რუსეთის მთავარი სანიტარული ექიმის, გენადი ონიშენკოს განცხადებით, რუსი ექსპერტები, რომლებიც საქართველოში ღვინის მწარმოებელი საწარმოების ინსპექტირებას აწარმოებენ , შესაძლოა, მოსკოვში გაიწვიონ.
ამის შესახებ ინფორმაცია რუსულმა საინფორმაციო სააგენტო "ინტერფაქსმა" გაავრცელა.
ონიშენკოს განმარტებით, რუსი ექსპერტების საქართველოდან გამოწვევა იმ შემთხვევაში მოხდება, თუ პრეზიდენტ სააკაშვილის მხრიდან რუსი ექსპერტების მისამართით გამოთქმული შეურაცხყოფები არ შეწყდება და მათ მუშაობისათვის ნორმალური პირობების არ ექნებათ.
როგორც "ინტერფაქსი" წერს, პრეზიდენტმა სააკაშვილმა გააკრიტიკა საქართველოს ახალი ხელისუფლების ინიციატივა, რომელიც რუსეთში ქართულ ალკოჰოლური და მინერალური სასმელების დაბრუნებას ითვალისწინებს.
რუსული სააგენტო ასევე აღნიშნავს, რომ წინა წლებში პრეზიდენტი სააკაშვილი ქართული ღვინისა და მინერალური წყლების რუსულ ბაზარზე აკრძალვას "რუსეთის მხრიდან აქართველოზე ზეწოლად" აფასებდა.
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ქართველი ჩინოვნიკები რუსეთის მთავარი სანიტარული უწყების ექსპერტების ჩამოსვლის გამო "უკანა თათებზე დამდგარი" დახვედრის გამო აკრიტიკებს.
"ონიშჩენკომ არ დაგვდო პატივი და არ ჩამოვიდა, რადგან ქართველებს მუქთახორებად და უსაქმურებად მიიჩნევს, როგორც თვითონ თქვა, მაგრამ ჩამოვიდა მისი დელეგაცია და უკანა თათებზე დამდგარი შეხვდნენ ჩვენი ჩინოვნიკები. ღვინის ქარხნის წარმომადგენლები აკანკალებული ხელებით უსხამდნენ ღვინოს და თვალებში შესციცინებენ რუს ჩინოვნიკებს. გამახსენდა გოგოლის "რევიზორი". არადა, რა უნდა რუს ჩინოვნიკს, ჯიბეში ჩაუდო ორი "კაპიკი" და წავა ბედნიერი. თქვენ გგონიათ მართლა ქიმიკატების გასაზომად არიან ესენი ჩამოსულები?!, მართლა გგონიათ, რომ ქართულ ღვინოში რამეა?!", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა ავლაბრის რეზიდენციაში გუშინ, ჟურნალისტებთან შეხვედრაზე.
მისივე თქმით, ძალიან კონკრეტული კითხვა აწუხებს – "რატომ ვერ გადავლახეთ რუსების სიამოვნების სურვილი?!".
"თუ, რუსეთში, სიტყვაზე, ბავარიული ძეხვი შედის შემოწმების გარეშე, ჩვენ რა, ისევ საბჭოთა კავშირში ვართ, როცა რუსეთიდან ჩამოდიოდნენ და დაოთხილები დავრბოდით, რათა მუცელი გვეფხანა მათთვის?! რით ვერ გამოვედით იმ ეპოქიდან, რით ვერ გადავლახეთ ეს კომპლექსი, რაღაც მონური სურვილი, რომ მათ ვასიამოვნოთ. ეს არ არის აბსტრაქტული კითხვა, ესაა კონკრეტული კითხვა, მით უმეტეს იმ პირობებში, როცა არაფერს კონკრეტულს არ გვპირდებიან", - აღნიშნა სააკაშვილმა.