უკან დამბრუნებელი კი თითქმის არავინ

წამსვლელი ბევრია, უკან დამბრუნებელი კი თითქმის არავინ

სააკაშვილის აზრით, საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა აღმოსავლეთ ევროპაში და პოსტსაბჭოთა სივრცეში, რომელსაც მიგრაციის პოზიტიური ბალანსი აქვს, ანუ უფრო მეტი ადამიანი ბრუნდება, ვიდრე ქვეყნიდან მიდის. სინამდვილეში კი, საქართველოში ვინც კი დაბრუნდა ძალიან ნანობს და პირველივე შესაძლებლობისთანავე ქვეყნისდან გარბის. სპეციალისტები თვლიან, რომ სტატისტიკის მაჩვენებელი სანდო არ არის, რადგან მეთოდოლოგია არასწორია.

„ჩვენ ვართ ერთადერთი ქვეყანა აღმოსავლეთ ევროპაში და პოსტსაბჭოთა სივრცეში, რომელსაც აქვს პოზიტიური მიგრაციის ბალანსი, ანუ უფრო მეტი ადამიანი ბრუნდება ვიდრე მიდის ქვეყნიდან. ეს არ აქვს არავის არც პოლონეთს, არც ბალტიის ქვეყნებს არც რუსეთს, რუსეთში 24%-ს უნდა გაქცევა ოფიციალური მთავრობის მონაცემებით.

ეს ყველაფერი კი, მეტყველებს იმაზე, რომ ახალგაზრდობა აღარ მიდის საქართველოდან. მათ ქვეყანაში გაეხსნათ პოტენციალი დასაქმების, კარგი განათლების მიღების, კარიერული წინსვლის“, - განაცხადა სააკაშილმა.

საპირისპიროს აცხადებენ დემოგრაფები. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, დემოგრაფი გია წულაძე ამბობს, რომ „რაც არ უნდა იძახონ, ადამიანები უკან მორბიან და თავს იკლავენ ქვეყანაში დაბრუნებითო, დაახლოებით, მილიონამდე საქართველოს მოქალაქე ქვეყნიდან გასულია და ამის დანახვას დემოგრაფიის დიდი ცოდნა არ სჭირდება“.

„საქართველოს მოსახლეობა არათუ ბრუნდება ქვეყანაში, არამედ დეპორტაციის რისკის ფასად არალეგალურად მიდიან სხვადასხვა ქვეყნებში, ლუკმა-პური რომ იშოვონ. არალეგალების საკმაოდ დიდი რადენობაა თურქეთსა და საბერძნეთში. ასევე ბევრი ქართველია რუსეთსა და ესპანეთშიც. ყველას ჰყავს ნაცნობი, რომელიც არალეგალურად არის წასული შტატებსა ან ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში და ეს ხალხი, ძირითდად, შრომის მიგრანტები არიან. 

სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცმებით, რომელიც აღწერათა შორის პერიოდში გაკეთდა, აღნიშნულია, რომ 2002 წლამდე 930 ათასამდე ადამიანია საქართველოდან გასული. ამას ემატება არალეგალებიც. მათგან არ მგონია, რომ დიდი რაოდენობა დაბრუნდა, ალბათ, თითო-ოროლა. რაც არ უნდა იძახონ, უკან მორბიან და თავს იკლავენ ქვეყანაში დაბრუნებითო, დაახლოებით ამ რაოდენობის ადამიანი ქვეყნიდან მაინც არის გასული“, - ამბობს გია წულაძე.

მისი აზრით, სტატისტიკის მაჩვენებელი სანდო არ არის და მიზეზი არასწორი მეთოდოლოგიის არსებობაა. „სტატისტიკის დეპარტამენტი ყოველგვარი მეთოდოლოგიისა და საერთაშორისო სტანდარტების დარღვევით მსგავს შემომსვლელ-გამსვლელებს მიგრანტად თვლის. ამ მონაცემებით რეალურად მიგრაციის სალდო კი არ ითვლება, არამედ საზღვრის გადამკვეთების და, როგორც ჩანს, საქართველოში უფრო მეტი ადამიანი მართლაც შემოვიდა, ვიდრე გავიდა. თუმცა, აქვე უნდა გავმარტო, რომ ეს მხოლოდ მომსვლელ-წამსვლელებია და არა მინიმუმ ერთი წლით სამშობლოში დაბრუნებული მიგრანტი“, - აცხადებს წულაძე.

ადგილობრივი სპეციალისტების მოსაზრებას ამყარებს თავად მიგრანტების დამოკიდებულებაც, რომელსაც ისინი სამშობლოში დაბრუნებასთან დაკავშირებით გამოხატავენ. ამჟამად ყველაზე რთულ მგომარეობაში საბერძნეთში მყოფი ქართველები არიან. მიუხედავად იმისა, რომ ამ ადამიანებს შემოსავლები გაუნახევდათ და ბევრმა სამსახურიც დაკარგა, ისინი საბერძნეთის დატოვებას და საქართველოში ჩამოსვლას მაინც არ აპირებენ. ისინი თვლიან, რომ სამშობლოში იმის საშუალებაც კი არ ექნებათ, რომ ყოველდღიური საჭმლის ფული ჰქონდეთ.

„ქართველები ველით, რა მოხდება. პირადად მე სამსახური არ დამიკარგავს, მაგრამ ბევრი ქართველი უმუშევარი დარჩა, ბევრს კი ხელფასი თითქმის 50%-ით შეუმცირეს. კრიზისი, როგორც იცით, დიდი ხანია რაც დაიწყო. ამ პერიოდის განმავლობაში რამდენიმე ადამიანი წამოვიდა საქართველოში, მაგრამ გვირეკავენ და გვეუბნებიან, რომ ამ ნაბიჯს ძალიან ნანობენ. ამბობენ, რომ ერჩივნათ აქ მინიმალური ხელფასი ჰქონოდათ, ვიდრე საერთოდ არაფერი, რადგან დღემდე ყველა, ვინც მანდ ჩამოვიდა, უმუშევრები არიან“, - აღნიშნავს სალონიკში მცხოვრები მარიამ ბეღანიშვილი.

ანალოგიურ მდგომარეობაში არიან საბერძნეთის სხვადასხვა ქალაქში მცხოვრები სხვა ქართველებიც. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო თვეების განმავლობაში ზოგმა სამსახური დაკარგა, დიდ ნაწილს კი ხელფასი თითქმის 50%-ით შეუმცირდათ, სამშობლოში ჩამოსვლას არავინ აპირებს. იმედი აქვთ, რომ სიტუაცია გამოსწორდება და თუ ხელფასს არ გაუზრდიან, იმასაც მაინც უპრობლემოდ გადაუხდიან, რაც დღეს აქვთ.