ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებმა შიმშილობა დაიწყეს

ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებმა შიმშილობა დაიწყეს

მღელვარების ტალღა ქართულ უნივერსიტეტებს ერთმანეთის მიყოლებით გადაეცემა. ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის შემდეგ რექტორატსა და სტუდენტებს შორის გაუგებრობა ტექნიკურ უნივერსიტეტშიც დაიწყო. დღეიდან „გეპეის“ სტუდენტებმა რექტორის მისაღებში შიმშილობა გამოაცხადეს. მათი სლოგანი მარტივად ჟღერდა: „მოუსმინეთ სტუდენტებს!“

სტუდენტები აცხადებენ, რომ მათ საკუთარი უფლებების არეალში მოქმედების საშუალება არ ეძლევათ. კერძოდ, ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი არჩილ ფრანგიშვილი მათ მოსმენასა და უნივესიტეტში არსებული პრობლემების მოგვარებას არ ცდილობს. ამდენად, სანამ პრობლემები არ მოგვარდება, შიმშილობას გააგრძელებენ. მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, სტუდენტები რექტორის გადადგომის მოთხოვნის დაყენებასაც არ გამორიცხავენ.

დამოუკიდებელ სტუდენტთა ასოციაციის წევრი, ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნეს-ინჟინერიის ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტი ალექსანდრე კობაიძე Presage.tv-სთან საუბარში აცხადებს, „უნივერსიტეტის რექტორს არაერთხელ  მივმართეთ თხოვნით, გამოეყო დარბაზები და მოქმედების საშუალება მიეცა სტუდენტებისთვის, მაგრამ ამაოდ“.

ალექსანდრე კობაიძის თქმით, სტუდენტებმა ტექნიკურ უნივერსიტეტში  საქართველოში ევროკავშირის ელჩის ფილიპ დიმიტროვის მიწვევა გადაწყვიტეს, რის გამოც ცინიკური პასუხი მიიღეს რექტორისგან, რომ თურმე ფილიპ დიმიტროვი ბატონი რექტორის მეგობარია, პირადად იცნობს მას. აქედან გამომდინარე, თავად შეხვდება მას და არა - სტუდენტების ინიციატივით.

„ეს პირდაპირ ლახავს ჩვენს უფლებებს. გარდა ამისა, უნივერსიტეტის ბიუჯეტი გაუმჭვირვალეა. აუცილებელია ეს ინფორმაცია სტუდენტებისთვის ხელმისაწვდომი იყოს, რათა გავიგოთ, სად მიდის ჩვენი მშობლებისგან გადახდილი თანხა. ეს  სტუდენტების ლოგიკური მოთხოვნაა. ასევე, გვაინტერესებს, რატომ ყოფენ სტუდენტებს პრივილეგირებულებად და არაპრივილეგირებულად? ჩვენთვის მნიშვნელოვანია სტიპენდიების თემაც, რომელიც დახურულია და არაა ხელმისაწვდომი, თუ როგორი არასამართლიანი გზებით ნაწილდება. აქედან გამომდინარე, გადავწყვიტეთ, პროტესტის უკიდურეს ზომას მივმართოთ და დავიწყოთ შიმშილობა“.

ახალგაზრდების მოთხოვნებზე პასუხის გასაცემად ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა თავისთან კაბინეტში დაგვიბარა. განსხვავებულად მოაზროვნე სტუდენტებისგან დასაცავად რექტორს ადმინისტრაციის თანამოაზრენი და „თვითმმართველობის“ ერთგული სტუდენტები ახლდნენ, რომლებიც რექტორის გულის მოსაგებად მას რჩევასაც სთავაზობდნენ: ბატონო არჩილ, დაამთავრეთ ამ სტუდენტებთან ლაპარაკი! არ ღირს შოუს მოწყობა! ერთი რამდენი ხართ, დაგვენახეთ?! სად არიან დანარჩენი სტუდენტები?! აბა, თუ მაგრები ხართ, სხვებიც მოიყვანეთ!

