ბრიტანული გამოცემა “The Daily Telegraph”-ის ცნობით, ცნობილმა ბრიტანელმა მუსიკოსმა, ლეგენდარული ჯგუფი “The Beatles”-ს წევრმა სერ პოლ მაკარტნიმ რამდენიმე დღის წინ ვეგეტარიანული კერძების რეცეპტების კრებული გამოუშვა.
ამ წიგნის დაწერაში მაკარტნის მსახიობები კევინ სპეისი და გვინეტ პელტროუ, აგრეთვე ყოფილი მოდელი ტვიგი დაეხმარნენ.
ნაშრომის სახელწოდებაა “The Meat Free Monday”. მასში რამდენიმე ათეული ვეგეტარიანული კერძის რეცეპტია შესული. წიგნი გამომცემლობა “Kyle Books”-მა დაბეჭდა. ეს კომპანია სპეციალიზირებულია ცხოვრების ჯანმრთელი წესის შესახებ შედგენილი ბროშურების გამოქვეყნებაზე.
მიმდინარე წლის დეკემბერში პოლ მაკარტნის რეცეპტების წიგნი ფინეთის, საფრანგეთის, გერმანიის, ჰოლანდიისა და ავსტრალიის წიგნის მაღაზიების თაროებზე გამოჩნდება. 2012 წელს კი მისი შეძენა აშშ-შიც გახდება შესაძლებელი.
პოლ მაკარტნი ცხოვრების ვეგეტარიანული წესით წინა საუკუნის 70-იან წლებში დაინტერესდა. ამაში დიდი როლი მისმა იმდროინდელმა მეუღლემ ლინდამ ითამაშა. ამ ქალბატონმა თავის დროზე ვეგეტარიანული კერძების რეცეპტების რამდენიმე კრებული გამოუშვა.