გიგი უგულავას პასუხისგებაში მიცემაზე საგამოძიებო სამსახური განცხადებას ავრცელებს

გიგი უგულავას პასუხისგებაში მიცემაზე საგამოძიებო სამსახური განცხადებას ავრცელებს

თბილისის მერის გიგი უგულავას პასუხისგებაში მიცემასთან დაკავშირებით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური განცხადებას ავრცელებს, რომელსაც "ინტერპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ. 

"2013 წლის 22 თებერვალს დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების მითვისება - გაფლანგვისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის (ფულის გათეთრების) ფაქტებზე გამოტანილია დადგენილება თბილისის მერის გიორგი უგულავას ბრალდების შესახებ, რის საფუძველზეც 23 თებერვალს, 2 საათზე იგი დაბარებულია საგამოძიებო ორგანოში ბრალდების წაყენებისა და მის მიმართ სხვა საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების მიზნით.

ბრალდება მოიცავს ორ დამოუკიდებელ ეპიზოდს. პირველ ეპიზოდთან დაკავშირებით შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ გამოძიების პროცესში მოპოვებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით ფაქტობრივად, გახსნილია იმჟამინდელი ხელისუფლების მიერ ტელეკომპანია "იმედის" ხელში ჩაგდების დანაშაულებრივი სქემა და უტყუარად დადასტურებულია, რომ მისი განხორციელების ერთ-ერთი მთავარი მონაწილე სწორედ გიორგი უგულავა იყო. კერძოდ, 2008 წლის მდგომარეობით შპს "ტელეიმედის" საკონტროლო წილის მფლობელი ჯოზეფ კეი იყო, რომელსაც იმ დროისათვის ტელეკომპანიის ფუნქციონირებისათვის დახარჯული ჰქონდა 10 მლნ აშშ დოლარი. ხელისუფლების სახელით ჯოზეფ კეის თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი შეხვდა და პირდაპირი მუქარით დაიყოლია "ტელეიმედის" დათმობაზე, ერთადერთი პირობით, რომ მას გიორგი უგულავა აუნაზრაურებდა მის მიერ გაწეული 10 მლნ აშშ დოლარის ოდენობის ხარჯებს.
გიორგი უგულავას მითითებით ჯოზეფ კეიმ თავისი წილი გადასცა დავით კეზერაშვილის კონტროლს დაქვემდებარებულ პანამაში რეგისტრირებულ კომპანია "ბორდეხ ლიმიტედ"-ს, ხოლო თანხის გადახდა განხორციელდა შემდეგი გეგმით: გიორგი უგულავა მოელაპარაკა შპს "ახალი რიყის" მესაკუთრეებს, რომ მათ მიერ 2006 წელს 7 000 000 აშშ დოლარად შეძენილ რიყის ტერიტორიას მერია ვითომდა 17 000 000 აშშ დოლარად უკან გამოისყიდდა, საიდანაც 10 000 000 აშშ დოლარი გათვალისწინებული იყო ჯოზეფ კეისთვის გადასაცემათ. ქალაქის მერიამ 2008 წლის 29 დეკემბერს თბილისის მთავრობის სახელით გამოსცა დადგენილება, რომლის საფუძველზეც თბილისის მერიის მიერ დაფუძნებული "ძველი ქალაქის რეაბილიტაციის და განვითარების ფონდიდან" რიყის ტერიტორიის უკან გამოსყიდვის მიზნით შპს "ახალ რიყეს" გადაერიცხა 17 000 000 აშშ დოლარი. ამის შემდეგ შპს "ახალი რიყეს" ხელმძღვანელობასა და ჯოზეფ კეის კომპანიას ლაკებროწ ლიმიტედ-ს შორის გაფორმდა ფიქციური ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც შპს "ახალი რიყეს" საბანკო ანგარიშიდან ჯოზეფ კეის კომპანიას ჩაერიცხა 8 811 189 აშშ დოლარი, ანუ ტელეკომპანია "იმედი" მისაკუთრებული იქნა ბიუჯეტის კუთვნილი თანხების მითვისებისა და შემდგომი გათეთრების გზით.

მეორე ეპიზოდი ეხება საბიუჯეტო თანხების გამოყენებით პოლიტიკური პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საქმიანობის თვალთმაქცურ დაფინანსებას, რომლის ორგანიზატორი ასევე გიორგი უგულავა იყო. კერძოდ, მისი დავალებით 2009 წლის 31 დეკემბერს შპს "თბილსერვის ჯგუფ"-ში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტებისათვის ფულის დარიგების მიზნით სპეციალურად შეიქმნა "საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება", სადაც ფიქტიურად გაფორმდა 764 აქტივისტი - ე.წ. პარტიული კოორდინატორი. უმეტესობას ამ სამსახურში არც ერთი დღე არ უმუშავია და ეწეოდა პარტიულ საქმიანობას, თუმცა დედაქალაქის ბიუჯეტისთვის განკუთვნილი ასიგნებებიდან მათ ხელფასის სახით 4 130 728 ლარი დაერიცხათ.
ქალაქ თბილისის მერი გიორგი უგულავა შესაბამისი მუხლებით პასუხისგებაში მიცემულია და მიმდინარეობს გამოძიება", - ნათქვამია განცხადებაში.