ბრიტანული გამოცემა “The Daily Star”-ის ინფორმაციით, ლეგენდარული ჯგუფი “Queen” უახლოეს რამდენიმე თვეში ახალ ალბომს გამოუშვებს. მასში წარმოდგენილი იქნება წინა საუკუნის 80-იან წლებში ჩაწერილი დღემდე უცნობი კომპოზიციები.
“Queen”-ის წევრები ბრაიან მეი და როჯერ ტეილორი ამჟამად ძველ საარქივო მასალას იკვლევენ. გამოუქვეყნებელი ზღვა მასალიდან მუსიკოსები ახალი ალბომისათვის რამდენიმე კომპოზიციას შეარჩევენ. ჯგუფის თაყვანისმცემლებს ლეგენდარული ფრედი მერკურის კიდევ ერთხელ მოსმენის შესაძლებლობა მიეცემათ.
ახალი დისკის სახელწოდება ჯერჯერობით უცნობია. სავარაუდოდ ის დღის სინათლეს 2012 წლის გაზაფხულზე იხილავს.
ფრედი მერკურის სიცოცხლეში ჯგუფის ბოლო ალბომი “Innuendo” 1991 წლის თებერვლით არის დათარიღებული. მერკური იმავე წლის ნოემბერში გარდაიცვალა.
ფრედის სიკვდილის შემდეგ რამდენიმე წელიწადში, ჯგუფმა მისი მონაწილეობით ალბომი "Made in Heaven” გამოუშვა.