საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი თინა ხიდაშელი საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას , რომ ევროპარლამენტის და საქართველოს ერთობლივი დოკუმენტი ჩავარდა, ბრიუსელიდან გამოეხმაურა. როგორც დეპუტატი "ფეისბუქზე", საკუთარ გვერდზე წერს, არაფერი საგანგაშო არ ხდება.
"ყველა მინდა მინდა დაგამშვიდოთ, არაფერი ხდება, გარდა იმისა, რომ სააკაშვილს დავესესხები - უპრეცედენტო ამბავი მოხდა, როდესაც ჩვენი ოპოზიციონერი კოლეგების შეთავაზებები, რომელიც ფაქტებიდან გამომოდინარე უბრალოდ ტყუილი იყო, არ გავიდა. სულ ეს არის. მაგალითად, ბატონი კანდელაკი ითხოვდა, ევროპის კავშირის დეპუტატებს და ჩვენ ერთხმად გვეთქვა, რომ პარლამენტის წევრებზე მიდინარეობს ზეწოლა, როგორც აღიარებული და ნამდვილი ფაქტი და ეს დაგვეგმო. ჩვენ ავუხსენით ყველას, ვისაც კითხვები ჰქონდა, რომ ეს არ არის სიმართლე და იგივე მოსაზრება ჰქონდათ ასევე. ასეთები კიდევ ბევრი იყო, და არ გავიდა. არ გავიდა იმიტომ, რომ დამთავრდა ის დრო, როდესაც ცალკარში მიდიოდა თამაში, და როგორც ჩვენმა ბულგარელმა კოლეგამ თქვა სხდომაზე, ის ადრე საქართველოზე მომხსენებელი იყო და კარგად იცის აქაურობა, სრულიად უპრეცედენტო ამბავია ადრე ოპოზიცია არ მახსენდება ამ დარბაზში ყოფილიყოსო. ეს კარგი მაგალითია იმის რა შეიცვალა საქართველოშიც და მის გარეთაც და შესაბამისად, რა თქმა უნდა ბოლომდე შევეცდებით ჩვენი სიმართლის მიტანას ყველა დონეზე, ყველა ინსტიტუტთან და საბოლოოდ ყველაფერი გამოსწორდება",-აცხადებს ხიდაშელი.
მისივე თქმით, საკმაოდ ბევრი შეხვედრა გამართეს და სრულიად დარწმუნებით შეუძლია იმის თქმა, რომ წინსვლისათვის გზა ღიაა. "მთავარია ჩვენ სისტემურად და მშვიდად გავაკეთოთ ჩვენი საქმე და ყველაფერი კარგად იქნება",-დასძენს ხიდაშელი.
როგორც მიხეილ სააკაშვილმა გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, პირველად მოხდა ისტორიაში, რომ ევროპარლამენტის და საქართველოს ერთობლივი დოკუმენტი ჩავარდა.
მისი თქმით, ეს დოკუმენტი არ იქნა მიღებული საქართველოს დელეგაციის წინააღმდეგობის გამო. "რამდენიმე წლის წინ ასეთ დოკუმენტებზე არც ვიოცნებებდით. ევროკავშირის რადარზეც არ ვიყავით, მაგრამ მივაღწიეთ იმას, რომ წელს, ვილნიუსის სამიტზე ერთი ხელის გაწვდენაზე იყო ის, რომ საქართველოს მიეღო ევროკავშირის პერსპექტივა მოლდოვასთან ერთად. ეს ნიშნავს იმას, რომ მომავალში განვხილულიყავით, როგორც ევროკავშირის პოტენციური წევრები", - აღნიშნა სააკაშვილმა.
პრეზიდენტის შეფასებით, საქართველო აღმოჩნდებოდა ბევრად უსაფრთხო და პერსპექტიულ გარემოში. "დღეს იყო დოკუმენტის განხილვა და როგორც წესი, ასეთი დოკუმენტები ჩვენ გვაწყობს, ჩვენ გვინდა, დიდი აპლოდისმენტებით მიიღება და ითვლება, რომ დიდი წინგადადგმული ნაბიჯია და მოულოდნელად, საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ, როგორც მესმის, უმრავლესობის წარმომადგენლებმა ეს დაბლოკეს. თუ ადრე ჩვენ გვესმოდა პრემიერ-მინისტრისგან ასეთი ფრაზა, რომ ჩვენ მოვიგერიეთ ევროპის შემოტევა, დღეს ეს გადავიდა პრაქტიკულ განზომილებაში ევროკავშირთან ურთიერთობის, უკვე ბრიუსელში. მე ვიცი, რომ ძალიან ბევრი ჩვენი მოქალაქე იტყვის, რას გვარიგებენ და რა წაიღეს ტვინი ამ ევროპელებმა. ვინ ეკითხებათ მაგათ ჩვენ ქვეყნის შიგნით რას გავაკეთებთ. რა მაგათი საქმეა, გვინდა დავიჭერთ, გვინდა მოვხსნით, ვცემთ, გვინდა ყურით გამოვათრევთ, გვინდა კომბალს ჩავარტყამთ, გვინდა გავატყავებთ. მაგრამ მე მინდა ყველას შევახსენო,ის, რომ ამ გუმბათზე 5 ჯვრიანი დროშა ფრიალებს, ის, რომ საქართველო დღეს თავისუფალი და დამოუკიდებელია, არის ქართველი ხალხის დიდი გმირობის, ასევე, იმ ევროპელი ლიდერების დამსახურება, რომლებიც სარაკეტო დარტყმების საფრთხის ქვეს იდგნენ თბილისის ცენტრში. ისინი ჩამოვიდნენ, დადგნენ და გადაარჩინეს საქართველოს დამოუკიდებლობა, როცა რუსული ტანკები იდგნენ თბილისთან. ამიტომ ეს არ არის აბსტრაქტული კატეგორია, რას იტყვის ევროპა", - დასძინა სააკაშვილმა.