ეროვნული ბანკი „ქართუს“ თავს დასტრიალებს

ეროვნული ბანკი „ქართუს“ თავს დასტრიალებს

„ქართუ ბანკის“ ირგვლივ საუბარი და მითქმა-მოთქმა არ წყდება. ამჯერად საკუთარი პოზიცია ეროვნული ბანკმა დააფიქსირა. სებ-ი მზად არის, „ქართუ ბანკს“ სამართალდამცველთა მხრიდან დაყადაღებული თანხის ოდენობის - 2 მლნ დოლარისა 1 მლნ ევროს მოცულობის ფინანსური რესურსი გამოუყოს. ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე ირწმუნება, რომ „ქართუ ბანკის“ ნორმალურ ფუნქციონირებას არანაირი საფრთხე არ ემუქრება და თავის მხრივ, ეროვნული ბანკი მზად არის, საჭიროებიდან გამომდინარე, მის დასახმარებლად კომპლექსური პროგრამა აამოქმედოს.

„ჩვენ ამ ნაბიჯს იმ მიზნით გადავდგამთ, რომ ამ თანხასთან დაკავშირებით პოლიტიკური სპეკულაციები ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს. ბანკის პოლიტიზირება ჩვენთვის დაუშვებელია. საბანკო სექტორში წარატებები გვაქვს და ამ წარმატების ერთ-ერთი ქვაკუთხედი ისაა, რომ საბანკო სფერო პოლიტიკური წნეხისგან თავისუფალია.

ჩვენ ვერ დავუშვებთ, რომ თუნდაც ერთი ბანკი ამ მიმართულებით 90-იან წლებში დაბრუნდეს. სიტუაციის ბოლომდე სტაბილიზირებამდე მზად ვართ, სესხი გამოვყოთ, ან სხვა ტიპის ფინანსური ინსტრუმენტი ავამოქმედოთ, რათა ”ქართუ ბანკის“ გარშემო პოლიტიკური სპეკულაციები შეწყდეს“, - განაცხადა ქადაგიძემ.

სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ სამართალდამცველთა მხრიდან ფულის გათეთრების ბრალდება და თანხის დაყადაღება პოლიტიკურად მოტივირებული ნაბიჯი იყო. თუკი ეს ასე არ არის, მაშინ შესაბამისი ორგანოები და მათ შორის ეროვნული ბანკი რატომ არ ინტერესდებიან „საქართველოს ბანკითაც“, რომლის ფულიც მიჰქონდა „ქართუ ბაკის“ საინკასაციო მანქანას?

ამაზე ქადაგიძეს შემდეგი პასუხი აქვს. „მიმდინარეობს გამოძიება. რაც შეეხება შედეგებს, იგი გამოძიების დასრულებასთან ერთად გახდება ცნობილი. ეროვნული ბანკის მთავარი მიზანი კი ისაა, რომ ეს თემა პოლიტიკური სპეკულაციისგან ერთხელ და სამუდამოდ გათავისუფლდეს“, - განაცხადა ქადაგიძემ.

მისივე განმარტებით, „ქართუ ბანკში“ დროებითი ადმინისტრაციის დანიშნვის საჭიროება არ არსებობს. „იმ პროცესების გამოსარკვევად, რომელსაც ბოლო პერიოდში ჰქონდა ადგილი, ეროვნული ბანკის მხრიდან „ქართუ ბანკში“ სტანდარტული შემოწმება მიმდინარეობს. არანაირი საუბარი რამე ფორმით მართვის ან საკუთრების უფლების შეზღუდვაზე - დროებითი ადმინისტრაციის სახით დღის წესრიგში არ დგას“, - ამბობს ქადაგიძე.

მისივე თქმით, ეროვნული ბანკის მხრიდან სტანდარტული შემოწმების ვადა ორი თვეა, თუმცა ეროვნული ბანკის პრეზიდენტი არ გამორიცხავს, რომ შემოწმება ან უფრო ადრე, ან უფრო გვიან დასრულდეს. „შემოწმება დასრულდება იმ წუთშივე, როგორც კი ყველა კითხვას პასუხს გავცემთ“, - განაცხადა სებ-ის პრეზიდენტმა.

გიორგი ქადაგიძეს მხარს უბამს ბანკების ასოციაციის პრეზიდენტი ზურაბ გვასალიაც: „მოვლენებს წინ ნუ გავუსწრებთ.  ვიდრე არ დადასტურდება ფაქტები, ნუ ვიტყვით კონკრეტულად, რა ხდებოდა. ნებისმიერი სკანდალი საბანკო სექტორის იმიჯზე ცუდად მოქმედებს. ეროვნულმა ბანკმა დროულად გააკეთა განცხადება, რომ „ქართუს“ საფრთხე არ ემუქრება. მე არანაირი საფუძველი არ მაქვს, რომ ეს არ დავიჯერო“.

„ქართუ ჯგუფის“ პრეზიდენტის ნოდარ ჯავახიშვილის კი დაბეჯითებით აცხადებს, რომ „ქართუ ბანკს“ ეროვნული ბანკისგან ფინანსური რესურსის მიღების საჭიროება არ აქვს.

„ეროვნული ბანკის ყველა ნაბიჯს, რომელიც „ქართუ ბანკის“ ირგვლივ შექმნილი მდგომარეობის გამოსწორებისკენაა მიმართული, მივესალმები, თუმცა დღეისათვის ჩვენს ბანკს ფინანსური პრობლემები არ აქვს და ცენტრალური ბანკისგან მსგავს დახმარებას არ ვსაჭიროებთ“, - განუცხადა სააგენტო „პირველს“ ჯავახიშვილმა და იქვე დასძინა, რომ „ქართუ ბანკისთვის“ საუკეთესო დახმარება იმის დადასტურება იქნება, რომ ბანკს შავი ფულით ოპერაციები არ ჩაუტარებია.

„ამ ეტაპზე ყველაზე საჭირო დახმარება კლიენტებში დაწყებული ნდობის ხარისხის შემცირების პროცესის შეჩერებაა. ამიტომ ჩვენი სურვილია, ეროვნულმა ბანკმა „ქართუ ბანკის“ შემოწმება რაც შეიძლება, დროულად დაასრულოს და ის ჭეშმარიტება, რომელიც „ქართუ ბანკის“ ფულის გათეთრებასთან კავშირს გამორიცხავს, საზოგადოებას აცნობოს“, - აღნიშნა ჯავახიშვილმა.