მაია ფანჯიკიძე - გამოწვეული ელჩები არ ასრულებენ სამინისტროს დავალებებს

მაია ფანჯიკიძე - გამოწვეული ელჩები არ ასრულებენ სამინისტროს დავალებებს

გამოწვეული ელჩები, რომლებიც ჯერ კიდევ რჩებიან პოსტებზე, არ ასრულებენ საგარეო საქმეთა სამინისტროს დავალებებს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ განუცხადა. 

მისი თქმით, ელჩების გამოწვევის თხოვნით უწყებამ პრეზიდენტს ჯერ კიდევ ნოემბერში მიმართა. ფანჯიკიძის განმარტებით, ძალიან ბევრ ელჩს როტაციის ვადა უწევდა და ისინი ნელ-ნელა ჩამოდიან საქართველოში.

"პრეზიდენტის განკარგულების თანახმად, იმ ელჩებს, რომელთა გამოწვევაც ჩვენ მოვითხოვეთ, შესაბამისი ვადა დაუწესდა - ზოგს 1-ელ მარტამდე, ზოგს 15 მარტამდე, ზოგს 1-ელ აპრილამდე და ისენი ჯერ არიან თანამდებობებზე. მე მინდა აღვნიშნო, რომ როგორც ჩანს, ჩვენი არჩევანი, კონკრეტულ ქვეყნებში შეგვეცვალა ელჩები, იყო სწორი. იმის მიხედვით, რა ინფორმაციებიც მოდის, სამწუხაროდ ისინი ძალიან ხშირ შემთხვევაში არ ასრულებენ სამინისტროდან მიღებულ დავალებებს. მაგალითისთვის, ერთ-ერთი ასეთი დავალება იყო მთავრობის 100 დღის ანგარიშის წარდგენა ადგილსამყოფელ ქვეყნებში. მე არ ვარ კმაყოფილი იმ მუშაობით, რომელიც ელჩებმა, რომლებიც უკვე გამოწვეული არიან და იციან თავისი გამოწვევის თარიღი, ჩაატარეს თავიანთ ადგილსამყოფელ ქვეყნებში", - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.

მისი თქმით, ელჩები არ სარგებლობენ იმით, რომ დარჩენილ დროში მაინც შეასრულონ ქვეყნისთვის სასარგებლო საქმე.

"მე ძალიან დიდი გულისტკივილით მინდა აღვნიშნო, რომ როგორც ჩანს, ისინი ისევ რაღაც სხვა გავლენის ქვეშ არიან, ან ეს არის მიზანმიმართული სტრატეგია საქართველოს ახალი მთავრობის წინააღმდეგ", - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.

მისი თქმით, საბოლოო ჯამში ელჩი 19 ქვეყანაში იცვლება, აქედან 5 როტაციის პრინციპის საფუძველზე, რამდენიმემ კი, პოსტი პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა.