მედიაკავშირმა "ობიექტივი" 2006 წლის 2 მაისს კორტებთან ჩატარებული სპეცოპერაციის ამსახველი ვიდეომასალა გაავრცელა . მედიაკავშირის ინფორმაციით, მასალა 41-წუთიანია და პროკურატურას გადაეცემა.
სპეცოპერაციის დროს მოკლული ზურაბ ვაზაგაშვილის ოჯახის ადვოკატის მტკიცებით, ახალი კადრებით დგინდება, რომ ყველა გასროლა "გარედან შიგნით" განხორციელდა, რითაც გამოირიცხება გამოძიების ვერსია, თითქოს ახალგაზრდები დასაყაჩაღებლად მიდიოდნენ და სამართალდამცველებს მანქანიდან ცეცხლი გაუხსნეს.
აღნიშნულს ტელეკომპანია "რუსთავი 2"-თან საუბარში დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის სამმართველოს ყოფილი უფროსი ირაკლი ფირცხალავა ეხმაურება, რომელიც, ვაზაგაშვილის ოჯახის მტკიცებით, სპეცოპერაციას ხელმძღვანელობდა. ფირცხალავა ვიდეომასალის ექსკლუზიურობას გამორიცხავს.
"7 წლის წინ ეს მასალა ჰქონდა როგორც გამოძიებას, ისე სასამართლოს და მანქანაში მყოფი ერთ-ერთი პირის, ფუთურიძის ადვოკატსაც გადაეცა. ამაში ექსკლუზიური და წარმოუდგენელი არაფერია. კიდევ ერთხელ მიდის მასაზე თამაში მძიმე კადრებით, მაგრამ მერწმუნეთ, ეს არაა ის სენსაცია, რასაც ხალხი ელოდება. ესაა, ჩვეულებრივად, ადგილის დათვალიერება, რომელიც ყველა სისხლის სამართლის საქმეს თან სდევს",- აღნიშნა ფირცხალავამ.
2 მაისის სპეცოპერაციის დროს თემურ ხუბულოვი და ზურაბ ვაზაგაშვილი დაიღუპნენ. კიდევ ერთი, გვარად ფუთურიძე კი, დაიჭრა.