რექტორის გულმოდგინე დამცველები პროტესტის გამომხატველ სტუდენტებს რაოდენობრივ სიმცირეს უწუნებდნენ, რაც, ნორმალურ შემთხვევაში, რექტორატისთვის კოზირი არ უნდა ყოფილიყო, რადგან მათი მოვალეობა იყო, თუნდაც ერთი სტუდენტისთვის მოესმინათ. მით უფრო, ცხადია, გაგდების შიშით ხმის ამოღებას ბევრი სტუდენტი ვერ გაბედავდა.   

ტექნიკურ უნივერსიტეტში შექმნილ პრობლემებს რექტორი სტუდენტების ამ კონკრეტული ჯგუფის ამბიციებს უკავშირებდა. მისი თქმით, მის უნივერსიტეტში არცერთი მოუგვარებელი პრობლემა არ არსებობს და ამ სტუდენტებთან გაუგებრობა დაახლოებით ერთი წლის წინ დაიწყო.

„აქ პიროვნების პრობლემაა (ამ შემთხვევაში, რექტორი სტუდენტ ალექსანდრე კობაიძეს გულისხმობდა). იმ პიროვნების, რომელსაც სურს, გახდეს სტუდენტების ლიდერი ტექნიკურ უნივერსიტეტში. ამისთვის ცხრა თვის წინ მომმართა, დავხმარებოდი, რათა სტუდენტური ორგანიზაცია შეექმნა. გასაგებია, ეს ორგანიზაცია როგორც იმუშავებდა. ანუ პრაქტიკულად, ჩემი დაკვეთით იმუშავებდა. ეს აბსოლუტური სისულელეა, მე ამისთანა რამეს არ გავაკეთებ. ტექნიკურ უნივერსიტეტში არცერთი სტუდენტური ორგანიზაცია არ არის, რომელიც რექტორატიდან იმართება. ეს აბსურდია“, - აცხადებს არჩილ ფრანგიშვილი.

რექტორის თქმით, ამის შემდეგ კობაიძეს მცდელობა ჰქონდა, შეეკრიბა სტუდენტები, დაახლოებთ 10-15 პიროვნება მიიწვია და მასთან შეხვედრა მოითხოვა. 40 წუთიანი საუბარი კი, რექტორის თქმით, იმით დამთავრდა, რომ კობაიძის თანამოაზრე სტუდენტებმა მას უნდობლობა გამოუცხადეს და ამის მერე აღარ გაკარებიან.

„დღეს ისევ აქვს მცდელობა, ტექნიკურ უნივერსიტეტში თავისი დასაყრდენი მოძებნოს. გარწმუნებთ, ეს არ მოხდება. არ მოხდება იმიტომ, რომ ელემენტარულ რამეს გთავაზობთ, მას გაესაუბრეთ და მიხვდებით, რა დონის პიროვნებასთან გაქვთ საქმე. ამის შემდეგ გამოიტანთ დასკვნას, შეიძლება თუ არა ეს პიროვნება სტუდენტების ლიდერი გახდეს?!“ - აღნიშნა ფრანგიშვილმა.

რაც შეეხება სტუდენტების მოთხოვნას ტექნიკური უნივერსიტეტის ბიუჯეტის გამჭვირვალობასთან დაკავშირებით, რექტორი აცხადებს, რომ მოქმედმა სტუდენტმა უნდა იცოდეს, რომ ბიუჯეტის ნახვა ტექნიკური უნივერსიტეტის საიტზე შეიძლება.

სხვადასხვა პიროვნების (მათ შორის, ფილიპ დიმიტროვის) მიწვევასთან დაკავშირებით, არჩილ ფრანგიშვილი განმარტავს, რომ ეს სტუდენტების პრეროგატივაა. ხოლო, თუ საკითხი მაინცდამაინც ასე დგას, რომ იგი რექტორატმა უნდა მოიწვიოს, რექტორატს აქვს მოწვევის გეგმა, რომლითაც ცნობილ პიროვნებებს იწვევენ.

რექტორისა და ჟურნალისტების საუბარს დაუმორჩილებელი სტუდენტებიც შემოესწრნენ. სტუდენტი ალექსანდრე კობაიძე ამჯერადაც ითხოვდა, რექტორს მათთვის მოესმინა. თუმცა რექტორი კატეგორიული ჩანდა:

- მე თქვენთან შეხვედრას არ ვაპირებ.

