საგადასახადო კოდექსში ცვლილებები შედის, რომლითაც წვრილი მეწარმეებისთვის კანონი მკაცრდება. ფინანსთა სამინისტრო ერთდროულად რამდენიმე კურდღელს იჭერს, ბიზნესსაც ამსხვილებს, ადმინისტრირებასაც იმარტივებს და ჯარიმის სახით ბიუჯეტშიც მეტ ფულს მიითვლის. ცვლილება წვრილ მოვაჭრეებს საბოლოოდ ბოლოს მოუღებს.
ახალი საგადასახადო კოდექსი იმისთვის დაიწერა, რომ მასში ცვლილებები, რაც წინა დოკუმენტში მუდმივად ხდებოდა, წარამარა აღარ უნდა შესულიყო. იანვარში ბიზნესს და საზოგადოებას ხელახლა დაწერილი კოდექსი, ამგვარად შეფუთული წარუდგინეს. თუმცა, ჩამატებების და კორექტივების წყება, როგორც მოსალოდნელი იყო, გაგრძელდა. კოდექსში ათეულობით ცვლილებაა უკვე შეტანილი და ეს პროცესი არ ჩერდება. ცვლილებების ახალ ტალღას პარლამენტში შესატანად მთავრობა ახლაც ამზადებს.
სალარო აპარატის გამოუყენებლობაზე, რაც უამრავი მეწარმის დაჯარიმების მიზეზი გახდა, კანონი მკაცრდება. აპარატის გამოუყენებლობისთვის საგადასახადო ინსპექტორი მეწარმეს გაფრთხილების გარეშე 500 ლარით დააჯარიმებს. ინსპექტორს კანონი უფლებას აძლევს, რომ ჯარიმა პირადი შეხედულების შესაბამისად 200 ლარამდე შეუმციროს. გაფრთხილება, რაც აპარატის გამოუყენებლობის პირველ შემთხვევაზე იყო, კოდექსიდან ამოღებულია. ვისაც ქვითრის გამოუწერლობის შემთხვევაზე პირველად შეამჩნევდნენ, ის უნდა გაეფრთხილებინათ. მეწარმე მხოლოდ გამეორების შემთხვევაში უნდა დაეჯარიმებინათ. ახლა მას აღარ დაინდობენ და პირდაპირ ჯარიმას დააკისრებენ.
ცვლილება სასაქონლო ზედნადებებსაც შეეხება. ამიერიდან წვრილ და მსხვილ ბიზნესს „ერთ ქვაბში მოხარშავენ“, მათ ერთნაირად დააჯარიმებენ. აქამდე ზედნადების არქონის გამო პირს ჯარიმას საქონლის საბაზრო ღირებულების მიხედვით უდგენდნენ. ახლა ჯარიმა ფიქსირებული - ათასი ლარი ხდება. ანუ მცხობელი ან დისტრიბუტორი, მაღაზიაში თუნდაც 50 პურს რომ აბარებს, რომლის საბაზრო ფასი 300 ლარამდეა, დაჯარიმების შემთხვევაში, ათასი ლარი უნდა გადაიხადოს. ჯარიმებს უწერენ მათაც, ვინც სოფლიდან ჩამოტანილ პროდუქტს დედაქალაქში ყიდის. იმ შემთხვევაში თუ პროდუქტი საკუთარ ბაღში არ არის მოყვანილი, ანუ სოფლად იაფად ნაყიდი გადამყიდველმა ქალაქში წამოიღო გასაყიდად, კლიენტს ნავაჭრი ზედნადებით უნდა გაატანოს. თუ მყიდველს საბუთი არ ექნება, ათასლარიან ჯარიმას ვერ გადაურჩება. უმრავლეს შემთხვევაში გადამყიდველს ასეთი საბუთი არ აქვს და ამის გამო შემოსავლების სამსახურს დღემდე უამრავი პირი ჰყავს დაჯარიმებული.
სადაც შემოსავლების სამსახურს ადმინისტრირება გაუჭირდა, საქმე გაიმარტივა. ეკონომიკურ საზღვარზე 3 ათას ლარამდე ტვირთის უკანონო გადმოტანის გამო პირს ჯარიმის სახით საქონლის ღირებულების 40% უნდა გადაეხადა. ახლა ჯარიმა ფიქსირებული იქნება. პირი 1000 ლარით დაჯარიმდება. აქაც დიდიც და პატარაც „ერთ ქვაბში“ მოექცევა, ფინანსთა სამინისტრო ამ ცვლილებით ადმინისტრირებას იმარტივებს და წვრილ მოვაჭრეებს, რომლებსაც შემოსავლების სამსახურმა „შმონდერები“ დაარქვა, ბიზნესზე ხელს საბოლოოდ ააღებინებს. ხელჩანთიან ქალებს, რომლებიც მეზობელ ქვეყნებში, უმეტესად თურქეთში, სარფის საბაჟოს გავლით გადადიოდნენ, სახმელეთო საზღვარი ჩაუკეტეს. იმისთვის, რომ ტვირთი საზღვარზე გადმოიტანონ, ისინი გადამზიდავ კომპანიასთან უნდა მივიდნენ, სატვირთო ავტომობილში ადგილი მოძებნონ და ამ ადგილში ფული გადაიხადონ. მათ საზღვარზე კომერციული ტვირთის ხელით, ან მსუბუქი ავტომობილებით გადმოტანისთვის აჯარიმებენ. სამინისტროში ამბობენ, რომ საზღვარზე სიტუაცია მეტ-ნაკლებად დარეგულირდა. დარეგულირებაში კი ის იგულისხმება, რომ საზღვარზე წვრილ-წვრილ მოვაჭრეების მოძრაობა შეწყდა. საქმიანობამ, რის საშუალებითაც შეჭირვებული ხალხი თავს ირჩენდა, ბევრისთვის აზრი დაკარგა. საქმე მოაკლდათ მებაჟეებსაც, რომლებსაც წვრილი მოვაჭრეები ბევრ თავსატეხს უჩენდნენ. ახლა მათ საქმეს კიდევ უფრო გაუადვილებენ. „შმონდერებს“ ახალი ცვლილებით გზიდან საბოლოოდ ჩამოაცილებენ.