საქართველოს მთავარი პროკურატურა ამირან(ბუტა) რობაქიძის მკვლელობის საქმის დეტალებს ავრცელებს .
როგორც პროკურატურის განცხადებაშია ნათქვამი, საქართველოს პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის მიერ განმეორებით დაიკითხა დიდუბე-ჩუღურეთის საპატრულო პოლიციის ყოფილი ოცმეთაური, მაიზერ ლიპარტელიანი, რომელიც იყო ამირან (ბუტა) რობაქიძის მკველობის ღამეს წერეთლის გამზირზე გასული საპატრულო პოლიციის პატრულ-ინსპექტორების, მათ შორის მსჯავრდებულ ბაშალეიშვილის უშუალო ხელმძღვანელი.
პროკურატურის ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ ლიპარტელიანი იმყოფებოდა შემთხვევის ადგილზე და ფლობდა ინფორმაციას რობაქიძის მკვლელობის გარმოებებთან დაკავშირებით, გამოძიების განახლებამდე ამ საქმეზე მანამდე დაკითხული არ ყოფილა.
"რობაქიძის მკველელობის გარემოებების გაყალბების დადგენის მიზნით განახლებული გამოძიების ფარგლებში, მაიზერ ლიპარტელიანი დაიკითხა 4-ჯერ. 2012 წლის 25 ნოემბერსა და 2012 წლის 18 დეკემბერს მიცემულ ჩვენებებში იგი კატაგორიულად უარყოფდა და არაერთხელ განმარტავდა, რომ შემთხვევის ადგილზე რაიმე სახის იარაღი არ არსებობდა და შესაბამისად, არც მას უნახავს ასეთი. თუმცა, მოგვიანებით გადათქვა იგი და გამოძიებას მისცა არსებითად საწინააღმდეგო ჩვენება. კერძოდ, მან განმარტა, რომ ბრალდებულ ი. ფირცხალავას მიერ მოპოვებული კადრების გავრცელების შემდგომ მას გაახსენდა, რომ შემთხვევის ადგილზე იყო ორი იარაღი - ერთი ავტომატური და ერთი ბარაბიანი იარაღი "-ნათქვამია განცხადებაში.
პროკურატურა მიიჩნევს, რომ ლიპარტელიანის მიერ არსებითად ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებების მიცემა ემსახურება მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლის მიზანს, რაც ჩადენილია პირადი მოტივებით.
აქედან გამომდინარე, ლიპარტელიანი დაკავებული იქნა სსკ 3711-ე მუხლის მე-2 ნაწილით და მას წარედგინება ბრალდება კანონით დადგენილი წესით და ვადებში.