- რატომ არ აპირებთ, თქვენ ხომ ჩვენი რექტორი ხართ? შეიძლება, ჩვენთან შეხვედრას არ აპირებდეთ, მაგრამ თქვენი ვალდებულებაა, გვესაუბროთ.

_ თქვენთან საუბარი დამთავრდა მას შემდეგ, რაც თქვენ ტყუილების კორიანტელი დაატრიალეთ.

_ ჩვენი პრობლემები უნდა იყოს თქვენი პრობლემები.

_ სტუდენტების პრობლემებია ჩვენი პრობლემები და არა თქვენი პირადი პრობლემა, რომ გინდათ გახდეთ ლიდერი.

- რა შუაშია ლიდერი? ეს რა არის? არის თუ არა საბუთი, რომ მე აქ ვსწავლობ? (ამ სიტყვებთან ერთად კობაიძემ სტუდბილეთი ამოიღო)

- მერე რა გინდა?

- ანუ, არ ვარ სტუდენტი?

- მერე რა, რომ ხარ? გააგრძელე!

- აქედან გამომდინარე, არ მაქვს იმის უფლება, დარბაზი გამომიყოთ? მით უმეტეს, ასეთი საპატიო სტუმრისთვის?

- ეგ არის უბედურება, როცა თქვენ არ გესმით, როგორ უნდა მოიწვიოთ სტუმარი, რომ უნდა გააფრთხილოთ საკითხებთან მიმართებით.

- თქვენ კარგად იცით, რომ თქვენი რეზოლუცია მინდოდა.

- ამ განცხადებით აპირებთ ელჩის მოწვევას? ეს არის დონე ამ სტუდენტის, რომელიც დღეს პროტესტს აცხადებს და რამდენადაც გავიგე, აპირებს შიმშილობას. ამგვარ სტუდენტებთან ჩვენ საქმე არ გვაქვს. 18 ათასი სტუდენტია ტექნიკურ უნივერსიტეტში. წელიწადში რამდენჯერმე ვხვდებით სტუდენტებს... თქვენ რომ შეგხვდით (მიმართა მან დაუმორჩილებელ სტუდენტებს), მე თქვენ გადაგიღეთ. ჩვენი შეხვედრა არის ოფიციალური, ყველა სტუდენტი არის დაფიქსირებული, ვინც თქვენ მოიყვანეთ.

ასეთი „მამაშვილური“ იყო რექტორისა და სტუდენტების საუბარი. შემდეგ მოვლენები უფრო ცინიკურად წარიმართა. არჩილ ფრანგიშვილმა გრძელ მაგიდასთან მიიწვია განსხვავებულად მოაზროვნე სტუდენტები. გვეგონა, მათთან მოლაპარაკებას ახლა მაინც ისურვებდა, მაგრამ ირონიულად აღნიშნა, - ნახეთ, რა ცოტანი არიან ეს სტუდენტები?

რექტორი ამ სტუდენტებს ტექნიკური უნივერსიტეტის ეთიკის კოდექსი დარღვევაში ადანაშაულებდა. „თქვენ გინდათ, ორი ადამიანის შინაგანი პრობლემა გახადოთ საუნივერსიტეტო პრობლემა? სამჯერ მოხდა ჩვენი შეხვედრა, სამივეჯერ ვერცერთი პრობლემა ვერ დააყენა ამ ორმა ადამიანმა.

Presage.tv-მ რამდენიმე შეკითხვით მიმართა რექტორს:

თქვენთვის არაფერს ნიშნავს, თქვენი სტუდენტები შიმშილობას რომ იწყებენ?

- ამ სტუდენტებთან დღეს პირველი შეხვედრა რომ მქონდეს, მაშინ დავჯდებოდი და ვისაუბრებდი, რადგან მოლოდინში ვიქნებოდი, რაიმე საინტერესოს გავიგებდი ტექნიკური უნივერსიტეტის თაობაზე. დღევანდელი შეხვედრა უკვე მეოთხეა. სამი შეხვედრა აბსოლუტურად ტყუილად დაკარგული დრო იყო, საიდანაც მათ მიერ მოყვანილი სტუდენტები წავიდნენ და უთხრეს, რისთვის მოგვიყვანეთო? ხომ არ შეიძლება, ეს რეჟიმი გაგრძელდეს?

