რიჩარდ ნორლანდი: პატრიარქს საქართველოში არსებული მდგომარეობა ძალიან აღელვებს

რიჩარდ ნორლანდი: პატრიარქს საქართველოში არსებული მდგომარეობა ძალიან აღელვებს

პატრიარქს საქართველოში არსებული მდგომარეობა ძალიან აღელვებს, - ამის შესახებ ამერიკის ელჩმა საქართველოში, რიჩარდ ნორლანდმა ჟურნალისტებს სასტუმრო "რედისონში" პატრიარქთან გუშინდელი შეხვედრის კომენტირებისას განუცხადა. 

ელჩის თქმით, პატრიარქმა ის და მისი მეუღლე გულთბილად მიიღო და შეხვედრაზე საუბარი შეეხო როგორც ზოგადად რეგიონულ სურათს, ასევე პატრიარქის უკანასკნელ ვიზიტს მოსკოვში და ადგილობრივ პოლიტიკურ სიტუაციას.

"პატრიარქს ძალიან აღელვებს საქართველოში არსებული მდგომარეობა. მასთან საუბარი ჩემთვის ძალიან შთამაგონებელი იყო, რადგან მან გამოთქვა მოსაზრება, რომ ამ პერიოდში ძალიან დიდი მოთმინებაა საჭირო. პატრიარქს ძალზე უყვარს საკუთარი ქვეყანა. შევეხეთ იმ გამოწვევებს, რომელიც არის კოჰაბიტაციის წარმატებულად გაძღოლის გზაზე. პატრიარქმა იმედი გამოთქვა, რომ ეს პროცესი წარმატებულად წარიმართება და ჩვენ გვქონდა სრული თანხვედრა ხედვაში იმაზე, რომ ლიდერები ორივე მხარეს მუშაობენ და ეძებენ გამოსავალს, რომ ამ საკითხში წინსვლა იყოს. ასევე ჩვენი პოზიციები ემთხვევა იმაზე, რომ მისაღწევია ბალანსი, როდესაც უზრუნველყოფილი იქნება სამართლიანობა და ამავე დროს იქნება პატიების გრძნობაც, რომ პროცესი შურისძიებაში არ გადაიზარდოს", -აღნიშნა რიჩარდ ნორლანდმა.

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩსა და მის მეუღლეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა გუშინ საპატრიარქოში უმასპინძლა.