ამ დღეებში ცნობილი ჯგუფი ”Aerosmith” საგასტროლო ტურნეში სამხრეთ ამერიკაში იმყოფება და პარაგვაის დედაქალაქ ასუნსიონში კონცერტებს ატარებს.
ორი დღის წინ ჯგუფის ლიდერმა, 62 წლის სტივენ ტაილერმა აბაზანაში შხაპის მიღება განიზრახა. სამწუხაროდ ფეხი დაუცურდა და დავარდა. ამის შედეგად უბერებელმა როკმენმა თავის, კისრისა და მხარის ტრავმა მიიღო. ამასთან ერთად ორი კბილიც დაიზიანა.
სტივენ ტაილერი ასუნსიონის ერთ-ერთ საავადმყოფოში დაუყოვნებლივ გადაიყვანეს. სამხრეთ ამერიკელმა ექიმებმა მას პირველადი სამედიცინო დახმარება გაუწიეს. სამი საათის შემდეგ ტაილერმა თავი უკეთ იგრძნო და სამკურნალო დაწესებულებიდან გამოეწერა.
”Aerosmith“-ის გუშინ დაგეგმილი კონცერტი წამყვანი ვოკალისტის ავადმყოფობის გამო ერთი დღით გადაიდო და დღეს ჩატარდება.
აღსანიშნავია, რომ სტივენ ტაილერისათვის ეს პირველი ტრავმა არ გახლავთ. 2009 წელს ჯგუფი აშშ-ში, კერძოდ კი სამხრეთ დაკოტაში მორიგ კონცერტს ატარებდა. ერთ-ერთი კომპოზიციის შესრულებისას ენერგიული სტივენი სცენიდან ჩამოვარდა და თავის მცირე დაზიანება მიიღო.