დღეს ბაჩო ახალაიას, გიორგი კალანდაძისა და ზურაბ შამათავას საქმეზე წინასასამართლო სხდომა გაიმართება

დღეს ბაჩო ახალაიას, გიორგი კალანდაძისა და ზურაბ შამათავას საქმეზე წინასასამართლო სხდომა გაიმართება

თბილისის საქალაქო სასამართლოში თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას, გაერთიანებული შტაბის ყოფილი ხელმძღვანელის გიორგი კალანდაძისა და მეოთხე ბრიგადის ყოფილი მეთაურის ზურაბ შამათავას საქმეზე წინასასამართლო სხდომა გაიმართება.

პროცესი 12:00 საათზეა ჩანიშნული.

როგორც "პირWელს" ახალაიას ადვოკატმა დავით დეკანოიძემ განუცხადა, სხდომას ბრალდებულებიც დაესწრებიან.

ადვოკატის განმარტებით, ახალაიას წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები, კერძოდ კი სამივე ეპიზოდი ერთ საქმედ გაერთიანდა.

ადვოკატი დღეს რაიმე შუამდგომლობის დაყენებას არ გეგმავს. დღევანდელ სხდომაზე საქმის არსებითი განხილვის თარიღი ჩაინიშნება.

შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, შს ყოფილ მინისტრ ბაჩო ახალაიას აღმკვეთი ღონისძიების სახით ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა, გაერთიანებული შტაბის უფროსი გიორგი კალანდაძე და მე-4 ქვეითი ბრიგადის მეთაური ზურაბ შამათავა კი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

ცნობისთვის, გამოძიების ინფორმაციით, საქმე ეხება 2011 წლის ოქტომბერში მომხდარ ამბავს, როდესაც თავდაცვის მინისტრმა ბაჩანა ახალაიამ, შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილემ გიორგი კალანდაძემ და მეოთხე ქვეითი ბრიგადის მეთაურმა ზურაბ შამათავამ ჯერ თავდაცვის მინისტრის კაბინეტში, შემდეგ კი ვაზიანში დისლოცირებულ მეოთხე ქვეითი ბრიგადის ტერიტორიაზე შეიარაღებული ძალების ხუთ სამხედრო მოსამსახურეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს,

ასევე გამოძიების ინფორმაციით, 2011 წლის 13 სექტემბერს, გამთენიისას ბაჩანა ახალაიამ, სხვა პირების დახმარებით თბილისში მდებარე ერთ-ერთ რესტორანში სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ფიზიკურ პირს ზურაბ აბესაძეს და მუქარით მოსთხოვა მის საკუთრებაში მყოფი ავტომანქანა ”ბმვ X-6” ეჩუქებინა სასჯელაღსრულების დეპარტამენტისთვის ეჩუქებინა, რასაც ეს უკანასკნელი დათანხმდა. მანქანის გადაცემის შემდეგ, ბაჩანა ახალაიას დავალებით, აღნიშნული პირი თბილისში, მუხიანის დასახლებაში წაიყვანეს, სადაც მას გარკვეული პერიოდის განმავლობაში აღუკვეთეს თავისუფლება უკანონოდ.

შს ყოფილ მინისტრს ბაჩო ახალაიას ბრალი 143-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა) და 333-ე მუხლის მე-3 პუნქტით (სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტება) წაუყენეს, გიორგი კალანდაძესა და ზურაბ შამათავას კი – 333-ე მუხლის მე-3 ნაწილით (სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტება). მას ბრალი ასევე სსკ 144-ე (წამება) პრიმა 1 მუხლის მეორე ნაწილის "ბ" "დ" ქვეპუნქტებითა აქვს წაყენებული.

ამასთან, აბესაძის ეპიზოდთან დაკავშირებით 143-ე მუხლის მეორე ნაწილით დაუმძიმდა, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. ბრალი გიორგი კალანდაძესაც დაუმძიმდა.