მიმდინარე წლის 24 ოქტომბერს, დიდი ბრიტანეთის დედაქალაქ ლონდონში ერთი საზეიმო ცერემონიალი ჩატარდა. გამოცემამ ”Q” წლის საუკეთესო მუსიკოს-შემსრულებლები დაასახელა. წინა თვეს ჟურნალმა საკუთარ მკითხველებს შორის ერთგვარი გამოკითვა ჩაატარა და მათი აზრის გათვალისწინებით სხვადასხვა ნომინაციაში წარმატებულები გამოავლინა.
”თანამედროვეობის საუკეთესო ჯგუფად” ბრიტანული ”Coldplay” დასახელდა. არაერთი მუსიკალური კრიტიკოსი მიიჩნევდა, რომ ეს პატივი ირლანდიურ ”U2”-ს უნდა რგებოდა, მაგრამ ბრიტანელმა მელომანებმა სხვაგვარად განსაჯეს. გამარჯვებული ჯგუფის ვოკალისტის, კრის მარტინის აღიარებით, ”Coldplay” ამ წარმატებას ნამდვილად არ იმსახურებდა, რადგან მსოფლიოში მათზე გაცილებით უკეთესი რამდენიმე ჯგუფიც არსებობს.
ბონომ და მისმა კოლეგებმა სპეციალური ჯილდო მაინც მიიღეს. ”U2” დასახელდა ბოლო 25 წლის განმავლობაში მსოფლიოს საუკეთესო მუსიკალურ ჯგუფად.
რასაკვირველია პრიზების გარეშე არ დარჩა ბრიტანელი სოულის შემსრულებელი ადელი. მას გადაეცა ”წლის საუკეთესო მომღერალი ქალისათვის” განკუთვნილი ჯილდო. ადელის სინგლი ”Rolling In The Deep” კი ”წლის საუკეთესო მუსიკალურ კომპოზიციად” დაასახელეს.
”წლის საუკეთესო მომღერალი მამაკაცი” ტაინი ტემპი გახდა, საუკეთესო კომპოზიტორი გარი ბერლოუ, წლის აღმოჩენა კი ედ შირანი.
საუკეთესო ვიდეოკლიპად დასახელდა Jessie J.-ის კომპოზიცია ”Do It Like A Dude“, საუკეთესო მუსიკალურ ალბომად კი ჯგუფი Bon Iver-ის ამავე დასახელების სტუდიური ჩანაწერი მიიჩნიეს.
აღსანიშნავია, რომ ამ საზეიმო ცერემონიალის ორგანიზატორებმა მსოფლიოში ცნობილი მუსიკალური ჯგუფებიც არ დაივიწყეს და ლეგენდარული ”Queen” ამ გამოცემის დიდების მუზეუმში შეიყვანეს.