რატომ არიდებთ თავს ბიუჯეტზე საუბარს? ამ სტუდენტებისთვის მიგეწერათ უნივერსიტეტის ბიჯეტის დეტალების შესახებ, რასაც ისინი ითხოვდნენ. 

- სამჯერ მივწერეთ.

პასუხი კონკრეტულად მიგეწერათ. ჩვენ მაინც გვითხარით, რამდენია ტექნიკური უნივერსიტეტის ბიუჯეტი და როგორ იხარჯება? თუ ჩვენც ტექნიკური უნივერსიტეტის საიტზე მიგვითითებთ?

- გიმეორებთ, სამჯერ მივწერე. ამის მერე, დავიღალე ერთი და იმავე მომართვით, ავუხსენი, რომ ეს ყველაფერი საიტზეა.

კონკრეტულად რამდენია თქვენი ბიუჯეტი და რაში იხარჯება?

- კონკრეტულად 26 მილიონი ლარი იყო ტექნიკური უნივერსიტეტის ბიუჯეტი. როგორ გინდათ მოგიყვეთ, რაში იხარჯება?

ძირითადი პრიორიტეტები?

- არის 50 პუნქტი, რომელი ერთი ჩამოგითვალოთ?

ასე თუ ელაპარაკებით თქვენს სტუდენტებს... თქვენთვის პრიორიტეტები როგორ განისაზღვრება?

- ძირითადად არის ინფრასტრუქტურა, სასწავლო ლაბორატორიები და პროგრამული უზრუნველყოფა. ეს არის მთელი თანხა, რაზედაც მიდის ტექნიკური უნივერსიტეტის ბიუჯეტი.

თვლით თუ არა, რომ განსხვავებული აზრის მქონე თუნდაც ერთი სტუდენტი რომც იყოს, მას უნდა დაელაპარაკოთ და არა თქვენი განაცხადი, რომ ამ კონკრეტულ სტუდენტებს თურმე უაზრო მოთხოვნები აქვთ?

- რა თქმა უნდა.

იქნებ, ამომწურავი პასუხი არ მიიღეს თქვენგან და სამჯერ ამიტომაც მოგმართეს?

- არა ბატონო, არ უნდათ მიიღონ ამომწურავი პასუხი. მათ არ აინტერესებთ პასუხი, მათ აინტერესებთ ერთი რამ - გამოჩნდნენ.

რექტორთან საუბარი მოულოდნელად შეწყდა, რადგან ამასობაში ჩაგვერთნენ მისი მომხრეები და რექტორის გამართლება დაიწყეს. ჩვენი შენიშვნის მიუხედავად, რომ რექტორს  დამცველები არ სჭირდებოდა, ისინი მაინც აგრძელებდნენ არჩილ ფრანგიშვილისთვის ერთგულების დამტკიცებას.

რექტორთან გასაუბრებით უკმაყოფილო სტუდენტებმა მის კაბინეტშივე გამოაცხადეს, რომ შიმშილობის დაწყებას აპირებდნენ. ჩვენთან საუბარში ალექსანდრე კობაიძე და ივანე მეფარიშვილი უკმაყოფილებას ვერ მალავდნენ. 

შეხვედრის შემდეგ რექტორმა არგუმენტირებული პასუხი გაგცათ? 

ალექსანდრე კობაიძე: ე.წ. პასუხს, რაც მან არგუმენტად მოიხსენია, არ ვეთანხმებით, ის რეალობას მოწყვეტილია. ისევ და ისევ, ილუზიები და მაღალფარდოვანი სიტყვები იყო, რაც ჩვენთვის მიუღებელია. რამდენ სტუდენტს ჰყავს ტექნიკური უნვერსიტეტის რექტორი ნანახი? რამდენი სტუდენტი იცნობს მისი ადმინისტრაციის წევრებს? სტუდენტებსა და ადმინისტრაციას შორის გაუცხოებაა. საერთოდ არ აქვთ ურთიერთობა სტუდენტებთან.

