ქართული ბანკებით რუსეთის საფინანსო ინსტიტუტების მიერ დაინტერესებასთან დაკავშირებით პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე ეროვნულ ბანკში კომენტარი ამ დრომდე არ გაკეთებულა . ჯერ უცნობია, გამოეხმაურება თუ არა ეროვნული ბანკი მიხეილ სააკაშვილის განცხადებას.
საქართველოს პრეზიდენტმა გუშინ, ჟურნალისტებთან შეხვედრაზე ქართული ბანკების რუსული ფინანსური ინსტიტუტების მიერ შეძენის გახშირებულ ფაქტებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ტენდენციის გაგრძელების შემთხვევაში საქართველოს დიდი ქონება რუსეთის საკუთრებაში აღმოჩნდება.
"რამდენიმე დღის წინ საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი - "ლიბერთი ბანკი" იყიდა რუსეთის სახელმწიფო ბანკმა - "სბერბანკმა". ახლა რუსეთის ერთ-ერთი დიდი ბანკი "ალფა ბანკი", რომელიც მჭიდროდ დაკავშირებულია კრემლთან, ყიდულობს "თიბისი" ბანკს, "ქართუ" ისედაც რუსული ბანკია, საქართველოში შემოდის ასევე დიდი რუსული სახელმწიფო "გაზპრომბანკიც", რომელსაც უნდა რამდენიმე ქართული ბანკის ყიდვა. მინდა გვესმოდეს ეს რა არის. ჩვენი ქონების 60-70 % არის ჩადებული ამ ბანკებში კრედიტებით, იპოთეკით და ა.შ. საქართველოს მთავრობა აცხადებს, რომ ეკონომიკის ზრდა მოხდება ლარით, თუ ვერ მოხდება, დიდი ალბათობით, ბევრი ვიღაც კრედიტს ვერ გადაიხდის და ბანკები ამ ქონებას წაიღებენ. ბანკის მიერ ქონების წაღება თავისთავად ძალიან ცუდია, მაგრამ ადრე ეს ქონება ქართულ ბანკებს მიჰქონდა და მაინც საქართველოს კონტროლის ქვეშ რჩებოდა. ახლა ყველაფერი აღმოჩნდება რუსეთის ხელში", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
რუსულ ბანკებთან მიმდინარე მოლაპარაკებების შესახებ ინფორმაცია "თიბისი ბანკმაც" და "ლიბერთი ბანკმა" უკვე უარყო.