ნუკრი ქანთარია - პროკურატურა ურმით დადის

ნუკრი ქანთარია - პროკურატურა ურმით დადის

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლის, ნუკრი ქანთარიას შეფასებით, პროკურატურა ურმით დადის. 

როგორც ქანთარიამ პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, საჭიროა სამართლიანობის აღდგენის პროცესი დაჩქარდეს.

"მივმართავ უმცირესობის უმცირესობას, ის ვინც წინა ხაზზე გამოუშვა პარტიამ და საკმაოდ სამარცხვინო მდგომარეობაში ჩააყენა. არ ჩანს, რომ თქვენ გინდათ შეთანხმება, სინამდვილეში თქვენ გინდათ მსხვერპლად წარმოჩენა, გინდათ რომ იაროთ გალახულებმა და უცხოეთის თვალში, როგორც მსხვერპლმა გაასაღოთ თავი, მაგრამ ჩვენმა საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რაშია საქმე. არ მინდა ვილაპარაკო 8 თებერვალზე და იმაზე, რომ პოლიცია და შსს მოიქცა ღირსეულად და გადაგარჩინათ საზოგადოების დიდი აგრესიისგან, არც ის მინდა ვთქვა, რომ ბატონი სერგო რატიანი ძალიან გაიტაცა კრივმა, არც ქალბატონი ჩიორა თაქთაქიშვილის ნახევარ საათიანი ლოგინად ჩავარდნის ფაქტთან დაკავშირებით მინდა აღვნიშნო, რომელმაც ფილმი "მანანა" გამახსენა, თუმცა ძალიან უნიჭოდ დადგით ეს სურათი. ეს ვერ გაიყიდება საქართველოში. ძალიან მძლავრობს აგრესია თქვენს მიმართ, ამის მიზეზი ალბათ ისაა, რომ სამართლიანობის აღდგენის პროცესი მიმდინარეობს ძალიან ნელა. პროკურატურა დღეს ურმით დადის და მიუხედავად იმისა, რომ ვფიქრობ, ის ყველა დამნაშავეს მაინც აუცილებლად მიადგება, სამართლიანობის აღდგენის პროცესი უნდა დაჩქარდეს. ალბათ აუცილებელია ჩვენ მოვახდინოთ პოლიტიკური შეფასებაც", - განაცხადა ქანთარიამ.

მისივე განმარტებით, მხოლოდ სამართლიანობის აღდგენის შემდეგ შეიძლება კოჰაბიტაციაზე საუბარი, რადგან ის დანაშაულთან თანაარსებობას არ ნიშნავს.

"თქვენ ისე გიჭირავთ თავი, თითქოს გქონდათ მხოლოდ გარკვეული გადაცდომები და არ ყოფილა დანაშაულებრივი მოვლენები. ეს ძალიან აღიზიანებს ხალხს, ამიტომ ვამბობ, რომ სწრაფად უნდა დაიწყოს ან მიტევების ან მონანიების პროცესი, - აღნიშნა ურმავლესობის წევრმა.