რექტორი აცხადებს, რომ სხვა სტუდენტები არ თანაგიგრძნობენ. მათზე დაშინების მცდელობაა?

- როგორ არ თანაგვიგრძნობენ? რა თქმა უნდა, მათ მიმართ დაშინების მცდელობაა. 

მთლიანობაში, აქციაზე ათამდე ადამიანი იყავით. თქვენს უკან რამდენი სტუდენტი გეგულებათ?

- თამამად შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენს უკან ყველა დადგება, ვინც კი თავისუფლად მოაზროვნე სტუდენტია. დღეს ამინდი გაუარესდა და კიდევ, სხვა პრობლემებიც იყო, თორემ ბევრი მოვიდოდა. მაგრამ ეს იყო გამაფრთხილებელი აქცია. ჩვენი მიზანი არ ყოფილა, აქცია მასშტაბური ყოფილიყო. ჯერ ჩვენ ბატონ რექტორთან საუბარი გვინდოდა და შემდეგ, თუ არ მოისურვებდა ადმინისტრაცია ჩვენთან ლაპარაკს, სხვებიც შემოგვიერთდებოდნენ.

რექტორის მისაღებში შიმშილობას სადამდე აპირებთ?

- სანამ არ დაგველაპარაკება და არ შეგვპირდება, რომ ამ პრობლემებს მოაგვარებს,  შიმშილობას გავაგრძელებთ. კონკრეტულ წინადადებას ვთავაზობთ რექტორს,  პარასკევს, სამ საათზე შეგვხვდეს სტუდენტებს ნიკოლაძის სახელობის 300 კაციან დარბაზში. ხომ აცხადებდა, თითქოს განსხვავებულად მოაზროვნე სტუდენტების ნახვა უნდოდა? ჩვენ მოვიყვანთ სტუდენტებს. ორი დღის განმავლობაში წარმოადგინოს გეგმა, როგორ აპირებს პრობლემის მოგვარებას, რომლის არსებობის შესახებ თვითონაც ძალიან კარგად იციან, მიუხედავად იმისა, რომ მათზე საუბარს თავს არიდებენ. პრობლემა ისაა, რომ აქ მონოპოლიზირებული მდგომარეობა აქვთ,  სტუდენტურ საინიციატივო ჯგუფებს არანაირ შესაძლებლობას არ აძლევენ. უნივერსიტეტის ბიუჯეტი გაუმჭვირვალეა. ვითხოვდი, ამის შესახებ დეტალური მონაცემები მოეცა, რათა გაგვეგო, რაში მიდის ჩვენს მიერ გადახდილი გადასახადები. ტექნიკურ უნივერსიტეტში განსხვავებული აზრის მქონე სტუდენტებს დევნიან. ადრეც ყოფილა შემთხვევა, როცა რექტორატი და ადმინისტრაცია სტუდენტებთან მიდიოდა და აფრთხილებდა, აქციაზე არ გახვიდეთ. მესიჯებს უგზავნიდნენ, ამათ გვერდში არ დაუდგეთ, რადგან ჩვენ თურმე მხოლოდ საკუთარი სახელისთვის ვიბძოდით და სინამდვილეში, არანაირი პრობლემა არ გვაწუხებდა. ანუ, ჩვენს დისკრედიტაციას ეწეოდნენ. ჩვენს უნივერსიტეტში მხოლოდ და მხოლოდ პოპულისტური განწყობაა და ამ უნივერსიტეტს მხოლოდ ვიზუალური ეფექტი აქვს.

ტექნიკური უნივერსიტეტის მეოთხე კურსის სტიდენტი ივანე მეფარიშვილი აცხადებს, რომ მის ფაკუტეტზე შედიოდა სამართალმცოდნეობა, ჟურნალისტიკა და საერთაშორისო სამართალი, თუმცა რექტორატმა მას სახელი გადაარქვა და დაარქვა ბიზნესინჟინერია. 

„რა შუაში იყო ბიზნესინჟინერია სამართალმცოდნეობასთან, ჟურნალისტიკასთან, საერთაშორისო სამართალთან? მათ ეს პრობლემა ავუხსენით და მწვავედ დავუყენეთ საკითხი. თუმცა არ გაითვალისწინეს, არ აუხსნეს სტუდენტებს, თუ რატომ უნდა დაამთავროს ჰუმანიტარულზე ჩარიცხულმა სტუდენტმა ბიზნესინჟინერიის ფაკულტეტი, რომელსაც არანაირი მსგავსება ფაკულტეტის სპეციალობასა და ფაკულტეტის სახელს შორის არ აქვს. თავიდან ამ პრობლემის გახმიანების გამო მათი მხრიდან ისტერიკა, სტუდენტების დაშინება, გარიცხვის მცდელობა დაიწყო. გარიცხვით მეც დამემუქრენ. საბოლოოდ, შეხვედრა დავთქვით რექტორთან, მიხვდნენ, რომ დაშინებით ვერაფერს გააწყობდნენ; სტუდენტებს შეგვპირდნენ, პრობლემას მოვაგვარებთ, საჯარო სამართლის იურიდიული პირი ვართ, კერძო სამართლის იურიდიულ პირად გადავკეთდებით და ჩვენ თვითონ განვსაზღვრავთ, ფაკულტეტს რა სახელს ჩავუწერთო. ამის შემდეგ 6 თვე გავიდა და დაპირება, რომელიც რექტორმა 300 სტუდენტს მისცა, არ შესრულებულა. მარტივად რომ ვთქვათ, რექტორმა „დააბოლა“ სტუდენტები, რათა მეორე დღისთვის დაგეგმილ საპროტესტო აქციაში მონაწილეობა არ მიეღოთ. რექტორატი ორიენტირებულია დღევანდელ დღეზე, რომ როგორმე გადააგორონ ეს დღე და არ ფიქრობენ, ორი-სამი თვის შემდეგ რა მოხდება. ჩვენ პრინციპულები ვართ, ბოლომდე დავიცავთ პოზიციას და ერთი ნაბიჯით უკან დახევას არ ვაპირებთ, სანამ ამ ადამიანებს არ ვასწავლით იმას, რომ, რასაც სტუდენტს დაპირდებიან და რა გადაწყვეტილებასაც მიიღებენ, აუცილებლად უნდა აცნობონ სტუდენტებს.

სწავლის დონით კმაყოფილი ხართ?

- ვფიქრობ, ძალიან პროფესიონალი ლექტორები არიან და სწავლის დონეს არ ვუჩივი, მაგრამ პრობლემებია ადმინისტრაციასთან. არაერთხელ ვაცნობეთ ჩვენი მოთხოვნების შესახებ, მაგრამ მათგან რეაქცია არ იყო. სანამ აქციებს არ გავმართავთ, ჟურნალისტებს არ დავუძახებთ, მანამდე შეხვედრასაც არ კადრულობენ. რექტორს არ აინტერესებს, რომ ვშიმშილობთ. შეხვედრას თქვენც ესწრებოდით და საუბარი ასეთი ტონით წარმართა, მე არ მაინტერესებს ამ კონკრეტული სტუდენტების პრობლემები, მოიყვანეთ სხვა სტუდენტებიო. 10, 20, 30 სტუდენტს არ დაგელაპარაკებით, მაინცდამაინც 15 ათასი სტუდენტი მოდითო. 

მან აღნიშნა, რომ თქვენ საკუთარი სახელისთვის იბრძვით და ლიდერობის ამბიცია გაქვთ. ისიც განაცხადა, რომ უნივერსიტეტში დაწინაურება გინდათ.

- ცდილობს, მისთვის სასურველი რეალობა წარმოაჩინოს. სინამდვილეში, მისგან შემოთავაზებები გვქონდა თვითმმართველობაში, მაგრამ არ დავთანხმდით. ბევრჯერ გვქონდა შემოთავაზება, სწავლის გადასახადსაც ჩამოგაჭრითო, რომ უკან დაგვეხია.

თქვენი უნივერსიტეტის თვითმმართელობა რას აკეთებს?

- უმოქმედონი არიან. რექტორს მარტო თვითმმართველობა შემორჩა, სხვა სტუდენტები  მას არ თანაუგრძნობენ.